ლურჯი მოცვის პლანტაციების აქტივების მმართველი კომპანიის სს „ვანრიკ აგროს“ ვალდებულებები შპს „ეფკომ“ გადაიბარა. კომპანიის აქტივები აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონზე 2020 წლის 29 ივნისს გაიყიდა. აუქციონის სასტარტო ფასი 4 570 302 ლარს შეადგენდა. საჯარო აუქციონზე გამართული ვაჭრობის შედეგად, გამარჯვება ქართულმა კომპანია შპს „ეფკომ“ მოიპოვა და მძაფრი კონკურენციის პირობებში, 85 ბიჯის შემდეგ, სს „ვანრიკ აგროს“ აქტივები 12 339 817 ლარად შეიძინა.
სს „ვანრიკ აგროს“ მიმართ, მისი დირექტორის მიმართვის საფუძველზე, 2019 წლის მარტში დაიწყო გაკოტრების საქმისწარმოება, რამაც სს „ვანრიკ აგროს“ მისცა შესაძლებლობა, ამ წარმოების პერიოდში აუქციონით გადაეცა აქტივები სარგებლობაში შპს „ეფკოსთვის“.
შპს „ეფკოს“ თანადამფუძნებელი რატი მორჩილაძე „კომერსანტთან“ საუბრისას იმ მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას რის გამოც გაკოტრებული სს „ვანრიკ აგროს“ აქტივები შეიძინეს.
„2015 წლის მაისის შემდეგ აღებული გვაქვს ამ პლანტაციის მენეჯმენტი, შესაბამისად, კარგად ვიცოდით მისი როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეების შესახებ. მთავარი მიზეზი რატომაც გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ინვესტიცია და შეგვეძინა ეს პლანტაცია, მისი განვითარების უდიდესი პოტენციალია. ეს საკმაოდ მაღალი რესურსის მქონე პლანტაციაა, უბრალოდ როდესაც ჩავიბარეთ, ნერგები დეგრადირებული იყო და ბოლო 1 წლის განმავლობაში შევძელით, რომ არსებული ვითარება გამოგვეცოცხლებინა და ნერგები ახლა მაქსიმალურ მსხმოიარობაზეა. ამ პლანტაციის პოტენციალი ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია, როგორც ცნობილია დაახლოებით 250 ჰა. არის განსავითარებელი და დარწმუნებულები ვართ, რომ სწორი მიდგომით, ის გახდება ფართომაშტაბიანი პროექტი არამარტო ამ რაიონში, არამედ საქართველოში“, - განმარტა რატი მორჩილაძემ.
კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოცვის წარმოება ევროპის მასშტაბებს ვერ უტოლდება, ექსპორტზე პროდუქციის გატანა მაინც იგეგმება და ძირითადი სავაჭრო მიმართულება დასავლეთ ევროპის ქვეყნები იქნებიან. რატი მორჩილაძე განსახორციელებელ ინვესტიციებზე და ვალდებულებებზეც საუბრობს, რომელიც კომპანიას საპარტნიორო ფონდის მიმართ აქვს.
„ინვესტიცია დაახლოებით 3-4 წლის განმავლობაში 6 მლნ. დოლარი იქნება. ასეთი დიდი ინვესტიციის განხორციელებამდე, საკმაოდ სკულპუროზული ანალიზი გავაკეთეთ, რამაც დაგვარწმუნა, რომ ეს ინვესტიციაც და აუქციონზე გადახდილი თანხაც გამართლებულია. 7 წლის განმავლობაში საპარტნიორო ფონდთანაც უნდა დავფაროთ თანხა, თუმცა წელს უკვე საკმაოდ მასშტაბურ მოსავალს ველოდებით, შესაბამისად უკვე ვგეგმავთ მოგებაზე გასვლას. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს პროექტი ფინანსურად 100%-ით გამართლებულია“, - განაცხადა რატი მორჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ სს „ვანრიკ აგრო“ 2015 წელს დაარსდა და მის მთავარ საქმიანობას ლურჯი მოცვის მოყვანა, გადამუშავება და რეალიზაცია წარმოადგენდა. კომპანიის მფლობელობაში იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მდებარე მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ განაშენიანებული ლურჯი მოცვის პლანტაციითა და გადამამუშავებელი საწარმოო ხაზით.
ნინო თამაზაშვილი