სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტებს ამოწმებს. შემოწმების ძირითადი მიზანია, წარმოებაში გამოყენებული ყველის წარმომავლობის მიკვლევადობის დადგენა. თბილისის მასშტაბით ჯერჯერობით შემოწმდა 32 ობიექტი.
რძის ფხვნილისგან დამზადებული ყველის ხაჭაპურებში გამოყენების გამო ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა უკვე 20-ზე მეტი ბიზნესოპერატორი.
როგორც ხარისხის ლაბორატორია - Quality Lab დირექტორმა ირაკლი ჭკადუამ კომერსანტთან საუბარში განაცხადა, უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ გაიზარდა რძის პროდუქტების მწარმოებელი და გადამამუშავებელი ბიზნეს ოპერატორების მხრიდან მომართვიანობა მოსალოდნელი საჯარიმო სანქციებისგან დაცვის მიზნით, რაც სავარაუდოდ სურსათის სააგენტოს მხრიდან რეგულაციების ამოქმედების შედეგია.
შემოწმებული ყველის ნიმუშების უმეტესობაში რძის ფხვნილის არსებობა დადასტურდა, რის გამოც რესტორნების და საცხობების მფლობელთა დიდი ნაწილი ნატურალური რძისგან დამზადებული ყველის მომწოდებელის ძიებაშია.