„ საბანკო რეგულაციების ერთ-ერთი მინუსი იყო ის, რომ ძირითადად საშუალო ფენა მოიცვა, ამიტომ თუ შერბილდება, ყველასთვის უნდა შერბილდეს“

„ საბანკო რეგულაციების ერთ-ერთი მინუსი იყო ის, რომ ძირითადად საშუალო ფენა მოიცვა, ამიტომ თუ შერბილდება, ყველასთვის უნდა შერბილდეს“

access_time2019-04-18 10:30:42

ახალი საბანკო რეგულაციები ყველაზე მეტად სწრაფ სესხებს და განვადებებს შეეხო. იპოთეკურ სესხებში კი - ახალაშენებულ ბინებს. 2 თვის მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო 4 წელში, სამშენებლო სექტორი პირველად შემცირდა და გაყიდვების შემცირებამ 35%-ს მიაღწია.


მიუხედავად იმისა, რომ ახალმა რეგულაციებმა სხვადასხვა სექტორის ეკონომიკური ზრდა შეაფერხა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ფიქრობს, რომ რეგულაციების ძირითადი მიმართულება არ უნდა შეიცვალოს. გიორგი ქობულიას თქმით, ქვეყანაში ამოქმედებული ახალი საბანკო რეგულაციები მოსახლეობის, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი ფენის დაცვას ემსახურება გაუაზრებელი კრედიტისგან. მინისტრი იმასაც ამბობს, რომ უწყება ამ დრომდე აქტიურ კონსულტაციებს გადის საჯარო და საბანკო სექტორებთან. შესაბამისად, არ გამორიცხავს, რომ საბანკო რეგულაციებში მცირე კორექტირებები შევიდეს, თუმცა, მისივე თქმით, შესაძლებელია ეს უფრო მაღალშემოსავლიან პირებზე გავრცელდეს.


„მაგალითად, იგივე PTI კოეფიციენტები. შესაძლებელია, უფრო მაღალი შემოსავლის პირებზე, კიდევ უფრო შევარბილოთ დღეს უკვე რბილი კოეფიციენტი, ან მაგალითად, უცხოელებზე თუ გვაქვს დაწესებული 40% აუცილებელი შენატანი, ეს დავწიოთ, – განაცხადა Forbes-ს კვირასთან ეკონომიკის მინისტრმა.


როგორ აფასებენ საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან მეოთხე თვეს სპეციალისტები, რა მოლოდინები არსებობს რეგულაციების შერბილების თვალსაზრისით და მოსახლეობის რა კატეგორიაზე (შემოსავლიდან გამომდინარე) გავრცელდება ისინი?


საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს მარტის თვის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, პირველი კვარტლის ანალიზის გარეშე რეგულაციების შერბილებაზე საუბარი ნაადრევია. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ სრულ სურათს, თუ რა შედეგები დადო რეგულაციების ამოქმედებამ და რა გავლენა მოახდინა, 9 თვის შემდეგ (3 კვარტალი) ვნახავთ.


როგორც ძნელაძე განმარტავს, დღეს რეგულაციები სრულფასოვნად არ მუშაობს, რადგან სისტემურმა მოთამაშეებმა შეიძლება უფრო მეტად გაამკაცრეს დაკრედიტება, გარკვეულ პროდუქტებს შეიძლება არც გასცემენ იმ მიზეზის გამო, რომ გარკვეული საკითხების დაზუსტებას ახდენენ. შესაბამისად, 3 თვე ან თუნდაც 6 თვე სრული ანალიზისთვის ძალიან ცოტაა.


კითხვაზე, შეიძლება თუ არა იმის ვარაუდი, რომ რეგულაციების შერბილება 9 თვის განმავლობაში, ანუ სექტემბერ-ოქტომბრამდე არ მოხდეს, ძნელაძე განმარტავს, რომ ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულზე საუბარი ნაადრევია.


რაც შეეხება კომერციულ ბანკების წინასწარ პროგნოზს და მოლოდინებს, იმასთან დაკავშირებით თუ რამდენი პროცენტით შეუმცირდებათ შემოსავალი, მოგება ან გაცემული სესხების რაოდენობა, ძნელაძე ამაზეც აცხადებს, რომ მოგებაზე და შემოსავალზე ეს პირდაპირპროპორციულად არ აისახება.



ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ დაიწყება გარკვეული ოპტიმიზაციები, მათ შორის სარგებლის ოპტიმიზაცია. მოგებაზე ეს მომავალ წელს იმოქმედებს. 2019 წელს საკრედიტო პორტფელი თუ არ გაიზარდა, ეს შედეგს 2020 წელს გამოიღებს. წელს შარშანდელი წლის ზრდის ტემპი იქნება და შეიძლება კიდევ უფრო მეტი მოგება დაფიქსირდეს,“-აღნიშნავს ძნელაძე.


კითხვაზე სამშენებლო სექტორზე და ტექნიკის ბაზარზე რეგულაციების გავლენა უკვე იგრძნობა, კიდევ რამდენიმე თვიანი ციფრებზე დაკვირვება ხომ არ დაგვაყენებს კატასტროფის წინაშე - ძნელაძე განმარტავს, რომ ეს მოლოდინი რეგულაციების ამოქმედებამდეც იყო.


„სამი თვის განმავლობაში რომ სამშენებლო კომპანიამ საერთოდ ვერ გაყიდოს ბინა, ეს არ არის პირდაპირპროპორციულად იმის წინაპირობა, რომ რეგულაციები სასწრაფოდ შერბილდეს. არ მინდა ისეთი კომენტარი გავაკეთო, რომლის კონტრარგუმენტმა გააბათილოს ეს პოსტულატი. რეგულაციებმა ნამდვილად შეამცირა გარკვეული უძრავი ქონების რეალიზაცია, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს კოლაფსს გამოიწვევს, არ შეიძლება, ამის საფუძველი არ არსებობს,“-აცხადებს ძნელაძე.


კითხვაზე - იზიარებს თუ არა ბანკების ასოციაცია ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებას იმ ნაწილში, რომ რეგულაციების შესაძლო შერბილება მხოლოდ მაღალშემოსავლიან კონტიგენტს შეეხოს, ძნელაძე ამაზე კონკრეტულ პასუხს არ გვცემს და განმარტავს, რეგულაციების გადახედვა არის მზაობის გამოხატვა მთავრობისგან და ეროვნული ბანკისგან. შესაბამისად, ეს უწყებები თუ დაინახავენ საფრთხეს, რეგულაციებს აუცილებლად გადახედავენ.


როგორც ძნელაძე განმარტავს, მსგავსი რეგულაციები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ინერგებოდა, წლიდან წლამდე მუდმივად განიცდიდა ცვლილებებს. იმ მიზეზებზე და მოლოდინებზე კორექტირება ხდებოდა, რა მიზანსაც ემსახურებოდა ეს რეგულაცია და რა მოლოდინებიც იქმნებოდა რეგულაციის შედეგად.


კომერსანტის“ კითხვაზე, რამდენად გამართლებულია რეგულაციების შესაძლო შერბილება მხოლოდ მაღალშემოსავლიან კატეგორიაზე მოხდეს, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ასეთი ფენა ქვეყანაში უმცირესობაშია, ძნელაძე განმარტავს, რომ ქვეყანაში მაღალშემოსავლიანი ფენა მხოლოდ 40 000-ია და ეს ძალიან მცირეა. მიუხედავად ამისა, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას ამ ეტაპზე არ აქვს იმის საშუალება განაცხადოს, რომ აღნიშნული რეგულაციის კონკრეტული კოსმეტიკური ცვლილება რადიკალურად შეცვლის ან არ შეცვლის მდგომარეობას.


„არ მინდა კონკრეტულად ვთქვა, რომ თუ მარტო მაღალშემოსავლიანებზე შერბილდება რეგულაცია, ეს მკვეთრად გამოასწორებს ან არ გამოასწორებს მდგომარეობას. ასეთი რეგულაციის ერთდროულად, ყველა მიმართულებით ერთ დღეს შერბილება გადაჭარბებული ზომაა. აქედან გამომდინარე, არ მინდა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ დეტალზე კონკრეტული პასუხი გითხრათ. ამან შეიძლება იმდენად დეტალურ განხილვებში გადაგვიყვანოს, რომ დიდი დრო დაგვჭირდეს“-აცხადებს ძნელაძე.


არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე განმარტავს, რომ საბანკო რეგულაციების ერთ-ერთი მინუსი იყო ის, რომ რეგულაციამ ძირითადად საშუალო ფენა მოიცვა. „ანუ ის კატეგორია, ვინც თვიდან თვემდე შრომობს. ზოგს რეგისტრირებული ხელფასი აქვს, ზოგს არ აქვს ბანკში, მაგრამ ისე აქვს, თვითდასაქმებულია. აი ამ ფენას შეეხო და მათთვის არის ყველაზე მტკივნეული იმიტომ, რომ მდიდარი ადამიანები სესხის გარეშე ახერხებდნენ ტელევიზორის ყიდვას და განვადება არ სჭირდებოდათ. შესაბამისად, ეს რეგულაციები თუ შერბილდება, ყველასთვის უნდა შერბილდეს“-აცხადებს კეპულაძე.


მისივე ინფორმაციით, მთლიანი ეფექტის შესაფასებლად ძალიან ცოტა დროა გასული. თუმცა,რეგულაციებმა უკვე წარმოშვა პრობლემები, რომელიც ხელისგულზე ჩანს და მისი დანახვა მარტივია.


„შესაბამისად, სჯობს ახლა მივიღოთ ზომები, რადგან დარწმუნებული ვარ, 6 თვის შემდეგ იქნება თუ  9 თვის შემდეგ რიცხვებში დადასტურდება ის, რასაც ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და კომერციული ბანკები აცხადებდნენ. მინისტრებიც კი ამბობენ, რომ რეგულაციები ზედმეტად მკაცრია,“-აცხადებს კეპულაძე.


2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. კერძოდ, ბანკებს დაუწესდათ შეზღუდვა სესხის გაცემის პოლიტიკასთან დაკავშირებით – მათ უწევთ უფრო მკაცრად შეაფასონ მომხმარებლის (სესხის მსურველის) გადახდისუნარიანობა და სესხების გაცემის პოლიტიკა.


რეგულაციების თანახმად: იპოთეკაზე დაწესდა მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანია, ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი, ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.


სოფო ქსოვრელი 






გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის

გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი  იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის
access_time2019-05-26 17:00:55
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის, - ამის შესახებ შს...

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე
access_time2019-05-26 20:00:03
  მთელს ევროპაში შეიმჩნევა ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის პოპულარობის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ანტიპატიით მიგრანტებისადმი, და თვითმყოფადობის დაკარგვის შიშით.   ამ იდეოლოგიის მომხრეებს სურთ ევროპის გადაქცევა  ჩაკეტილ და აუღებელ ციხე-სიმაგრედ, რომელიც შეაკავებს მიგრანტების შეუჩერებელ ნაკადს.   მათ არ  სურთ იმის გაცნობიერება, რომ მათი პირადი ბედი დამოკიდებულია ზუსტად იმ ადამიანებზე, ვინც იმყოფება ამ ვირტუალური კედლის მიღმა....

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე
access_time2019-05-26 16:00:44
რადიო კომერსანტზე, გადაცემაში „პროფესიონალები“, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ბაზრის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, გიორგი ლომინაძემ საქართველოში შრომის ბაზარზე დერეგულაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ადამიანები უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ შექმნან დოვლათი. საქართველოში კი ადამიანები მუშაობის პროცესში დოვლათს ანადგურენებ, ამიტომაც   ყველა ვღატაკდებით.სტატისტიკის თაყვანისმცემელი არ ვარ, ის არ ასახავს რეალობას, არა იმიტომ,რომ  მაგალითად, დასამებულის...

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“
access_time2019-05-26 10:00:32
„სადაზღვევო  ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა კონკურენცია. დაზღვევა ყოველთვის ასოცირდებოდა ფინანსურ სექტორთან, ის არ ერევა სამედიცისო სერვისებში და არც ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციაა. იგი რისკების მართვის ფინანსური ინსტიტუტია,რომელსაც შეუძლია ბევრი სიკეთე მოიტანოს ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამ ინსტიტუტს შეუძლია, შექმნას სამუშაო ადგილები, შესთავაზოს სხვადასხვა სიახლეები სერვისში, და თან, იყო დაზღვევის რისკების მართვის ეფექტური ინსტრუმენტი,” - განაცხადა პსპ დაზღვევის“...

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში
access_time2019-05-26 14:00:32
საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსის პროექტშია...


მსგავსი სიახლეები

up