რატომ გვყავს 70-ზე მეტი COVID-ინფიცირებული ექიმი და ექთანი?

რატომ გვყავს 70-ზე მეტი COVID-ინფიცირებული ექიმი და ექთანი?

access_time2020-05-09 18:30:45

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 72 მედპერსონალია ინფიცირებული. ინფიცირებულები არიან კლინიკის ექიმები, მედდები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით ინფიცირების ეს რიცხვი, საქართველოში ინფიცირებულთა დაახლოებით 12,7%-ს შეადგენს.

 

ამირან გამყრელიძის თქმით, „ეს არც ცოტაა და არც ძალიან ბევრი“ და, როგორც ის ასევე ამბობს, „დაახლოებით საშუალო მაჩვენებელზე ვართ საერთაშორისო მაჩვენებლის“.

 

თუმცა, თუკი საქართველოს მაჩვენებელს იმ ქვეყნებს შევადარებთ, სადაც კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, მაშინ გამოჩნდება, რომ საქართველოში დღეს არსებული ე.წ. ბლაგვი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით, მედპერსონალის ინფიცირების რიცხვი უჩვეულოდ მაღალია. მაგალითად, იტალიაში, ინფიცირებული მედპერსონალის მაჩვენებელი მხოლოდ 9%-ს შეადგენს და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსის გავრცელების, ფაქტობრივად, რეკორდულად მაღალი რიცხვი და მედპერსონალს განსაკუთრებული წნეხის ქვეშ უწევდა მუშაობა. ამავე პერიოდში, 14% შეადგინა ინფიცირებულ სამედიცინო მუშაკთა რაოდენობამ ესპანეთში, სადაც ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად ათასებს სცდებოდა და მედპერსონალს არ ჰქონდა საჭირო რაოდენობის ეკიპირება. 10-დან 20%-მდე მერყეობს აშშ-ში ექიმთა ინფიცირების მაჩვენებელი.

 

საქართველოში მედპერსონალის COVID 19-ით ინფიცირების ქრონოლოგიის აღდგენის მცდელობა

მცდელობა იმიტომ, რომ როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, მათ არ აქვთ თავმოყრილი დეტალური ინფორმაცია სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ფაქტების, თარიღების, წყაროების შესახებ. სამინისტრომ ინფორმაციის მოსაძიებლად დაავადებათა კონტროლის ცენტრში გადაგვამისამართა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ კითხვებზე პასუხები დღეს არ გაიცემა. მათი განმარტებით, დეტალების შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გააკეთებს კომენტარს.

 

რადიო თავისუფლებამ სამედიცინო პერსონალის ინფიცირებისა და მათი სავარაუდო წყაროების შესახებ სურათის აღდგენა სცადა მედიაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ინფორმაციის დახმარებით.

 

თავმოყრილი ინფორმაციის თანახმად, რიგ შემთხვევაში, სამედიცინო მუშაკების ინფიცირების წყარო არ უკავშირდება მათ საქმიანობას და ისინი არასამუშაო გარემოში დაინფიცირდნენ. თუმცა, არც ისე ცოტაა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ინფიცირების შემთხვევები. სამწუხაროდ, ზუსტი სტატისტიკის დადგენა, რამდენი სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა სამუშაო გარემოში, ამ ეტაპზე, ვერ ხერხდება იქიდან გამომდინარე, რომ არც ჯანდაცვის სამინისტრო და არც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ინფორმაციას არ გასცემს.

 

ამ საკითხზე ერთადერთი და ზოგადი კომენტარი ეკუთვნის ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, რომელიც მან 28 აპრილს გააკეთა: „უმრავლესი შემთხვევა არ მომხდარა სამუშაო ადგილზე და ეს არის აღსანიშნავი. მიუხედავად ამისა, ჩვენს ექიმებს უტარდებათ ისეთი ტრენინგები, რომელიც არის პირადი დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებაზე. ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ ღონისძიებებს ამასთან დაკავშირებით და ვიკვლევთ დამატებით ხარვეზებს, რომელმაც გამოიწვია მათი დაინფიცირება“.

 

საქართველოში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების პირველი ფაქტი აჭარაში, 30 მარტს დაფიქსირდა. კორონავირუსით ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს 45 წლის მედდა დაინფიცირდა. მას კორონავირუსი პაციენტისგან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გადაედო. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანმა თავის თავზე აიღო კორონავირუსით ინფიცირებული რთული პაციენტის დახმარება.

რამდენიმე დღეში, 3 აპრილს, კორონავირუსი გამოუვლინდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს. საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების კოორდინაციის ცენტრის დირექტორის, ამირან გოგიტიძის განცხადებით, სასწრაფოს უმცროს ექიმს ვირუსი მეუღლისგან გადაედო, რომელიც ერთ-ერთ ცნობილ, ე.წ. ეროვნული ბანკის, კლასტერს განეკუთვნებოდა.

5 აპრილს დაუდასტურდა კორონავირუსი საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმს. ეს კორონავირუსის პაციენტიდან ექიმზე გადადების მორიგი ფაქტი იყო.

6 აპრილს გახდა ცნობილი „თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ ორი მედდის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ. ისინი ჰოსპიტალში ექთნის თანაშემწეებად მუშაობდნენ. ჰოსპიტლის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ ისინი კლინიკაში არ დაინფიცირებულან.

14 აპრილს COVID-19 ბოლნისში, სასწრაფო დახმარების 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. თავდაპირველი მონაცემებით, უცნობი იყო ინფიცირების წყარო.


15 აპრილს კორონავირუსი დაუდასტურდა ქობულეთის ერთ-ერთი კლინიკის ექიმს. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ეს შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდებოდა.

17 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა, რომ რეგიონში 5 კოვიდინფიცირებული სამედიცინო მუშაკია: „მათი თხოვნით, არ ვასახელებთ სამედიცინო პერსონალის ადგილსამყოფელს, საიდანაც ისინი არიან“, - უთხრა ჟურნალისტებს ზაალ მიქელაძემ. მინისტრის თქმითვე, შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

17 აპრილს კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისში, კლინიკა „თიმში“ დასაქმებულ ორ ექიმს და ხუთ ექთანს. ეს კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს არ მკურნალობდა. კლინიკის დირექტორი ლევან ყურაშვილი აცხადებდა, რომ ინფიცირების წყარო იყო ერთ-ერთი ექთანი, რომლის ძმასაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 23 აპრილის განცხადებით, ცნობილი ხდება, რომ ე.წ. აგრესიული ტესტირების შედეგად, კორონავირუსი 20-მდე ექიმს დაუდასტურდა.

28 აპრილს დაუდასტურდა COVID-19 ბოლნისში, სასწრაფო დახმარების 5 თანამშრომელს. ხუთივე ინფიცირებული დაავადების დადასტურებამდე საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა.

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ 27 წლის უმცროს ექიმსაც 28 აპრილს დაუდასტურდა კორონავირუსი. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განაცხადა, რომ ინფიცირებული ექიმი თბილისში ცხოვრობს და, სავარაუდოდ, ის მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ არ დაინფიცირებულა.

პირველ მაისს გახდა ცნობილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი ექიმის ინფიცირების შესახებ. ის გინეკოლოგია და, სავარაუდოდ, შესაძლოა კოვიდინფიცირებული ორსული პაციენტისგან დაინფიცირდა. როგორც ექიმმა ტელეკომპანია „მთავარს“ განუცხადა, კლინიკაში მკურნალობას გადის მისი კიდევ ერთი თანამშრომელი. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე არ ადასტურებს კლინიკაში შიდა გადადების ფაქტს. საუნივერსიტეტო კლინიკაში სხვა დამატებით ინფორმაციას სამედიცინო მუშაკების ინფიცირების შესახებ არ გასცემენ.

2 მაისს კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა კახეთში. ინფიცირებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმია. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, უცნობი იყო დაინფიცირების წყარო. მისი თქმით, ინფიცირებული ექიმი დადიოდა გამოძახებებზე და, გარდა ამისა, პაციენტებს იღებდა კლინიკაშიც.

რატომ ინფიცირდება მედპერსონალი?

კორონავირუსის მართვის პროცესში, მსოფლიოში ათასობით მედპერსონალი დაინფიცირდა. არიან დაღუპულებიც. იტალიის ექთანთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის, ვალტერ დე კაროს ინფორმაციით, იტალიაში დაფიქსირდა ექთანთა თვითმკვლელობის შემთხვევებიც. 30 აპრილს, ის ტვიტერზე წერს: „მილანში, საკუთარ სახლში მოიკლა თავი კიდევ ერთმა ექთანმა. ამ ორ თვეში ეს უკვე მესამე შემთხვევაა. მან ვერ გაუძლო სტრესს“.

მსოფლიოში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მთავარ მიზეზებად გადაღლა, დაძაბული რეჟიმი, ეკიპირების სიმწირე და ეკიპირების მოხმარებისას დაშვებული შეცდომები სახელდება.

 

თუკი ამ ჩამონათვალს საქართველოს მაგალითზე გადმოვიტანთ, სურათი ასე გამოიყურება:

 

იმ კლინიკების ხელმძღვანელები, სადაც კოვიდინფიცირებული პაციენტები მკურნალობენ და, ჯამში, დღეის მონაცემებით, ასეთი სულ 370 პაციენტია, ამბობენ, რომ ეკიპირების დეფიციტი არც აქამდე ყოფილა და დეფიციტს არც მომავალში ელიან.

 

ქვეყანაში არ არის ინფიცირების ისეთი მაჩვენებელი, რაც სამედიცინო პერსონალის განსაკუთრებულ სტრესსა და გადაღლას იწვევს.

 

ჯანდაცვის სამინისტრო მიუთითებს იმაზე, რომ ექიმები პერმანენტულად გადიან ტრენინგებს კორონავირუსის მართვის პროცესში უსაფრთხოების საკითხებზე. თუმცა, ისევ და ისევ, მათივე მონაცემებს თუ დავეყრდნობით, მაგალითად, მიზნობრივმა ტესტირებამ აპრილის მიწურულისკენ ერთბაშად 20 ექიმის ინფიცირების შემთხვევა გამოავლინა.

 

შემუშავებულია პროტოკოლი პირველად ჯანდაცვაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციაზე საეჭვო შემთხვევის მართვის შესახებ. გაწერილია დროებითი რეკომენდაციები (გაიდლაინი) სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმწოდებლებისთვის. გაწერილია ასევე რეკომენდაციები სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც გულისხმობს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების, კონტროლის, მოხმარებისა და შენახვის წესებს. თუმცა, მიუხედავად ამ ღონისძიებებისა, ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალია.

 

თუკი, მაგალითად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე გავამახვილებთ ყურადღებას (სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ინფიცირების 10-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა), მოქალაქეთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახებისას, მედპერსონალი მათთან საგანგებო ეკიპირების გარეშე გამოცხადდა. ამას ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ნინო ბექიშვილიც, რომელმაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება 10 დღის წინ გამოიძახა:

 

„ტელეფონზე მკითხეს, მოგზაურობის ისტორია ხომ არ გაქვსო. ვუთხარი, რომ არ მქონდა. რაც შეეხება სიმპტომებს, მქონდა სიცხე და მწვავე მუცლის ტკივილი. ცოტა ხანში, დაახლოებით ისეთი აღჭურვილები მოვიდნენ, როგორც მე მაღაზიაში ჩავდივარ ხოლმე. ეკეთათ უბრალო პირბადე. მხოლოდ ერთს ეკეთა დამცავი ფარი და ეცვათ უბრალო ხალათები. მე რომ კორონავირუსით ინფიცირებული ვყოფილიყავი, აუცილებლად გადავდებდი მათაც“.

 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ექიმთა ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია ორი ფაქტორით. ორივე ფაქტორის გამომწვევი კი, მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმული დაგვიანებული და არასაკმარისი ნაბიჯებია:


„დიდი რაოდენობის მედპერსონალის ინფიცირება იწყება მაშინ, როდესაც მედპერსონალი გადაღლილია და სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმები სუსტდება. ჩვენ ეს ჯერ არ გვაქვს, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა დაბალია და ამ ინფიცირებულებიდან კრიტიკული არის, დაახლოებით, 20. შესაბამისად, ჩვენთვის მედპერსონალის ინფიცირების თითქმის 13-პროცენტიანი მაჩვენებელი, საგანგაშოა. ამ მაჩვენებელზე ორი ფაქტორი მუშაობს, როგორ განიხილება ნებისმიერი პაციენტი ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში, თუნდაც ეს იყოს სოფლის ექიმის კაბინეტი. ანუ, როდესაც ადამიანი მიდის პოლიკლინიკაში, ამბულატორიაში, როგორ ხდება პაციენტის ნაკადების მართვა ისე, რომ ვაი და, ეს პაციენტი აღმოჩნდეს ინფიცირებული, არის კი დაცული ინფექციის კონტროლის შიდა მექანიზმები? აქედან გამომდინარეობს უკვე მეორე ფაქტორი - მედპერსონალის ეკიპირება და, რაც მთავარია, მათი ტრენინგი, როგორც ამ ეკიპირების ჩაცმა-გახდაში, ისე ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმების სათანადო აღსრულებაში. ამის გარეშე ჩვენ მუდმივად გვექნება ის პრობლემა, რაც გვიდგას - ერთი, მედპერსონალის ინფიცირება და მეორე, საავადმყოფოების კარანტინში მოქცევა. ის, რომ 10-მდე დაწესებულება მოექცა კარანტინში, ერთადერთ რამეზე მეტყველებს, რომ პაციენტთა ნაკადების მართვა არ ხდება სათანადოდ და მეორე, ცალკეულ სამედიცინო დაწესებულებებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ არ უზრუნველყო შესაბამისი ტრენინგითა და აღჭურვილობით. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის ექიმების კრიტიკა, აქ ლაპარაკია ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე“.

 

მიუხედავად იმისა, რომ კლინიკების ხელმძღვანელები, რომლებიც დღეს კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, აცხადებენ, რომ მათ ეკიპირების პრობლემა არ აქვთ, როგორც ჩანს, განსხვავებული მდგომარეობაა რიგით ამბულატორიულ დაწესებულებებში. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ეუბნება საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი, ირაკლი ამირანაშვილი. გასულ კვირაში მას ერთ-ერთი ამბულატორიული დაწესებულების თანამშრომლებმა მიმართეს:

 

„შპს ნომერ მეოთხე საოჯახო ცენტრის თანამშრომლებმა მოგვმართეს და გვითხრეს, რომ სამედიცინო პერსონალს არ ჰქონდა შესაბამისი ეკიპირება. მოგეხსენებათ, რომ, მაგალითად, პირბადეებს, ხელთათმანებს სჭირდება ხშირი ცვლა. მათ კი ჰქონდათ პრობლემა, რომ დღის განმავლობაში აძლევდნენ მხოლოდ ერთ პირბადეს, ერთ ხელთათმანსა და ერთ ხალათს. ჩვენი ჩართულობით, ეს პრობლემა დღეს გამოსწორებულია“.


რადიო „თავისუფლება“

თეგები:
COVID-19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up