რატომ მცირდება ინვესტიციები

რატომ მცირდება ინვესტიციები

access_time2019-10-22 18:30:34

ბოლო რამდენიმე წელია ინვესტიციები შეუქცევადად მცირდება და მისმა კლებამ უკვე საგანგაშო ხასიათიც მიიღო. მაგალითად, სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მეორე კვარტალში 187.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია. თუმცა, ეს მხოლოდ მიმდინარე წლის სტატისტიკა არ არის. მაგალითად, თუ 2017 წელს ქვეყანაში 1.9 მლრდ FDI-ი განხორციელდა, 2018 წელს, მისი მოცულობა 1.2 მლრდ-ს არ აღემატებოდა. მეტიც, თუ ბოლო წლების სტატისტიკას ჩავხედავთ დავინახავთ, რომ ინვესტიციების მოცულობა ბოლო 5 წელია შემცირების ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნულ ტენდენციაზე არაფერს ამბობენ ეკონომიკურ გუნდში, თუმცა მიმდინარე წელს მკვეთრად შემცირებულ FDI-ის, ტექნიკური საკითხებით ხსნის, თავად სტატისტიკის სამსახური. კერძოდ, როგორც საქსტატში, ისე ეკონომიკურ გუნდში ინვესტიციების მკვეთრ შემცირებას ისეთი მიზეზებით ხსნიან როგორებიცაა, მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება.

 

 

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროექტი მართლაც დასრულდა და რეზიდენტი პირების საკუთრებაში გადასულ აქტივებსაც შეუძლია ტექნიკური ზეგავლენა მოახდინოს მონაცემებზე, თუმცა არა ისეთი მასშტაბური, რომელიც რიცხვებში გვიფიქსირდება. ასეთ შემთხვევაში ისმის კითხვა, მაშინ რა განაპირობებს FDI-ის შეუქცევად კლებას წლების განმავლობაში. ამ მიმართულებით კი ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ზემოქმედებს და თანმიმდევრულად მიმოვიხილოთ ისინი.

 

 

საინვესტიციო პოლიტიკა

 

 

საინვესტიციო პოლიტიკა ეს არის დოკუმენტი, რომელშიც მკაფიოდ არის გაწერილი ამა თუ იმ დარგის პოტენციალი და სპეციფიკა. სწორედ ამ დოკუმენტის მეშვეობით ურთიერთობს სახელმწიფო ინვესტორებთან და ამავე დოკუმენტის მეშვეობით განსაზღვრავს, რომელი ტიპის ინვესტიცია უფრო ხელსაყრელია ქვეყნისთვის და რომელ ინვესტორს რა ტიპის შეთავაზება უფრო მეტად დააინტერესებს.

 

 

სამწუხაროდ, საქართველოს პრაქტიკულად საერთოდ არ გააჩნია საინვესტიციო პოლიტიკა. ყოველ შემთვევაში მას დღის სინათლე, ნამდვილად არ უნახავს. ამის ნათელი მაგალითია ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება, მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანა, რომლის მთავარი რესურსიც წყალია და, შესაბამისად, ჰიდრო რესურსების ხარჯზე ცდილობს ინვესტორების მოზიდვას ენერგეტიკაში, აუქმებს ენერგეტიკის სამინისტროს. მსუბუქად რომ ვთქვათ, ეს არ ჯდება არანაირ სტრატეგიაში. აღნიშნულ რეალობას უფრო ნათლად აღვიქვამთ, თუ გასულ წელს უშუალოდ ენერგეტიკის სექტორში შემოსულ ინვესტიციებს შევხედავთ, რომელიც თითქმის 100%-ით არის შემცირებული. კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის IV კვარტალში ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, სულ 3.7 მილიონი დოლარი ჩაიდო, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 96%-ით ნაკლებია.


 

 

დღეს ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა დახლოებით ასე გამოიყურება, რაც მეტი მით უკეთესი. ეს მიდგომა კი ყოველთვის არ ამართლებს და მრავალი ხარვეზიც აქვს. ასე მაგალითად, თუ საინვესტიციო მიმართულებებს ჩავხედავთ, მუდმივად მოწინავე პოზიციების იკავებს, მაგალითად საფინანსო სექტორი და მუდმივად უკანასკნელ ადგილზეა (და ხშირად ინვესტიციების გადინებასთანაც გვაქვს საქმე) სოფლის მეურნეობა. ეს ბუნებრივი პროცესია, რადგანაც ინვესტორი ინტერესდება იმ დარგით, რომელიც უფრო მაღალ ლიკვიდურია, ანუ რომელი დარგიდანაც მეტ მოგებას მიიღებს ნაკლებ დროში. ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველი დარგები მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკას გააჩნია და ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. აქედან გამომდინარე, ამის ~წამალიც” უკვე არსებობს. ასეთ დარგებს სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, დამატებითი ბიძგი ინვესტორისთვის, რომ მან თავისი კაპიტალი შედარებით ნაკლებ მომგებიან დარგში დააბანდოს. ინვესტორებისთვის ნაკლებ პოპულარული დარგების წასახალისებლად იყენებენ, ისეთ ბერკეტებს მაგალითად, როგორიც არის კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორში, სხვადასხვა რეგულაციების შერბილება ან საერთოდ გაუქმება. ასევე, განვითარებადი ქვეყნები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა საგადასახადო ლიბერალიზაციას ე.წ. საგადასახადო სამოთხეების მოწყობას და ა.შ.

 

 სწორედ ასეთი დარგებისთვის არსებობს საინვესტიციო პოლიტიკა, რომელთაც სჭირდებათ სპეციფიკური მიდგომა. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საინვესტიციო პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც მსგავსი სენსიტიური დარგებისთვის, სპეციალური მოქმედების გეგმა იქნება შემუშავებული იმდენად, რამდენადაც ზემოთხსენებული ზოგადი ნაბიჯების გადადგმა საკმარისი არ არის, რასაც ციფრებიც გვაჩვენებს.


კიდევ ერთი მაგალითი, რაზეც შეიძლება ყურადღების გამახვილება, არის ინკლუზიურობა, რომელიც ყველა პრემიერ  მინისტრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა. თუმცა, ეს ვერ მოხერხდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი არის ზემოთ მოყვანილი მონაცემები, მაგალითად საფინანსო სექტორი, რომელიც ვახსენეთ და რომელიც მოწინავეა საინვესტიციო მიმართულებებში, საერთო დასაქმებულების დახლოებით 5-7%-ი მოდის, ხოლო სოფლის მეურნეობაში კი საერთო დასაქმებულების 48%-ი.


პოლიტიკური გარემო და ინსტიტუტების მიმართ ნდობა ინვესტორები პოტენციურ საინვესტიციო ქვეყანაში FDI-ის განხორციელებამდე, არაერთ პარამეტრსა, თუ პროცესს აკვირდებიან, რათა კარგად შეისწავლონ ქვეყნის პოტენციალი. თუმცა, ყველა ქვეყნის ყველა ინვესტორისთვის უმნიშვნელოვანესია, თუ რამდენად დაცულად გრძნობს თავს, ამა თუ იმ ქვეყანაში, ბიზნესის კეთების დროს. ბიზნესის დაცულობას კი სხვა არაფერი განაპირობებს, თუ არა ინსტიტუტების სიძლიერე. ამ მიმართულებით უმთავრესია სასამართლო სისტემა, რომელსაც ჩვენს რეალობაში, არაერთი ხარვეზი აქვს, რასაც, ცხადია, კარგად ხედავენ პოტენციური ინვესტორები.

 

 ამის ნათელი დასტური იყო ამერიკული კომპანიების საქმე, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლომ, კოლოსალური თანხით დააჯარიმა. კერძოდ, საქმე ეხებოდა British American Tobacco-სა და Philip Morris-ის ქეისს, რომელიც ქართულმა სასამართლომ, ჯამში 362 მლნ ლარით დააჯარიმა. კოლოსალური ჯარიმის გარდა საქმეში კიდევ მრავალი საეჭვო გარემოება ფიქსირდებოდა.

 

 მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილებას საეჭვოდ ხდიდა, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2016 წელს 29 დეკემბრის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტების ბაზარზე კონკურენტული გარემოა და მწარმოებელ/იმპორტიორ კომპანიებს შორის მიმდინარეობს მეტოქეობა და ბაზარზე არ შეინიშნება კონკურენციის შემზღუდველი პირობები და ხელოვნურად შექმნილი ბარიერები. ამ დასკვნიდან ზუსტად სამ თვეში კი სასამართლო სწორედ ამ მუხლების დარღვევაში ცნობს დამნაშავედ ამერიკულ კომპანიას და ქართული კომპანიის სასარგებლოდ უპრეცენდენტოდ დიდ ჯარიმას აკისრებს. თუ დავუშვებთ, რომ ამ სამ თვეში მართლაც შეიცვალა თამბაქოს ბაზარზე სიტუაცია და ამერიკული კომპანიები მართლაც არღვევდნენ ჯანსაღი კონკურენციის პირობებს (რაც სამი თვის ვადაში პრაქტიკულად შეუძლებელია) როგორც ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში იყო ნათქვამი, ამის მიუხედავადაც ამერიკული კომპანიისთვის განსაზღვრული საჯარიმო თანხა, მაინც უსამართლო გამოდის იმდენად, რამდენადაც შეუძლებელია ქართულ კომპანიას სამი თვის ვადაში, ზემოთ ხსენებული ზარალი მიეღო.

 

 მეორე საკმაოდ საეჭვო გარემოება გახლდათ ის, რომ ორივე დავა ერთსა და იმავე მოსამართლესთან მოხვდა და ორივე დავაზე გადაწყვეტილება, ერთსა და იმავე დღეს გამოიტანა საქალაქო სასამართლომ. ამ ქეისიდან გამომდინარე, ქვეყანა საერთაშორისო სკანდალს, საპელაციო სასამართლომ გადაარჩინა, რომელმაც გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ რაც ამერიკის ელჩმა საჯაროდ დააყენა საქართველოში ინვესტორების დაცულობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ.

 

 კიდევ ერთი გარემოება, რაც საკმაოდ ნეგატიურად ისახება საინვესტიციო გარემოზე, არის ქვეყანაში არსებული არასტაბილური ფონი და რაც მთავარია ეკონომიკური გუნდის ხშირი ცვლა. მაგალითად ბოლო 2 წელიწადში ქვეყანამ 4 ეკონომიკის მინისტრი შეიცვალა. ასეთი რეალობა, ცხადია არცერთ ინვესტორს არ აძლევს სტაბილურობის განცდას, მით უფრო ე.წ. ჰორიზონტალური ინვესტიციის, მარტივად, რომ ვთქვათ, გრძელვადიანი ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში.

დასკვნის მაგიერ ბოლოსკენ შეიძლება ითქვას, რომ თავად მთავრობის მიერ მოშველიებული არგუმენტს, რომლის მიხედვითაც, ინვესტიციების შემცირება ტექნიკურმა მხარემ და მნიშვნელოვანი პროექტების დასრულებამ განაპირობა, ნამდვილად აქვს არსებობის საფუძველი, თუმცა ამ გარემოებას ემატება ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემო, ცალსახად ბუნდოვანი საინვესტიციო პოლიტიკა და გაჭიანურებული პროექტები.

 

 

პაატა ბაირახტარი, ეკონომისტი – “აფბას” ვიცე – პრეზიდენტი.





ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს
access_time2019-11-20 13:08:30
ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს. ზაზა ოქუაშვილის შეფასებით, „ივანიშვილის ძალადობრივმა რეჟიმმა მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი, პროკურატურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საპატრიარქოს მითვისებაც კი მოინდომა“. მისივე განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს და აღარ გააგრძელოს ძალის გამოყენება. „ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი,...

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“
access_time2019-11-20 12:10:22
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები არ ცხრება. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. პოლიციამ რუსთაველზე და პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილები წყლის ჭავლით დაშალა, რომლებიც პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას ახდენდნენ. მიმდინარე მოვლენებს „კომერსანტთან“ მთავრობის გუნდის ყოფილი წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი...

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები აიკრძალება

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები აიკრძალება
access_time2019-11-20 13:15:47
საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ.ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია. კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი - აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის...

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება
access_time2019-11-20 11:45:27
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მომავალ კვირას დეველოპერებთან და სამშენებლო კომპანიებთან გაფართოვებულ შეხვედრას აანონსებს.როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრა „ცენტრ პოინტს“ და მსგავს „ქეისებს“ შეეხება. კალაძე დაუსრულებელი პროექტების დასრულებაში სექტორს მხარდაჭერას სთხოვს. „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები, 6000-მდე ოჯახი, არის სერიოზული პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს. შევქმენით საინიციატივო...

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა
access_time2019-11-20 09:44:00
როგორც ცოტა ხნის წინ  „კომერსანტმა“ ექსკლუზიურად დაანონსა, 15 ნოემბერს თბილისში, ქავთარაძის 1-ში მდებარე „სითი მოლში“ Calvin Klein-ის ბრენდის ახალი კონცეფციის  შოურუმი გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში რიგით მეოთხეა, ისეთი დიდი მეგაპოლისების შემდეგ, როგორიცაა -  ნიუ იორკი, დუსელდორფი და შანხაი. ამით ბრენდმა საქართველოს და ქართველ მომხმარებელს უდიდესი ნდობა გამოუცხადა. „ეს გახლავთ სრულიად ახალი კონცეფცია House of Calvin, სადაც წარმოდგენილია ბრენდის ყველა...


მსგავსი სიახლეები

up