ლარის კურსი გაუფასურებას განაგრძობს. კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. მაშინ როდესაც Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.
25 მარტის მონაცემებით, საქართველოს მეზობელ ვალუტებს შორის Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის დაწყებიდან 18:00 საათამდე, ყველაზე მეტად ქართული ლარი გაუფასურდა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.4762 ლარით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.4825-ის ნიშნულზე იყო. მიუხედავად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული 40 მლნ ლარის ინტერვენციისა, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4576 ლარი შეადგინა.
მცირედით გაუფასურდა თურქული ლირა, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/6.4191 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 6.4515-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამი კი გამყარებას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/495.4400 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 494.2500-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათის ფასი თითქმის არ შეცვლილა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.6935 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6936-ის ნიშნულზე იყო.