რატომ გახდა საქართველო ცრუ ამბების სამიზნე ყარაბაღის ომში?!

რატომ გახდა საქართველო ცრუ ამბების სამიზნე ყარაბაღის ომში?!

access_time2020-10-11 10:00:04

მთიან ყარაბაღში და მის გარშემო საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საინფორმაციო ომიც მიმდინარეობს.

 

ცრუ ამბების სამიზნე დაპირისპირებული მხარეების გარდა სხვა ქვეყნებიც არიან, მათ შორის საქართველო, რომლის ოფიციალური პოზიცია დღიდან კონფლიქტის განახლებისა, უცვლელია - ქვეყანა ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მხარეებს მოლაპარაკებებისთვის თბილისს სთავაზობს.

 

საქართველოს ნეიტრალური პოზიციის მიუხედავად, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე გავრცელებულ ცრუ ამბებსა და დეზინფორმაციის ნაკადში საქართველო მოექცა როგორც ხან სომხეთის, ხან აზერბაიჯანის მხარდამჭერი. ყველაზე ხშირად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ატარებს აზერბაიჯანისთვის განკუთვნილ სამხედრო ძალას და იარაღს. სამივე ქვეყნის ოფიციალური პირები ვირუსულად გავრცელებულ ცნობებს საგანგებო განცხადებებით ეპასუხებიან, თუმცა მათ უარყოფას ნაკლები შედეგი აქვს. საომარ ვითარებამდე დეზინფორმაციულ კამპანიებს, რომლებიც ჰომოფობიის, ნაციონალიზმისა და ეთნიკური ნიშნით შუღლის გაღვივებას ისახავდა მიზნად, იმდენად ნოყიერი ნიადაგი აქვს მომზადებული, რომ მოსახლეობა ადვილად იჯერებს ომის თემაზე შექმნილ ცრუ ამბებს.

 

„რეალურად ეს ყველაფერი იმ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებაში შუღლი გააღვივონ და ერთმანეთს დააპირისპირონ. ჩვენ გვყავს როგორც ეთნიკურად სომეხი, ასევე ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა და, რა თქმა უნდა, ბევრ აქტორს დაეხმარება, თუ საქართველოში კიდევ ერთ საკითხზე იქნება უთანხმოება და ნეგატიური განწყობები გაძლიერდება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ატლანტიკური საბჭოს DFR ლაბორატორიის მკვლევარმა, ეთო ბუზიაშვილმა.

 

ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების განახლებიდან მეორე დღესვე, 28 სექტემბერს, ჯავახეთში, კერძოდ - ნინოწმინდაში, მოსახლეობამ სომხური არმიისთვის სხვადასხვა პროდუქტი და ნივთი შეაგროვა კონფლიქტის ზონაში გასაგზავნად. საქართველო-სომხეთის საზღვარზე ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები შეაყოვნეს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან საპროტესტო აქცია მოჰყვა. საბოლოოდ, ქართველმა მესაზღვრეებმა საკვები და სამედიცინო პროდუქტებით დატვირთული ორი სატვირთო მანქანა გაუშვეს, ოთხ სატვირთო ავტომობილს კი, სადაც სათადარიგო საბურავები იყო მოთავსებული, ნებართვის აღება მოსთხოვეს და საზღვარზე აღარ გაატარეს.

 

საპროტესტო აქცია იმ დღეს დაიშალა, თუმცა მას შემდეგ, რაც სომხურენოვან მედიასა და სოციალურ ქსელებში დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელება, სადაც საქართველოს თურქეთიდან წამოსული იარაღის აზერბაიჯანისთვის მიწოდებაში ადანაშაულებდნენ, ჯავახეთში კვლავ დაიძაბა სიტუაცია.

 

„მთავარი ამ დროს რა არის? მაქსიმალურად დააბნიო მოსახლეობა და რაც შეიძლება მეტი ნაღმი ჩადო, რომელზეც შეიძლება ვიღაც აფეთქდეს. დეზინფორმაცია საომარი ვითარების გარეშეც, მშვიდობის დროს, შუღლის გაღვივებისკენ არის მიდრეკილი და შედეგი უკვე გამოიღო ამ ცრუ ამბებმა საქართველოში აქციების სახით”, - ამბობს Grass-ის მკვლევარი, მარიამ წიწიკაშვილი.

 

ჯავახეთში, თურქეთის მოსაზღვრე სოფელ კარწახთან, 29 სექტემბერს ადგილობრივმა მოსახლეობამ თურქეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა, რათა ხელი შეეშალათ თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით მომავალი ავტომანქანებისთვის.

 

ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე” იუწყებოდა, რომ დემონსტრანტები საუბრობდნენ სოციალური ქსელით მიღებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც საქართველომ აზერბაიჯანს გზა გაუხსნა.

 

„ფეისბუკზე წავიკითხეთ, რომ საქართველომ აზერბაიჯანს მარტივად გაუხსნა გზა, ჩვენ კი გუშინ ძლივს შევძელით სურსათის გაგზავნა. გვაინტერესებს, რატომ არ გვაძლევს საქართველო უფლებას, სომეხ სამხედროებს დავეხმაროთ“, - უთხრა „სამხრეთის კარიბჭეს“ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა.

 

 


ამავე აქციის მონაწილე დემონსტრანტის მიერ ნათქვამი ფრაზა - „ჩვენი მიზანია, არ დავუშვათ იარაღის და აღჭურვილობის გადატანა თურქეთიდან აზერბაიჯანში“, ახალქალაქის ტელევიზია“ ატვ 12”-ის ეთერში მოხვდა.

 

 

„ეს ძალიან კარგი მაგალითია იმის, რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ონლაინ გავრცელებული ამბავი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ომის დროს ქაოსია, არავინ აღარ ეცნობა ინფორმაციას ბოლომდე, ხალხი გარეთ არის და როცა ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, მერე რეაგირება ძალიან რთულია და ზოგჯერ დაგვიანებულიც”, - ამბობს ეთო ბუზიაშვილი, რომელიც თვლის, რომ „ომში დეზინფორმაციულ ტალღებს შედეგები უფრო მალე მოჰყვება ხოლმე, ვიდრე მშვიდობიან პერიოდში და უფრო საშიშიც არის”.

 

ერთადერთი გზა მავნე ზეგავლენის შესამცირებლად, ოფიციალური პირების მუდმივი კომუნიკაციაა მოსახლეობასთან, ინფორმირება იმის შესახებ, რაც ხდება და გავრცელებული ტყუილების გაბათილება. ასე მოიქცა, მაგალითად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და 5 ოქტომბერს მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მოუწოდა ყველას და მათ შორის სომხურ მხარეს, არ აჰყოლოდნენ დეზინფორმაციას, რაც ტვირთების გატარებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა.

 

„ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიცია არის ცალსახა, რაც გაჟღერდა კიდეც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გუშინდელ სხდომაზე. საქართველო შეაჩერებს ნებართვების გაცემას სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე ორივე ქვეყნის მიერ, ამასთან, ეს ცალსახად არ შეეხება სამოქალაქო დანიშნულების ტვირთებს და ამ მიმართულებით საქართველო გააგრძელებს თავისი ვალდებულებების პირნათლად შესრულებას, როგორც მესამე ქვეყნების მიმართ, ასევე ჩვენი მეზობლების მიმართ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაკვირდებით, რომ სოციალურ სივრცეში ვრცელდება სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია და ფეიკნიუსები, თითქოს საქართველოს გავლით ხდება იარაღის გადატანა. სულ ახლახანს ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანში მოხდა იარაღის შეტანა საქართველოს ტერიტორიის გავლით, რაც არის ცალსახად დეზინფორმაცია და ფეიკნიუსები“, - ეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას 5 ოქტომბრის განცხადებაა.

 

8 ოქტომბერს დეზინფორმაციულ ტალღასთან დაკავშირებით მოწოდება გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, ედუარდ აღაჯანიანმა და თქვა, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის ნაკადი მოიცავდა შემაშფოთებელ ტენდენციას, თითქოს, საქართველო მხარს უჭერს აზერბაიჯანს და მოუწოდა მოსახლეობას, არ აჰყოლოდნენ მიზანმიმართულ პროვოკაციებს.

 

„საომარი მოქმედებების დროს ზოგადად თითოეულ ნათქვამ ფრაზას, თითოეულ გავრცელებულ დეზინფორმაციას შესაძლოა გაცილებით მავნე შედეგები მოჰყვეს, რაც შეიძლება ადამიანების სიცოცხლის ფასიც კი დაჯდეს. ყველაზე ექსტრემალურ სცენარს თუ წარმოვიდგენთ, ისიც კი შეიძლება, რომ ომის ექსპორტირება ჩვენს ტერიტორიაზე გადმოვიდეს თუნდაც იმ ადგილებში, სადაც ომში მონაწილე ეთნიკური უმცირესობები ერთად ცხოვრობენ, ან კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში”, - უთხრა რადიო თავისუფლებას Grass-ის მკვლევარმა, მარიამ წიწიკაშვილმა. Grass-ი და „მითების დეტექტორი“ ფეისბუკთან ერთად მუშაობენ იმაზე, რომ ონლაინ ნაკლები ცრუ ინფორმაცია გავრცელდეს და ყველა საეჭვო ან ცრუ ამბავს შესაბამის აღნიშვნას უკეთებენ, რომ ის წაიშალოს, თუმცა მხოლოდ არასამთავრობო სექტორის ბრძოლა დეზინფორმაციის ფრონტზე საკმარისი არ არის და სახელმწიფოს მეტი ჩართულობა პრინციპულად მნიშვნელოვანია.

 

„ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ მაინც ის არის, როცა სახელმწიფოს როლზე ვსაუბრობთ, რომ თვითონ პროკურატურის მიერ არის ინიცირებული ისეთი საქმე [კარტოგრაფების საქმე], რაც, გარკვეულწილად, ამ დაძაბულ ვითარებაში, ცეცხლზე ნავთს ასხამს.

 

ჩვენ გვყავს ეთნიკურად სომეხი და ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა და არსებობს გარკვეული რისკი, რომ ამ თემაზე [დავით გარეჯის “მიტაცება”] სპეკულირებით დაზიანდეს საერთო ინტერესი და მათზე ეს პროცესი ცუდად აისახოს. სამართლებრივი დავა რეალურად არის წინასაარჩევნო პროცესის ნაწილი და ყველაზე საზიანო არის ის, რომ ამას აკეთებს ხელისუფლება და არა რადიკალი ჯგუფები, რომლებიც ისედაც ატარებენ რუსულ დღის წესრიგს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა თამარ კინწურაშვილმა.

 

აქცია მთავარ პროკურატურასთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე დაკავებულების მხარდასაჭერად

მთიან ყარაბაღში განახლებული საომარი მოქმედებების პარალელურად გავრცელებული დეზინფორმაციიდან, ცრუ ამბებზე მომუშავე ორგანიზაციების თვალთახედვის არეში მოხვდა შემდეგი ფაქტები:

 

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ამბავი, თითქოს ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარდასაჭერად თბილისში ანძა და მშვიდობის ხიდი აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა. აღნიშული დეზინფორმაცია პირველად აზერბაიჯანულმა საიტმა Oxu.az-მა გამოაქვეყნა, შემდეგ კი ის აიტაცეს როგორც აზერბაიჯანულმა, ასევე სომხურმა გამოცემებმა და ვირუსულად გავრცელდა სოციალურ მედიაში. სინამდვილეში ეს ფოტო არა ყარაბაღის ომის განახლების შემდეგ, არამედ აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს - 28 მაისსაა გადაღებული, როცა საქართველომ მეზობელ სახელმწიფოს ეს მნიშვნელოვანი თარიღი მეგობრული ჟესტით მიულოცა.

 

სოციალურ მედიაში (Facebook-ზე, Instagram-ზე, Telegram-ზე, Twitter-ზე) გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები საქართველოს გავლით გადაადგილდებიან.

 

 

ამ ცრუ ამბებთან დაკავშირებით 3 ოქტომბერს განმარტება გააკეთა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა და განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა და ეს სიცრუე „მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად რეგიონში ვითარების ესკალაციას და დაძაბვას“.

სოციალურ ქსელებში 4-6 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თურქეთიდან ბაქოში საქართველოს გავლით სამხედრო თვითმფრინავი IL-76 მიფრინავდა. ზოგიერთი პოსტი ასევე ამტკიცებდა, რომ IL-76-ს სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა. ეს პოსტები ძირითადად ფეისბუკსა და ტელეგრამზე, ინგლისურ, რუსულ და სომხურ ენებზე გამოქვეყნდა. მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საქართველომ საჰაერო გზით აზერბაიჯანის მიმართულებით სამხედრო ტვირთი გაატარა, არ არსებობს. ხსენებული IL-76TD აზერბაიჯანულ ავიახაზებს Silk way Airlines-ს ეკუთვნის, და ის სამოქალაქო დანიშნულების თვითმფრინავია.

 

ერთ-ერთმა სომხურენოვანმა ფეისბუკგვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც საუბარია, თითქოს ბორჯომის რკინიგზის სადგურიდან ხდება აზერბაიჯანისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება. ვიდეოში ჩანს მანქანიდან გადაღებული კადრები, რომლებზეც ასახულია შენობები, რკინიგზა, სატვირთო მანქანები და რამდენიმე ტანკი. სომხეთის საელჩომ ეს ინფორმაცია უარყო და მოქალაქეები გააფრთხილა, თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას. „სამხედრო აღჭურვილობა, რაც ვიდეოშია ნაჩვენები, ეკუთვნის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და გადაადგილება ხორციელდებოდა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია საელჩოს 2 ოქტომბრის განცხადებაში.

4 ოქტომბერს ვრცელდებოდა დასპონსორებული პოსტი, ნახატით, სადაც ახალქალაქი და ახალციხე წითლად არის მონიშნული, და დეზინფორმაციული ტექსტით “Akhalkalaki is Armenia. Akhaltsikhe is Armenia”. პოსტს ავრცელებდა 29 სექტემბერს შექმნილი გვერდი, რომელსაც სხვა კონტენტი განთავსებული არ აქვს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული გვერდი სწორედ მსგავსი პროვოკაციული პოსტის გასავრცელებლად შეიქმნა.

 

დეზინფორმაციების ახალი ტალღის საფუძველი გახდა ყარაბაღის განახლებული კონფლიქტი იმ გამოცემებისთვის, რომლებიც წლებია გამოირჩევიან ანტიდასავლური და პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელებით. მაგალითად:

 

NewsFront-მა 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ავტორი ამტკიცებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ აშშ-ის და არა რუსეთის ინტერესებშია.

ქართულ სოციალურ მედიაში ხელახლა გავრცელდა 2018 წლის 5 მაისით დათარიღებული ინფორმაცია, რომ თითქოს სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა და ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბაგრამიანის სახელობის ბატალიონსა და აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ მისი მონაწილეობის შესახებ ისაუბრა და თქვა: „ბაგრამიანის ბატალიონის მონაწილეობა საქართველოს წინააღმდეგ იყო სომხების საბედისწერო შეცდომა, რამაც გააფუჭა ქართულ-სომხური ურთიერთობები”. ნეტგაზეთთან საუბარში 2018 წელსვე, ფაშინიანის ოფისში დეზინფორმაცია უწოდეს ფაქტს, რომ თითქოს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ამგვარი განცხადება გააკეთა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია 2020 წლის 29 სექტემბერს კვლავ გააზიარეს Facebook-გვერდებმა თანამოაზრეთა გაერთიანება - საქართველო და დედაქალაქი.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება მკვეთრად გამწვავდა 27 სექტემბერს. განახლებული საბრძოლო მოქმედებები ყველაზე მწვავეა 1994 წლის საზავო შეთანხმების შემდეგ. ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ კონფლიქტის ესკალაციაში. ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაში.


რადიო თავისუფლება




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up