რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

access_time2020-09-18 10:00:56

2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი გააკეთა. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, რომელის ბიოგრაფიაშიც წერია, რომ მდიდარი გამოცდილება აქვს ჯანდაცვის და ეკონომიკის მიმართულებით, ვითარების გაუმჯობესებისთვის  „კლინიკების განვითარების კომპანიას“ ქმნის, მაგრამ ესეც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი აღმოჩნდა და კლინიკის განვითარებისთვის არაფერი გაკეთებულა. მეტიც, მიმდინარე წელს ჯანდაცვის მინისტრმა ფონდს კლინიკების მართვის ეფექტურობა დაუწუნა და საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანია დახურა. ეკატერინე ტიკარაძემ თქვა ისიც, რომ  საგანელიძის ფონდმა ინვესტორის მოძიებაც ვერ შეძლო, რის გამოც სახელმწიფომ თითქმის იგივე ფუნქციების სტრუქტურა „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი შექმნა“. თუმცა კლინიკებში მდგომარეობა არც მას შემდეგ შეცვლილა, რაც საავადმყოფოები სამართავად საქართველოს მთავრობას დაუბრუნდა.

 

„საპარტნიორო ფონდის“ მიერ აღებულ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე საუბრობდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი გენერალური დირექტორი ავთანდილ იმედაძეც. ექიმი ყვებოდა, რომ თავის დროზე ფონდმა აიღო ვალდებულება, კლინიკაში უცხოური ინვესტიცია განეხორციელებინა და ამით უზრუნველყო როგორც ახალი კლინიკის მშენებლობა, ისე არსებულის რეაბილიტაცია, რა დროსაც რესპუბლიკური საავადმყოფო სამედიცინო ცენტრი გახდებოდა, თუმცა პროექტი  ვერ განხორციელდა. იმედაძე აღნიშნავდა, რომ ფონდის ერთადერთი ინტერესი კლინიკის მოშლა იყო. ამ განცხადებებიდან რამდენიმე დღეში რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი თანამდებობიდან გადააყენეს. იმედაძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა მას შემდეგ მიიღო, რაც ის საგანელიძეს ღიად დაუპირისპირდა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდომარეობაზე საუბარი პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ დაიწყო, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუგინდა. მთავარი არხის ეთერში პარლამენტის ფრაქცია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო რადიკალურ გაუმჯობესებას საჭიროებს. როგორც ფოფხაძე ამბობს, რესპუბლიკურ საავამყოფოში მოხვედრის შემდეგ, მას 24 საათი „მშრალ შიმშილობაზე“ ყოფნა მოუწია, რადგან მისთვის საკვები არავის შეუთავაზებია.

 

 „როდესაც 112-ში დავრეკე და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადამიყვანეს, ცხელების განყოფილებაში ჩამიყვანეს, სადაც 24 საათის განმავლობაში ვიმყოფებოდი. მსგავს სივრცეში ადამიანი წინასწარი პატიმრობის პირობებშიც არ უნდა ამყოფო, რადგან ეს რეალურად არის სარდაფი. არ არის ფანჯრები, დარღვეულია ყველანაირი უსაფრთხოების სტანდარტი, მათთვის ვინც არ არის ინფიცირებული, რადგან არის საერთო სველი წერტილი და ამით სარგებლობს ყველა. 24 საათის განმავლობაში მშრალი შიმშილობა მომიწია და არავის გახსენებია, რომ ადამიანს ამ დროის განმავლობაში შეიძლება საკვები დასჭირდეს. ვთხოვ სახალხო დამცველს, ჩემს კოლეგებს დაინტერესდნენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული მდგომარეობით. მეორე დღეს, როდესაც კოვიდის განყოფილებაში ვიყავი იქაც ძალიან ბევრი ნეგატიური მომენტი იყო. ხაზს გავუსვამ მხოლოდ იმას, რომ თუ პაციენტს არ აქვს 39 გრადუსზე ზევით სიცხე, არანაირ მკურნალობას არ ექვემდებარება, წამალს არ მოუტანენ და გადასხმას არ გაუკეთებენ. ჩემი აზრით ეს მიდგომა არის არასწორი იმიტომ, რომ ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს პლაცებოს ეფექტი მაინც სჭირდება, რადგან უმრავლესობა  შეშინებულია“, - განმარტავს გედევან ფოფხაძე.

 

მმართველი გუნდის ყოფილი წევრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსთან საბრძოლველად მზაობას გამოთქვამს და გარკვეული რაოდენობის საწოლფონდზეც საუბრობს, სისტემა არ არის მზად, რომ სრულფასოვნად იზრუნოს პაციენტებზე.

 

„მე კოვიდის არ მეშინია, მეშინია იმის, რომ სისტემა ვერ უზურნველყოფს პაციენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას. რესუბლიკური საავადმყოფო არ არის მზად იმისათვის, რომ კოვიდით ინფიცირებული ადამიანები მიიღოს. თუ ჯანდაცვის სამინისტრო 3 000 ასეთ საწოლს გვპირდება, პერსპექტივაში ის უბრალოდ გვეუბნება, რომ პაციენტის უფლებები არ აინტერესებს. ის მილიარდები რაც წაიღო სერგეენკომ თავის დროზე სამინისტროში და არ მოხმარდა სისტემას, ეს სერგეენკოს პერსონალური პასუხისმგებლობაა და მას ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა იმ პაციენტთან, რომელსაც დღეს კორონავირუსი აქვს “, - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

 

კიდევ ერთი პოლიტიკოსი, ვინც რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს, თაკო ჩარკვიანია. კლინიკაში ჩარკვიანის კორონავირუსით ინფიცირებული დედაა მოთავსებული. სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ დედამისს, რომელიც უსინათლოა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში არასათანადოდ უვლიან.  პოლიტიკოსის თქმით, რესპუბლიკური  საავადმყოფოს ხელმძღვანელის საქმიანობით პირველივე შესაძლებლობაზე დაინტერსდება.

 

„მე და ჩემი მეუღლე ვწევართ ინფექციურში. ნუ, იცით, რომ აქ რემონტი  არ არის, მაგრამ  არიან უმაგრესი ექიმები, ექთნები, სისუფთავე, გაკრიალებული ყველაფერი, პროფესიონალები პასუხისმგებლობით სავსენი არიან, სასწაული ხალხია. სასწრაფომ ჩვენ უფრო ადრე წამოგვიყვანა, ხოლო დედა, თაია ცეკვავა და რიტა რევაზიშვილი სასწრაფომ რესპუბლიკურში გადაიყვანა.

 

აი, ახლა კარგად მომისმინეთ, რესპუბლიკურის მესვეურნო! გადმომიგზანეს გოგოებმა ფოტოები, ჩემი მოვლილი მოხუცის, რომელიც მანამდე პინეოში იწვა და ასევე მოვლილი და გაკრიალებული ყავდათ, რისთვისაც მადლობა სანდრო ცისკარიძეს და მის უმაღლეს პროფესიონალიზმს. ახლა რა ხდება სამ დღეში რესპუბლიკურში!

 

კვება ( დილის კვება შედის 13 საათზე) ფოტოებს არ ვდებ დედის გამო, მომვლელი-შვილივით მშვიდი რიტა, რომელსაც კოვიდი დაუდასტურდა და მხოლოდ ახლა შევაყვანინე დედა მასთან და უფრო მშვიდად ვარ, გაგიჟებულია 3 დღეში დედა შეიყვანეს ნაწოლებით, ვიდეოზე ჩამიწერეს როგორ უყვირიან ექთნები დედას( რომელიც უსინათლოა სრულიად და ბუნებრივია ფსიქოლოგიურად ითხოვდა ახსნას, სად იმყოფებოდა, რატომ არ ვიყავი მე მასთან ან რატომ არ იყო იქ მომვლელი)აი რატომ ვღელავდი ასე დედაზე, თითქოს გული მიგრძნობდა, მომასმენინეს გოგოებმა , როგორ უწოდებენ მას „გიჟს“, ჩემს ტვინით გატენილ დედას, რომელსაც დემენცია არ აქვს და აქვს სრულიად საღი აზროვნება, უბრალოდ უსინათლო მოხვდა მარტო კლინიკაში და ბუნებრივია კითხვები ქონდა და ფორიაქი, ყველანაირი მისი წამალი შევაგზავნე, რასაც სვამს, ეს რესპუბლიკური ეკუთვინს საპარტნიორო ფონდს, ხელმძღვანელობას, რომელსაც ასე ყავს მიშვებული პერსონალი არ უნდა იმყოფებოდეს ამ პოსტზე, არიან გამონაკლისი კარგი ექიმები. ახლა მივმართავ რესპუბლიკურის ხელმძღვანელობას, ჩათვალეთ , რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე „ბოლომდე ჩაგყვებით“, რომ არ გაბედოთ ადამიანებს და თან პლუს მოხუცებს ოდესმე ასე მოექცეთ. ყველა არამზადა არ შეიძლება ექიმი იყოს , (დავით საგანელიძევ , 28 ათასი ხელფასით როგორ ხართ????) ტელევიზიებით მოგადგებით ადგომიდან პირველივე დღეს! რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობას მიხედეთ ხელისუფლებავ! მე მივხედავ მაგის გარანტიას გაძლევთ!“, აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

 


„რესპუბლიკურ საავადმყოფოში საუკეთესო კადრები მუშაობენ და მნიშვნელოვანია, აქცენტი სამედიცინო მომსახურების ხარისხზე გაკეთდეს და არა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურებაზე, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ  კითხვას, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში არასათანადო პირობებზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.

 

„კომერსანტი“ დაინტერსდა, როდესაც ათობით მოქალაქე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოუვლელობით, არაკვალიფიციურობით და ანტისანიტარით იტანჯება, როგორ ცდილობენ ხალხის რჩეულნი მათ დახმარებას. პირველი რესპოდენტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეა.

 

ბ.ნ-ო დიმიტრი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში შექმნილ სავალალო მდგომარეობაზე გვინდა თქვენთან საუბარი: რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი შეგვპირდა, რომ გაარკვევს და გააკეთებს განმარტებს.

პირადად თქვენ, როგორც ექიმი, მმართველი გუნდის ლიდერი და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გრძნობთ თუ არა პირად პასუხისმგებლობას კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მიმართ, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ?  გაგეცით უკვე  საკმარისი პასუხი.


ამ პასუხის შემდეგ დეპუტატმა ტელეფონი გამორთო. ხუნდაძისგან განსხვავებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმისგან განმარტებას არ ელოდება და საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობს მისი პირველი მოადგილე ლადო კახაძე. ყოფილი ექიმი აცხადებს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო დაწესებულება, რომელიც დღე და ღამე ღებულობდა სხვადასხვა მიმართვიანობის პაციენტებს, მაგრამ იქ არ იყო ინფექციური პაციენტების მართვა, სწორედ ამიტომ კახაძის თქმით, საავადმყოფოს მკაცრად ბოქსირებული სისტემა არ ჰქონდა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ინდივიდუალური ჰიგიენის ნორმებზე გადაწყობა ცოტა ძნელია, რის გამოც სახელმწიფომ სასტუმროების მობილიზაცია დაიწყო, სადაც ინდივიდუალური სველი წერტილებია და პაციენტის სრული იზოლაცია შეიძლება. 

 

„აქამდე მსგავსი ინფორმაცია არ მქონია, მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია გააჟღერადა ძალიან შევწუხდი. 9 თვეა სამედიცინო პერსონალი ამ კოშმარშია, ასე მგონია ყველა დარაზმულები ვართ, ერთ სხეულია, ერთ ტკივილია, ერთ  გამარჯვების წადილია და უცებ ასეთი რაღაცეები მესმის. უკმაყოფილო პაციენტები თუ იყვნენ აქამდე რატომ არ ჩანდნენ ეს ადამიანები, მე  მარტო ქება მესმოდა მერე აღმოჩნდა, რომ პოლიტიკოსმა გაამჟღავნეს ფაქტები, რაც ჩემთვის საყურადღებოა. მე თვითონ არ მეგულება ექიმი, თავის მსახურებაში ხარვეზი მოსწონდეს. ჩემდა სამწუხაროდ საარჩევნო პერიოდმა ადამიანებში ბევრი რამ შეცვალა. ბოდიშს ვუხდი ყველას და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ , მაგრამ თურმე პოლიტიკური ავადობისგან განკურნება არ ხდება. 24 საათის მანძილზე წყალსაც ძაღლს დაალევინებდნენ და ადამიანს როგორ არ მიაქცევდნენ ყურადღებას. ეს პოლიტიკური ჰიპერბოლა მგონია, თუმცა  შეიძლება ვცდებოდე, ბოდიშს ვუხდი კოლეგას, თუმცა თვითონაც პასუხისმგებელია ყველაფერზე, რადგან „ქართული ოცნების“ გუნდის წვერი იყო და გულშემატკივრობდა მმართველ გუნდს. მე სულ ახალი მისული ვარ გუნდში, მაგრამ ამ პასუხისმგებლობას  ვგრძნობ და ტკივლს განვიცდი. პირადად ვღებულობ შენიშვნას, გუშინდელი დღიდან შეწუხებული ვარ“, - აცხადებს ლადო კახაძე.

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ვკითხეთ თუ რამდენად ეფექტურად მართავდა საპარტნიორო ფონდი კლინიკებს. დეპუტატი აცხადებს, რომ ფონდმა სპეციფიკიდან გამომდინარე თავის სამუშაოები წარმატებით შეასრულა.

 

„საპარტნიორო ფონდის იდეიდან გამომდინარე ის ყველა სამუშაოები რომელიც ამ მიმართულებით იყო საჭირო იმართებოდა.  ვგულისხმობ ინვესტორის მოზიდვას. მაგრამ აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო დაინტერესდა ამითი და მართალია ტიკარაძის მიდგომა, რომ სახელმწიფო ჰოლდინგი უნდა გაძლიერდეს. სახელმწიფომ უნდა დააბალანსოს კერძო სექტორი და გაჭირვების დროს დიდი წილი თავის თავზე, ოპერატიულად აიღოს. ეს ყველაფერი ახლა ტრანსფორმირდება და რასაკვირველია შინაარსის ჩაშლის შემთხვევაში, საბიუჯეტო და საკანონმდებლო პოლიტიკა  შეიცვლება. სამინისტროს ხედვა ვიცი, გავეცანი პრიორიტეტებს და სრულიად ვიზიარებ მას, ეს  არის სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერება. გამოცდილება ძალიან კარგია, ევროპული ქვეყნები გერმანია, ინგლისი, ამერიკა ამ მიმართულებით მუშაობენ. ჯანდაცვის მარტო კერძო სექტორზე გადაბარება სასურველი არ იყო. მედიცინა არის დახმარება და არა მომსახურება, დახმარება არის უანგარო და სახელმწიფო ამას აკეთებდა, როგორი იყო  ხარისხი ამაზე შეიძლება ვიდაოთ, მაგრამ მეორე ნაწილი, ჩვენი ხელისუფლების შესანიშნავი განაცხადი, რასაც კორონამ შეუშალა ხელი, რადგან საკმაოდ დიდი კაპიტალდაბანდება იყო საჭირო“- განაცხადა ლადო კახაძემ.

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის სპეციალისტი თენგიზ ვერულავა აცხადებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა არანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მისი განმარტებით საავადმყოფო წლების განმავლობაში არ განვითარებულა. ვერულავა აცხადებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს არც გეგმა და არც სტრატეგიული ხედვა, სადაც  გაწერილი იქნება თუ როგორ უნდა არსებობდეს სახელმწიფო საავადმყოფოები ქვეყანაში.

 

„რესპუბლიკური საავადმყოფო არის ძველი, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აგებული საავადმყოფო და მისი განვითარება არავის დაუწყია. ინფრასტრუქტურა ბოლო პერიოდში რაც გაკეთდა მხოლოდ ფასადური იყო, რაც შეეხება მატერიალურ ტექნიკურ აღჭურვილობას ეს არც განვითარებულა. რადგანაც  სახელმწიფო საავადმყოფოა და ამას სჭირდება დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან.  ახლა არჩევნების დროსაც არ მინახავს ჩამოყალიბებული სტრატეგიული გეგმა სახელმწიფო საავადმყოფოების განვითარებისთვის.  მიზეზი არის ის, რომ პარტიები რომლებიც ქვეყანაშია, უმეტესობა კერძო სტრუქტურიდანაა. არც განათლება აქვთ, არც მოტივაცია, რომ სახელმწიფო და მუნიციპალურ  განვითარებაზე ისაუბრონ. ეს არის  აუცილებელი, რადგან ჩვენთან კონკურენცია ძირითადად არის კერძო მომგებიან საავადმყოფოებს  შორის.  კერძო მომგებიან  საავადმყოფოებს კი არ აქვთ კონკურენცია სახელმწიფო ან მუნიციპალურ  საავადმყოფოებთან, ან არაკომერციულ არა მომგებიან საავადმყოფოსთან“, - აცხადებს თენგიზ ვერულავა.

 

მედიაჰოლდინგთან  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მსოფლიო გამოცდილებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში იმ ინოვაციური მიდგომებსა და გამოცდილებაზე რომელიც მსოფლიოშია არც კი ფიქრობენ.

 

„ყველგან, ევროპის ქვეყნები იქნება თუ ისეთი საბაზრო ქვეყანა, როგორიც არის აშშ,  არის მუნიციპალური, ფედერალური და კერძო  მომგებიანი საავადმყოფოები. ესენი განაწილებული არიან და ყველას თავისი ადგილი აქვს. ჩვენთან  სახელმწიფოს  არა  აქვს ეს  ჩამოყალიბებული ხედვა თუ როგორ  უნდა მოხდეს მათი დაფინანსება და მართვა. ბრიტანეთში უმეტესად სახელმწიფო საავადმყოფოებია, სექტორში ჩართეს კერძო სტრუქტურები და გააკეთეს სახელმწიფო-კერძო პარტნიორული მოდელები, სადაც სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია იყო რეგულირება და კერძო სექტორის ფუნქცია გახლავთ მართვა, რადგან კარგი გამოცდილება აქვთ მენეჯმენტში და შეიქმნა კერძო პარტნიორული საავადმყოფოები - ჰიბრიდული მოდელები. ანუ ის მრავალფეროვნება რასაც მსოფლიო გამოცდილება  გვაჩვენებს და  მიღებულია მსოფლიოში ჩვენთან არ  არის და არც  სახელმწიფო არ ფიქრობს, რომ ეს განავითაროს. ეს ეხება  როგორც  ინფრასტრუქტურას ასევე ადამიანურ რესურსებს“, - განმარტავს თენგიზ ვერულავა.

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის თქმით, რესპუბლიკურ  საავადმყოფოში, სადაც ინფრასტრუქტურა არაა გამართული და ყველაფერი მოძველებულია, თუ  სტრატეგიული გეგმა გაწერილი არ იქნება პრობლემა ვერ მოგვარდება. თენგიზ ვერულავა „კომერსანტთან“ იმ ქმედით ნაბიჯებზე საუბრობს, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას.

 

„ვფიქრობდი ორი მიმართულების განვითარებას,  რათა იყოს სახელმწიფო ან  საზოგადოებრივი საავადმყოფო. ეს არაკომერციული, არა მომგებიან საავადმყოფოები აბსოლუტურად განსხვავდება სახელმწიფო საავადმყოფოსგან. არაკომერციულ საავადმყოფოს მართავს თვითონ საზოგადოება, იქმნება სამეთვალყურეო  საბჭო და საზოგადოება უფრო  უკეთესად შეძლებს მართვას ვიდრე დღეს ამას სახელმწიფო   აკეთებს.

 

შეიძლება მეორე  ვარიანტის განხილვა, როდესაც სახელმწიფო საავადმყოფოს კერძო პარტნიორული მოდელით მართავს. რამდენი  წელია ამ საკითხზე საუბრობენ მაგრამ წინ ვერ წავიდნენ , იმიტომ ვერ წავიდნენ, რომ კერძოს არ სურს  სახელმწიფოსთან ერთად  საქმის გაკეთება. ეს მოდელი ბრიტანეთში როდესაც ამუშავდა სახელმწიფომ უამრავი  შეღავათი გაუკეთა ბიზნესს, რათა ერთად ემუშავათ. ამის გამკეთებელი არც პარლამენტია, რომელიც მიიღებს  სათანადო კანონს, რომ სახელმწიფო კერძო პარტნიორობის ჰიბრიდული ფორმა განვითარდეს.საპარტნიორო ფონდი აპირებდა სახელმწიფო- კერძო პარტნიორული მოდელის გაკეთებას, თუმცა ვერ გააკეთა იმიტომ, რომ კერძომ არ  მოინდომა თანამშრომლობა  სახელმწიფოსთან, რათა პასუხისმგებლობები გაყოფილიყო“, - ამბობს თენგიზ ვერულავა.

 

თენგიზ ვერულავა აცხადებს, რომ საქართველოში სახელმწიფო-კერძო პარტნიორული მოდელის რეგულირების სათანადო კანონმდებლობა არ არსებობს. მისი თქმით, როდესაც ბიზნესი სახელმწიფოსთან ცდილობს თანამშრომლობას გარკვეული შეღავათები უნდა დაწესდეს, თუმცა ვერულავა აცხადებს, რომ ქართველი კანონმდებლებისთვის სახელმწიფო-კერძო პარტნიორული მოდელი მიუღებელია, რადგან მაღაჩინოსნები თვითონ ფლობენ  საავადმყოფოებს.

 

„სახელმწიფოს მიდგომა უდნა იყოს დიფერენცირებული საავადმყოფოების ფორმებთან  მიმართებით, ჩვენთან ყველა ერთ ქვაბშია. საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს, რომ უფრო მეტი შეღავათები იყოს ასეთ ჰიბრიდულ ფორმებზე, რათა კერძო მფლობელმა სახელმწიფოსთან ითანამშრომლოს. უბრალოდ  იტყვიან ავაშენოთ  კერძო პარტნიორული მოდელი, რამდენი წელია ლაპარაკობენ თუმცა, ვერაფერს მიაღწიეს იმიტომ რომ საქართველოში საკანონმდებლო ბაზა არ გვაქვს. საკანონმდებლო ორგანოში ისეთ პარლამენტარები  სხედან, რომელთაც  ეს არ აწყობთ, რადგან  თვითონ ფლობენ  საავადმყოფოებს და არ უნდა გაჩნდეს ახალი ფორმა. პარლამენტში ხალხი იმიტომ მიდის, რომ თავისი ბიზნეს გადააფაროს ხელი და  არა იმიტომ, რომ იფიქროს  როგორი გამოცდილება და მიდგომაა მსოფლიოში. როცა იტყვიან რომ ეს  უნდა აშენდეს პარლამენტში მხარს  არ დაუჭერენ, რადგან იმათ  აქვთ თავიანთი ბიზნესი რომელიც კონკურენციაში მოდის არსებულ ფორმატთან“, - განაცხადა თენგიზ ვერულავამ.

 

კომერსანტი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up