ევროპულმა ბანკებმა ქართული ბანკებისთვის საკორესპონდენტო ანგარიშების დახურვა დაიწყეს. არსებული ინფორმაციით, გერმანულ Deutsche Bank-ში „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ საკორესპონდენტო ანგარიშების დახურვა დაიწყო, ინფორმაცია „ტელეგრამ“ არხის საშუალებით სხვადასხვა უცხოურ მედიაზე დაყრდნობით ვრცელდება.
ეროვნულ ბანკში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ „დოიჩე ბანკის“ მიერ რეგიონიდან გასვლა სხვადასხვა მიზეზებთან ერთად, ასევე დაკავშირებულია ბანკის სტრატეგიასთან რომ მოახდინოს საერთაშორისო დონეზე რისკების შემცირება.
„როგორც ცნობილია, რეგიონალური რისკები გაზრდილია, რამაც საფინანსო ინსტიტუტებისთვის სანქციების მონიტორინგის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა. აქედან გამომდინარე, ზოგ კომპანიას, შესაძლოა, არ უღირდეს ამ ხარჯების გაწევა. დამატებით, საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2018 წლიდან მოყოლებული, დოიჩე ბანკს მისი რეგულატორის მიერ დაწესებული ჰქონდა საზედამხედველო მოთხოვნები რათა განეხორციელებინა ბანკთან ასოცირებული რისკების შემცირება. აქედან გამომდინარე, რეგიონიდან გასვლა ასევე დაკავშირებულია ბანკის სტრატეგიასთან რომ მოახდინოს საერთაშორისო დონეზე რისკების შემცირება. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა მაქსიმალურად იცავს ევროპის, აშშ და ბრიტანეთის მიერ შემოღებულ სანქციებს, რათა მსგავსი შემთხვევები ავირიდოთ“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.