ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, დღეს, 20 ნოემბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში ღონისძიება გაიმართება, სადაც მოსულ მოქალაქეებს ადგილზე შეეძლებათ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება.
ვაქცინირებული პირები უფასოდ მიიღებენ იუსტიციის სახლის სახელმწიფო სერვისებს და სხვადასხვა ფასდაკლების ვაუჩერს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი - ამირან გამყრელიძე, გურჯაანის მერი - ზურაბ უტიაშვილი.
ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება და მას ცნობილი მსახიობი რუსკა მაყაშვილი წარუძღვება.
დღის პირველი ნახევარი მთლიანად დაეთმობა საბავშვო აქტივობებს. ბავშვების განწყობაზე ანიმატორები და ზღაპრის გმირები იზრუნებენ. ტერიტორიაზე მოწყობილი იქნება მოსასვენებელი და კვების სივრცეები.
დღის ბოლოს კი ჯგუფი "ალილო" წარდგება. ღონისძიება ჩატარდება კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით.
უფრო ადრე, 13:00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე გურჯაანში კლინიკა „კახეთი-იონში“ მივა, სადაც ვაქცინაციის პროცესს გაეცნობა.
ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში, დღესვე ღონისძიება გაიმართება მარნეულშიც, სადაც მოსულ მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ჩართვა შეეძლებათ.
ადგილზე მობილიზებული იქნება იუსტიციის სახლის მობილური ჯგუფები. მათ მომსახურებას ვაქცინირებული პირები უფასოდ მიიღებენ, ასევე გადაეცემათ სხვადასხვა ფასდაკლების ვაუჩერი.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში - პაატა იმნაძე; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ხათუნა ზახაშვილი; ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - შოთა რეხვიაშვილი; მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი - ზაურ დარგალი.
ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება და დღის პირველ ნახევარში, არაოფიციალური ნაწილი ბავშვებს დაეთმობა. მათ განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები და მასკოტები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს - Ellis Band.
დღის ბოლოს კი ბენდი - Goofyland წარდგება. ღონისძიება კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.