მტკიცებულებათა უმეტესობა ადასტურებს, რომ ვირუსმა, რომელმაც COVID-19-ის პანდემია გამოიწვია, ჩინეთის კვლევითი დაწესებულებიდან გაჟონა. ამის შესახებ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენების ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები კორონავირუსების მოდიფიცირებაზე მუშაობდნენ, რათა ადამიანების ინფიცირება მომხდარიყო.
„რესპუბლიკელი“ კონგრესმენები კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის შესახებ ორპარტიული გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.
ჩინეთი კატეგორიულად უარყოფს, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებულმა კორონავირუსმა უხანის ლაბორატორიიდან გაჟონა.
„ახლა ვფიქრობთ, რომ დროა, სრულად გამოვრიცხოთ ცხოველების ბაზარი, როგორც წყარო. ასევე მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებათა უმეტესობა ადასტურებს, რომ ვირუსმა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გაჟონა და რომ ეს 2019 წლის 12 სექტემბრამდე მოხდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
26 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურებს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების გაძლიერება დაავალა.
25 მაისს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთი ბოლომდე არ იყო გამჭვირვალე COVID-19-ის წარმოშობის გამოძიებისას და საჭიროა სრული გამოძიება იმის დასადგენად, ვირუსი ბუნებრივად გავრცელდა თუ ლაბორატორიული შემთხვევის შედეგად.
30 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.
imedinews.ge