კორონავირუსის აფეთება ჩინეთში პიკს თებერვალში მიაღწევს და სავარაუდოდ აპრილში დასრულდება, - ამის შესახებ Reuters-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩინეთის მთავრობის უფროსმა მრჩეველმა სამედიცინო საკითხებში ჟონ ნანშანმა განაცხდა.
83 წლის ეპიდემოლოგის თქმით, რომელმაც სახელი 2003 წელს, ვირუს SARS-თან ბრძოლით გაითქვა, ახალი შემთხვევების რაოდენობა ჩინეთის რამდენიმე პროვინციაში უკვე მცირდება.
„ასე რომ ჩვენთვის ეს კარგი ამბავია“, - განაცხადა სპეციალისტმა.
მისივე თქმით, დაავადების პიკი თებერვლის შუა რიცხვებში დაფიქსირდება, რასაც უცვლელი პერიოდი და შემდეგ კლება მოჰყვება.
ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში ამ დრომდე ვირუსით დაინფიცირების 42 638 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
ბოლო მონაცემებით, ვირუსს ჩინეთში უკვე 1016 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სხვადასხვა ნაწილიდან უჰანში 20 ათასამდე ექიმია გაგზავნილი და მათ დღეს და ხვალ მედიკოსთა კიდევ რამდენიმე ჯგუფი შეუერთდება.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
imedinews.ge