„ლარის კურსის ასეთი მერყეობის ფონზე, ტარიფების კორექტირება და მისი გაზრდა ნამდვილად მოსალოდნელია. ჩემი აზრით, უფრო მეტად ალბათ ეს იქნება ასახული ელექტროენერგიის ტარიფზე იმიტომ, რომ გაზის ტარიფის დარეგულირების გარკვეული ბერკეტები არსებობს.“ - ასე აფასებს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგებს გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფთან მიმართებაში.
მორცხულავა აღნიშნავს, რომ მსგავს სიტუაციაში გარდაუვალია ლარის კურსის მერყეობა არ აისახოს ტარიფებზე გამომდინარე იქიდან, რომ ამ კუთხით იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, თუმცა ყოფილი მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ რეგულატორის მიერ ყველა საჭირო ღონისძიება გატარდება, რათა ტარიფის ზრდა დრამატული არ აღმოჩნდეს.
„რეალობაა, რომ გარკვეული კორექტირება ალბათ ელექტროენერგიიის ტარიფზე უფრო მოხდება, მაგრამ რამდენად გაიზრდება ამაზე საუბარი ძნელია. ჩვენ, როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ელექტროენერგიის იმპორტზე ვართ დამოკიდებული. რეალობა და ლოგიკა ისეთია, რომ უნდა გაიზარდოს ტარიფი, იქნება ეს ძალიან მტკივნეული თუ არ იქნება მტკივნეული, ამაზე რეგულატორმა სერიოზული სამუშაოები უნდა ჩაატაროს.
ჩვენ ამ პროცესს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ეკონომიური ხარჯვით. დაველოდოთ წლის ბოლოს, მე ვფიქრობ, რომ რეგულატორი მაქსიმალურ სიფრთხილეს გამოიჩენს და ეს კორექტირება დრამატული არ იქნება.“ - აცხადებს კომერსანტთან საუბარში დავით მირცხულავა.
როგორც ცნობილია, ამ წუთებში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების გადახედვას იწყებს. აღნიშნულის შესახებ დღეს, სემეკში იმსჯელებენ.
როგორც მარეგულირებლის სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, ტარიფის დაანგარიშება შემდეგი კომპანიებისთვის მოხდება: საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია (ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა), „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, „საქორგგაზი“, „ენერგოკავშირი“, შპს „ვარკეთილაირი“, სს „საჩხერეგაზი“, შპს „ტაბა“, შპს „არზუ გაზი“ და შპს „თელავგაზი“.
დღესვე იწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „გარდაბნის თბოსადგურისა“ და შპს „ჯიფაუერისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურის და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით.
მარიამ მორგოშია