ირანში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ციხეებიდან 85 ათასი პატიმარი დროებით გაათავისუფლეს. ინფორმაციას Reuters-ი ირანის პენიტენციური სისტემის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად მიიღო. ხელისუფლება დროებით იმ პატიმრებს ათავისუფლებს, რომელთაც მძიმე დანაშაული არ აქვთ ჩადენილი. ისინი საპატიმროს დატოვებამდე ექიმებმა კორონავირუსზე შეამოწმეს.
ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსი 15 000 ადამიანს დაუდასტურდა, 853 კი დაიღუპა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
IMEDINEWS.GE