ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანიისთვის ,,რერა“, წარმოების ზრდის მიუხედავად, 2021 წელი საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე იყო. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა ნიკა ლომიძემ განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის პერიოდში პრობლემაა როგორც ლოგისტიკის, ასევე დასაქმებასთან დაკავშირებით, თუმცა მოთხოვნა დიდი იყო, რის გამოც წარმოება, 2020 წელთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა, პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, სხვაობა 40%-ის ფარგლებშია.
,,2021 რთული წელი იყო არსებული პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, თუმცა კომპანიამ საკმაოდ კარგი ზრდა აჩვენა. 2020 წელთან შედარებით, 30%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 40%-იანი ზრდაა. ამ პროცესის პარალელურად იზრდებოდა ფასიც, ეტაპობრივად ბოლო 1 წლის განმავლობაში ,,რერას“ პროდუქტები 10-15%-ით გაძვირდა.
იმპორტულ ნედლეულზე ვართ დამოკიდებული და სავალუტო ცვლილება ფასებზე აისახება. ტრენდი ისეთია, რომ პროდუქტები ძვირდება და სად გაჩერდება, არავინ იცის. ამას განაპირობებს საწვავსა და ნედლეულზე გაზრდილი ხარჯი, გაძვირებული ლოგისტიკა და სხვა, რის ფონზეც ფასების შენარჩუნება შეუძლებელია. მოთხოვნა გაცილებით მეტია, ვიდრე წარმოების ტემპი ანუ მიწოდების მხრივ პრობლემაა პანდემიური გამოწვევებიდან გამომდინარე. პრაქტიკულად აუქციონის პრინციპით ვმუშაობთ, მოთხოვნა-მიწოდებაში დისბალანსია“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ნიკა ლომიძე.
ცნობისთვის: „რერა“ არის ხორცპროდუქტების იმპორტიორი კომპანია G&A-ს ერთ-ერთი ბრენდი, რომელიც პრემიუმ ხარისხს მიეკუთვნება.
კომპანია საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან მუშაობს. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: სამაცივრე საწყობების გაქირავება და ლოგისტიკური მომსახურება; საოფისე ფართების გაქირავება; გაყინული ნახევარფაბრიკატების, ხორცპროდუქტებისა და თევზეულის წარმოება და დისტრიბუცია. კომპანიაში გაერთიანებულია სამი ბრენდი - „რერა“ (ნახევარფაბრიკატების პრემიუმ ხარისხის ბრენდი რომელიც მზადდება გაყინული ხორცპროდუქტებით), „შინდა“(ნახევარფაბრიკატები, რომელიც შედარებით დაბალფასიან სეგმენტზეა გათვლილი) და „ნობათი“ (გაყინული დაფასოებული ხორცპროდუქტები).
რაც შეეხება ბრენდს „რერა“, 2016 წლიდან ოპერირებს. ის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით ამოქმედდა.
ამ ეტაპზე „რერაში“ დაახლოებით 200 ადამიანია დასაქმებული.
მარი ჩიტაია