რბოლა ფსკერისკენ: ნამახვანჰესის ხელშეკრულების კვალდაკვალ

რბოლა ფსკერისკენ: ნამახვანჰესის ხელშეკრულების კვალდაკვალ

access_time2021-03-14 12:00:18

მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა სახელმწიფოსა და ინვესტორ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება ნამახვანჰესთან დაკავშირებით, და გამოქვეყნდა ხელშეკრულების კვლევა და შეფასება, პასუხი გაეცა ბევრ კითხვას რიონის ხეობაში დაგეგმილი ჰიდროენერგეტიკული პროექტის შესახებ. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ის პირობები და ვალდებულებები, რომლებსაც პროექტის მონაწილეები ინაწილებენ, ისევე როგორც პროექტთან დაკავშირებული ფისკალური და სოციალური საფრთხეები. თუმცა, ხელშეკრულებამ გააჩინა ახალი კითხვებიც. ახალ კითხვებს შორის ერთ-ერთი ქართული სახელმწიფოს მოტივაციას ეხება - მის მოწადინებას დადოს ხელშეკრულებები, რომლებიც როგორც ერთი შეხედვით, ისე სიღრმისეული შესწავლისასაც წამგებიანი ჩანს თავად სახელმწიფოსთვის.

 

ინვესტორ კომპანიებსა და მასპინძელ ქვეყნებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები საინვესტიციო კაპიტალისთვის მიმდინარე გლობალური კონკურენციის გამოძახილია. ამ გლობალურ კონკურენციას ინვესტიციებისთვის უწოდებენ “რბოლას ფსკერისკენ,” რომელშიც “განვითარებადი” ქვეყნები მონაწილეობენ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ისინი იძულებულნი არიან შესაძლო ინვესტორებს კონკურენტებზე უკეთესი პირობები შესთავაზონ - ანუ უფრო დაბალი გადასახადები, ნაკლები გარემოსდაცვითი რეგულაციები, ფინანსური გარანტიები და სახელმწიფო სტრუქტურების მაქსიმალური მხარდაჭერა. შედეგად გლობალური კონკურენცია მონაწილე ქვეყნებში ეკოლოგიურ ნორმებს, გადასახადებს და უსაფრთხოების სტანდარტებს ქვემოთ და ქვემოთ, ფსკერისკენ ექაჩება.

 

დიდი ჰესები ამ რბოლის ერთ-ერთი ძირითადი ფრონტია. მათი მაღალი საინვესტიციო ღირებულების გამო განვითარებად ქვეყნებში მსგავსი პროექტების ადგილობრივად დაფინანსება, როგორც წესი, ვერ ხერხდება. ამასთან, არარსებული საინჟინრო ცოდნისა და ტექნოლოგიის არქონის გამო, განვითარებად სამყაროში საერთაშორისო პარტნიორების გარეშე ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელება შეუძლებელია. დიდი ჰესების მიმართ ინტერესს ზრდის მზარდი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე და ხშირად დაუსაბუთებელი წარმოდგენებიც მათი ეკოლოგიური უპირეტესობის შესახებ ელექტროენერგიის სხვა წყაროებთან შედარებით.

 

მკვლევარები მიუთითებენ იმაზეც, რომ ჰიდროენერგეტიკაში მდგომარეობას განსაკუთრებით ამწვავებს ინვესტორების გამოჩენა ჩინეთიდან და სხვა ახლადგამდიდრებული ქვეყნებიდან, სადაც კომპანიებს სოციალური თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სტანდარტებს არც შიდა კანონმდებლობა უწესებს.

 

ჰიდროენერგეტიკული პროექტების გადანაწილებაში თანდათან გამოვლინდა მკვეთრი დაყოფა ორ საპირისპირო ტენდენციად - ერთი მხრივ დიდი კაშხლების “რენესანსი” განვითარებად მსოფლიოში, ხოლო მეორე მხრივ მათზე ნათქვამი უარი დასავლეთში: “დაწინაურებულ, ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში დიდი კაშხლები აღარ შენდება, ხოლო უკვე არსებული კაშხლები ხშირად მუშაობას წყვეტენ,” ვკითხულობთ ერთ  აკადემიურ სტატიაში, “ეს იმის შედეგია, რომ მდგრადი განვითარების დისკურსმა მკვეთრად ანტი-კაშხლის პოზიცია დაიჭირა, რაც თავის მხრივ გახმაურებული სოციალური და გარემოსდაცვითი კატასტროფების შედეგია ტაილანდსა და ინდოეთში.” თუმცა, “განვითარებად სამყაროში” საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და ახალი ინვესტორები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩინეთია, დიდი კაშხლების მშენებლობის ახალ ტალღას აფინანსებენ. მსოფლიო ბანკის 2009 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, “კაშხლების - განსაკუთრებით მულტიფუნქციური კაშხლების -  მშენებლობა ელექტროენერგიისთვის, სარწყავი წყლისთვის და წყალდიდობისგან დასაცავად განვითარებად ქვეყნებში მზარდია.”

 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები, რეგულაციები და ინვესტორთან დადებული ხელშეკრულებები რბოლის შემაკავებელ ფუნქციას უნდა ასრულებდნენ. გლობალური კონკურენციის პირობებში, ისინი უნდა აწესებდნენ მინიმალურ სტანდარტებს მაინც, მართავდნენ საინვესტიციო პროექტებიდან მიღებული სარგებლის გადანაწილებას და უზრუნველყოფდნენ მათ უსაფრთხოებას. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, მკვლევარები  ამ ბერკეტებს შორის ყველაზე დიდ ყურადღებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების მექანიზმებზე ამახვილებენ.

 

“გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოთხოვნა და ნებართვის გაცემის პროცესში მის მიხედვით გადაწყვეტილების მიღება ჰიდროენერგეტიკულ პროექტთა მდგრადობის შეფასების საკვანძო ეტაპია, სადაც დგინდება პროექტის შესაბამისობა არსებულ კანონმდებლობასა და გარემოსდაცვით სტანდარტებთან.” ადგილობრივი და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციები “განვითარებად” მსოფლიოში დიდ იმედებს ამყარებდნენ გზშ-ის პროცესის უნარზე ეფექტურად შეემცირებინა ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული სოციალური და ეკოლოგიური საფრთხეები. თუმცა, როგორც უახლესი ემპირიული ლიტერატურა ცხადჰყოფს, იმ ქვეყნებში, სადაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მექანიზმები ახალი დანერგილია, ეს პროცესი მრავალ კორუფციულ ღიობს შეიცავს, რაც მის ეფექტურობას ამცირებს.

 

ამავდროულად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების თანამედროვე სტანდარტები ხშირად შეფასების ვიწრო და ტექნიკურ ჩარჩოს ეყრდნობა. მათი ენა სავსეა სამეცნიერო ჟარგონით, ხოლო მათი ღირებულებები, მსოფლმხედველობა და პრინციპები, ვინც გზშ ანგარიშებს ამზადებენ და განიხილავენ, ხშირად განსხვავდება ადგილობრივი მოსახლეობების პრიორიტეტებისგან და გამოცდილებისგან. შედეგად, მაშინაც კი როცა ეს მექანიზმი გამართულად მუშაობს, გზშ-ში მოხვედრილი ფაქტორები, როგორც წესი, პროექტების სრული გავლენის მხოლოდ ნაწილს ფარავს.

 

შესაბამისად, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით გასაკვირი სულაც არაა, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებენ. ქმედითი მექანიზმების გარეშე კი ვიღებთ შიშველ კონკურენციას ღარიბ ქვეყნებს შორის, რაც წამგებიან ხელშეკრულებებში, დარღვეულ გარემოსდაცვით რეგულაციებსა და დაგროვებულ ჭარბ რისკებში ითარგმნება. რბოლაში გამარჯვებულს პრიზად ერგება მასშტაბური ინვესტიცია, თუმცა რბოლის წესები უზრუნველყოფს, რომ მისგან მასპინძელი, საუკეთესო შემთხვევაში, მცირე და მოკლევადიან სარგებელს მიიღებს.

 

ცხადია, “რბოლა ფსკერისკენ” არსებული ენერგოპოლიტიკის უსამართლობის და არამდგრადობის მხოლოდ ნაწილს ხსნის. გლობალური პროცესების გარდა, საინვესტიციო პროექტების მართვასა და მათ შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას განაპირობებენ სხვა იდეოლოგიური და, ხშირად, ბანალური, პერსონალური ფაქტორებიც. ცხადია, გლობალური კონკურენციის ლოგიკა დიდი ჰესების რენესანსის ერთადერთ განმაპირობებელს არ წარმოადგენს, თუმცა მისი გაგება ფართო კონტექსტის უკეთ აღქმისთვის აუცილებელია.

 

 

 

საქართველოს შედარებითი უპირატესობები

 


არსებული ენერგოპოლიტიკა და ნამახვანჰესთან დაკავშირებით ინვესტორ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება ცხადჰყოფს იმ “შედარებით უპირატესობებს,” რომელსაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ინვესტიციის მოზიდვისთვის თავის ძირითად ნიშად მიიჩნევს. ანუ, ხელშეკრულება ააშკარავებს თუ რას მიიჩნევს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის მთავარ კოზირებად სხვა ქვეყნებთან კონკურენციაში შესვლისას.

 


ჰესს სჭირდება წყალი და მიწა, რაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას თავის ბუნებრივ მემკვიდრეობად ერგო. ინვესტორ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების “3.2.2.b მუხლის მიხედვით, კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს, აითვისოს, მიმართოს რიონის და მისი შენაკადების, ასევე მდინარე ცხენისწყალის წყლის რესურსი, როგორც ეს საჭირო იქნება პროექტის საორიენტაციო მაქსიმალური გამომუშავების მისაღწევად. გარდა ამისა, ხელშეკრულების 3.13.iv მუხლი შეიცავს საკმაოდ ბუნდოვან ჩანაწერს, საიდანაც იკითხება, რომ მდინარე ცხენისწყლიდან წყლის რესურსის გადმოსროლა უნდა უზრუნველყოს მთავრობამ: „წყლის ბუნებრივი ხელმისაწვდომობის და არსებული გვირაბის სარემონტო სამუშაოების გათვალისწინებით, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ წყალი მიწოდებული იქნება ცხენისწყლის მდინარიდან ნამახვანის კასკადისთვის ბუნებრივი დინებით ზემოაღნიშნული გვირაბის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს ლაჯანურის ჰესის ნაწილს“. ამასთან, სახელმწიფო დებს პირობას, რომ მომავალშიც არ გასცემს წყლით სარგებლობის ისეთ ნებართვას, რომელიც ხელს შეუშლის ნამახვანჰესს. ამასთან,  “კომპანიისათვის უკვე გადაცემული დაახლოებით 600 ჰა მიწის გარდა, ხელშეკრულების მიხედვით, მთავრობა ვალდებულია 1 ლარად გადასცეს კომპანიას სხვა “საჭირო მიწის ნაკვეთებიც”, მაშინაც კი თუ მიწას აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი.”

 

ეს პრაქტიკა “მიწისა და წყლის მიტაცებად” მოიხსენიება- ანუ პროცესად, როცა მიწა და წყალი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობები საირიგაციოდ, საკვების საწარმოებლად, საძოვრებად ან სხვა მიზნებისთვის იყენებენ, კერძო კომპანიების ხელში ექცევა და ექსკლუზიურად მოგების დაგროვებისთვის მიიმართება. ეს პროცესი მიმდინარეობს განვითარებადი სამყაროს უამრავ სხვადასხვა რეგიონში, სადაც საერთაშორისო კაპიტალი ჰიდროენერგეტიკულ პროექტებში ინვესტირდება, მათ შორის ამის მაგალითია თურქეთიც, სადაც ჰიდროენერგეტიკული სექტორის მიერ წყლის მიტაცების სამ ძირითად პრაქტიკას გამოყოფენ: (1) წყლის გამოყენების უფლების გაკერძოება, (2) სოფლების წყლის გადასროლა ჰესის მოხმარებისთვის და (3) წყლის მართვის კანონმდებლობისა და გადაწყვეტილებების ჰიდროენერგეტიკული სექტორისთვის მორგება.მსგავსი პრაქტიკა მეორდება დღეს რიონის ხეობაშიც, სადაც თურქული კომპანიას ინვესტიციასთან ერთად წყილის მიტაცების ეს პრაქტიკებიც შემოაქვს.

 

თუმცა, ტრადიციული რესურსები - მიწა, წყალი - და მთაგორიანი ტოპოგრაფია ინვესტიციის მოსაზიდად საკმარისი არაა. გარდა იმისა, რომ “ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი” უხვად მოიძებნება სხვადასხვა ქვეყანასა თუ რეგიონში, ინვესტიციისთვის იბრძვიან ეკონომიკის სხვა სექტორებიც. ანუ ფული რომელიც შეიძლება დაიხარჯოს ჰესის ასაშენებლად საქართველოში, შეიძლება დაიხარჯოს ჰესის ასაშენებლად სხვა ქვეყანაში, ან სულაც წიაღისეულის მოსაპოვებლად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დასაბანდებლად, სააფთიაქო ქსელის შესაქმნელად ადგილობრივად ან სხვაგან. მზარდი კონკურენცია ქვეყნებსა და სექტორებს შორის და ინვესტორის მობილურობა მსოფლიო ბაზარზე წლიდან წლამდე ამძაფრებს რბოლას ფსკერისკენ, ფსკერზე კი იდება ისეთი ხელშეკრულებები, რომელიც საქართველომ ნამახვანჰესის ინვესტორთან გააფორმა.

 

 

 

დერეგულაცია და დაბალი გადასახადები


 

პირველი, რასაც საქართველო შესაძლო ინვესტორებს სთავაზობს დერეგულირებული კანონმდებლობაა. სპეციალურად პოტენციური ინვესტორებისთვის განკუთვნილ ვებსაიტზე საქართველო ინვესტორებს ამცნობს, რომ აქ მათ დახვდებათ დაბალი გადასახადები, მუშახელი “კონკურენტულ ფასად” (ამავე უწყების მიერ დამზადებული პრეზენტაცია ხაზს უსვამს, რომ საქართველოში არ არსებობს მინიმალური ხელფასის რეგულაცია) და “მოქნილი შრომის კოდექსი.” ამასთან, ვებსაიტი ინვესტორებს ატყობინებს, რომ  ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსით საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. ყურადღება ეთმობა უშუალოდ ჰიდროენერგეტიკის სფეროსაც, სადაც შესაძლო ინვესტორებს ატყობინებენ, რომ ადგილობრივი ბაზარი დერეგულირებული და ლიბერალურია, რომ “ყველა ახალი ჰესი ‘აშენება-ფლობა-ოპერირების’” მოდელით ხორციელდება, რომ არ არსებობს ქსელზე დაერთების გადასახადი და საექსპორტო ლიცენზია. ინვესტორებს ატყობინებენ იმასაც, რომ ახალი ჰესები პრიორიტეტულად ისარგებლებენ საექსპორტო ხაზით თურქეთის მიმართულებით, რომ ელექტროენერგიის გენერაცია და ექსპორტი თავისუფლდება დამატებით ღირებულების გადასახადისგან (დღგ) და რომ 2 მეგავატზე ნაკლები სიმძლავრის ჰესები  თავისუფლდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისგანაც.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების მანძილზე გარემოსდაცვითი მიმართულებით საქართველოს პარლამენტმა, ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი მიიღო, რომელიც მანამდე გატარებული აგრესიული დერეგულაციის მძიმე შედეგების ნაწილს ამსუბუქებს, ზედამხედველობის მექანიზმები სუსტია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების სხვადასხვა ეტაპები კი მხოლოდ პროცედურულად სრულდება.

 

 

დემოკრატია თუ დაცვა დემოკრატიისგან?


 

სახელმწიფოს შეთავაზება ინვესტორთათვის უშუალოდ ხელშეკრულებაში შესულ პირობებს სცილდება და მოიცავს ფორმალური და არაფორმალური, გაწერილი და უთქმელი  შეთანხმებების მთელ ჯაჭვს, რომლის ნაწილია სახელმწიფოს მზადყოფნაც საჭიროების შემთხვევაში ინვესტიციის განსახორციელებლად გამოიყენოს საპოლიციო ძალა.

 

ნამახვანჰესის ხელშეკრულების ერთერთი მუხლის (3.2.20) მიხედვით, მთავრობა იღებს ვალდებულებას საკუთარი ხარჯით დაიცვას ჰესის ნაგებობები, ტერიტორია და გადამცემი ხაზები - დაიცვას, მათ შორის “საპროტესტო აქციის, საბოტაჟის” და რევოლუციისგანაც კი. დამატებით, მთავრობისთვის ეს შეფასდა, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რაც იმის ვალდებულებასაც წარმოშობს, რომ სახელმწიფომ ექსპროპრიაციის ძალით ჩამოართვას მიწა მათ, ვისი საკუთრებაც ინვესტორ კომპანიას დასჭირდება.

 

აღსანიშნავია, რომ ჰესის მოწინააღმდეგეთა დასასუსტებლად მკაცრი საპოლიციო ზომების გატარება გავრცელებული პრაქტიკაა მთელს მსოფლიოში, მაშინაც კი როცა წინააღმდეგობის მოძრაობები მშვიდობიანია.

 

გავრცელებული კლიშეს საპირისპიროდ, რომელიც დემოკრატიას ინვესტიციის მოზიდვის წინაპირობად ასახელებს, ინვესტიციას, როცა ის ასეთი არაპოპულარულია, სჭირდება არა კანონის უზენაესობა, არამედ სასათბურე პირობები და დაცვა დემოკრატიისგან. ამიტომაც წარმოქმნის განვითარების არსებული მოდელი, რომელიც ბუნებრივი რესურსების პრივატიზაციაზე და დერეგულაციაზე დგას, უწყვეტ დაპირისპირებებს ინვესტორებსა და ადგილობრივებს შორის - დაპირისპირებებს რომელიც ხშირად ძალადობრივი ხდება.

 

 

რისკი

 


მასშტაბურ პროექტებს თან ახლავს მასშტაბური რისკები. სახელშეკრულებო მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია პროექტის მონაწილეთა შორის რისკის გადანაწილებაა. ხელშეკრულებების ეს ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასშტაბური ჰიდროენერგეტიკულ პროექტების შეთანხმებისას, რადგან დიდი ჰესი ჭარბ ელექტროენერგიასთან ერთად ჭარბ რისკსაც აწარმოებს. რისკის მკვლევარები საუბრობენ იმაზე, რომ ჰიდროენერგეტიკული მშენებლობებისას, რომლებიც ხანგრძლივი და ძვირადღირებულია, ხშირია გეოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები, მშენებლობის პროცესის გაძნელება და სოციალური თუ პოლიტიკური დაბრკოლებების წარმოშობა. ამ პრობლემებმა შესაძლოა ჰესის მშენებლობა გაჭიანურონ ან ელექტროენერგიის დაგეგმილი რაოდენობის გამომუშავებას შეუშალონ ხელი.

 

რისკის სამართლიანი და ეფექტური მართვის პრინციპების მიხედვით, ამა თუ იმ რისკ-ფაქტორთან დაკავშირებულ ზარალს საკუთარ თავზე უნდა იღებდეს ის, ვისაც ამ რისკ-ფაქტორის კონტროლი ყველაზე უკეთ შეუძლია, ხოლო იმ რისკებს, ვინც მონაწილეთა კონტროლს მიღმაა, საკუთარ თავზე უნდა იღებდეს პროექტის მფლობელი. მაგალითად, სადერივაციო გვირაბის გამართულად მუშაობაზე პასუხს უნდა აგებდეს ის კონტრაქტორი, ვისაც უშუალოდ გვირაბი გაჰყავს, ხოლო არაპროგნოზირებადი მიწისძვრის შედეგად დამდგარი ზიანი მფლობელი კომპანიის პასუხისმგებლობად უნდა ჩაითვალოს. როგორც წესი, სახელმწიფო სტრუქტურები ცდილობენ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული რისკი შემსრულებელ კომპანიებს დააკისრონ, ისინი კი, ასეთების არსებობის შემთხვევაში მათ კონტრაქტორებსა და ქვე-კონტრაქტორებზე ანაწილებენ.

 

ნამახვანჰესის შემთხვევაში საქმე გვაქვს რისკის დინებაზე საპირისპირო მიმართულებით - ფიზიკური და პოლიტიკური რისკები, რომლებმაც შესაძლოა ნამახვანჰესის მშენებლობის დასრულებას ან მის გამართულად ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს, თავს სახელმწიფოს ანგარიშზე იყრის. სახელმწიფო, ამ მოლაპარაკებაში, მოქმედებს როგორც ჭარბი რისკის უძირო კალათა. ხელშეკრულების მიხედვით რისკები იყოფა ორ - ფიზიკურ და პოლიტიკურ - კატეგორიად. პოლიტიკური ფორს-მაჟორის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა, მაგალითად, უცხო სახელმწიფოს შემოჭრა, ბლოკადა, ემბარგო და სხვა, ხელშეკრულება ინვესტორ კომპანიას საშუალებას აძლევს, ზიანის ანაზღაურება სახელმწიფოს მოსთხოვოს. ხოლო თუ ხელშეკრულება ფიზიკური ფორს-მაჟორის გამო შეწყდება - როგორიცაა ბუნებრივი სტიქიური მოვლენები - სახელმწიფო ინვესტორს აუნაზღაურებს შეწყვეტამდე დახარჯულ ინვესტიციას და დაფარავს მის სესხს.

 

ანუ, თუ პროექტი დაგეგმილის მიხედვით განხორციელდება კომპანია უზარმაზარ ფინანსურ მოგებას მიიღებს, ხოლო თუ პროექტი არასასურველი სცენარით განვითარდება, კომპანია მოგების დაგროვებას მაინც შეძლებს, მაგრამ იზარალებს სახელმწიფო. საინვესტიციო პროექტის ჭარბი რისკებისგან დაცლა და შესაძლო ზიანის სახელმწიფო ბანალანსზე გადმოტანა არა მხოლოდ არასამართლიანი, არამედ საფრთხისშემცველი პრაქტიკაცაა, რადგან ის ინვესტორ კომპანიას რისკების სათანადოდ გათვალისწინების აუცილებლობას უკარგავს.

 

 

სიღარიბე და უალტერნატივობა

 


ბოლოს, შედარებით უპირატესობად უნდა ჩავთვალოთ რიონის ხეობის სიღარიბე და ეკონომიკური უალტერნატივობა, რომელიც ინვესტორს ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებას უადვილებს. რთული წარმოსადგენია, რომ ხეობის რომელიმე მკვიდრს იქაური ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ჰესის აგება ერჩივნოს, უნდოდეს მათ მახლობლად წლების მანძილზე შენდებოდეს გიგანტური ნაგებობები, ისმოდეს მშენებლობის ხმაური და კარ-მიდამო ივსებოდეს სამშენებლო მტვრითა და მძიმე ტექნიკის გამონაბოლქვით. მათ გადაწყვეტილებას რომ გამოუვალი მდგომარეობის ნაცვლად თავისუფალი არჩევანი განაპირობებდეს, სამშენებლო არეალში მოხვედრილ ნაკვეთთა მეპატრონეებთან მოლაპარაკება გაჭირდებოდა. რიონის ხეობის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ სიდუხჭირე არა არსებული ეკონომიკური სისტემის გვერდითი მოვლენა, არამედ მისი შენარჩუნების მექანიზმია, მისი კვლავწარმოებისთვის აუცილებელი წინაპირობა.

 

ნამახვანჰესის ხელშეკრულება ბუნებრივი რესურსების ათვისების მიმდინარე პოლიტიკის, განვითარების არსებული მოდელის სიმპტომია. დღეს ხეობაში მიმდინარე პროტესტი ეჭვქვეშ აყენებს არა მხოლოდ ერთ მასშტაბურ ჰესს, არამედ იმ ლოგიკას, რომელიც ასეთ პროექტებს ქმნის მთელს ქვეყანაში, და მის ფარგლებს გარეთაც.



წყარო: emc.org.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up