„გლობალური ეკონომიკური კრიზისია იმიტომ, რომ გლობალური გამოწვევაა კორონავირუსი. პირველი - ამ ვითარებამ ეკონომიკას დაარტყა. ჩვენს ირგვლივ სამეზობლოში და ბევრი სხვა ქვეყანაც რომ ავიღოთ, ეროვნული ვალუტები სწრაფად უფასურდება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ლარიც აყვა ამ საერთო დინამიკას“, - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რა ვითარებაა რეგიონში და რამდენად უფასურდება ეროვნული ვალუტები დოლართან მიმართებაში. როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ლარის კურსზე აისახა და ეკონომიკის მინისტრის დამაჯერებელი განცხადების მიუხედავად, Bloomberg-ზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.
აზერბაიჯანული მანათი
თურქული ლირა
სომხური დრამი
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა და მას შემდეგ 2,79-იან ნიშნულზე მყოფი ლარი დღეს უკვე ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3.2389-ს გაუტოლდა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.5100 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.3100 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.5220 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.2790 ლარად.
Bloomberg-ზე კი ამ დროის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 3.4781 ლარად ივაჭრება.