“ხრუშჩოვკების“ მშენებლობით, “არქიმ“ სოციალური პასუხისმგებლობა აიღო, რათა კალაძის პრესტიჟის გადაერჩინა“ - რის სანაცვლოდ უცნობია

“ხრუშჩოვკების“ მშენებლობით, “არქიმ“ სოციალური პასუხისმგებლობა აიღო, რათა კალაძის პრესტიჟის გადაერჩინა“ - რის სანაცვლოდ უცნობია

access_time2019-06-19 14:00:57


ვარკეთილში ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების საპილოტე პროექტი იწყება. რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში „არქი ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ „შპს ვარკეთილი დიველოფმენთმა“ გაიმარჯვა.



მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერობის თითქმის ყველა კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირება „ხრუშჩოვნების“ პრობლემის მოგვარება იყო, ამ თემის დაძვრა მხოლოდ კახა კალაძემ შეძლო.



ჯერ კიდევ 2017 დასაწყისში “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე თბილისელ ამომრჩეველს დაპირდება, რომ ე.წ. “ხრუშჩოვკებს” თანამედროვე კორპუსებით ჩაანაცვლებდა.



წლის ბოლოს უკვე მერმა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა: „მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ინვესტორებს. მნიშვნელოვანია, თანხვედრა იყოს ინვესტორებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებს შორის. ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ დახმარება, ხელშეწყობა. ე.წ. ხრუშჩოვკების პროექტის განხორციელება შესაძლებელია. შეთავაზება უნდა იყოს სამი მიმართულებით: ფართების გამოსყიდვა, სხვა კონკრეტულ რაიონში საცხოვრებელი ბინების შეთავაზება ან ხრუშჩოვკების ადგილზე, ახალაშენებულ სახლებში ფართით დაკმაყოფილება“.



ამ სიტყვებიდან რამდენიმე თვეში „ხრუშჩოვკების“ პროექტზე პირველი ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, თუმცა წამგებიანი ბიზნესით მშენებელი კომპანიები არ დაინტერესდნენ. რამდენიმე თვეში გამოცხადებულ მეორე ინტერესთა გამოხატვაში კი გამარჯვებულად „შპს ვარკეთილი დიველოფმენთი“, ანუ ფაქტობრივად, არქი ჯგუფი დასახელდა.



საქმეში ჩახედულები ამბობენ, რომ ხრუშჩოვკები კალაძისთვის პრესტიჟის საქმეა, მაგრამ რატომ დაინტერესდა თავად “არქი ჯგუფი“ ვარკეთილის მე- 3 მასივში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობით, რომელიც იმთავითვე შეფასდა წაგებიან პროექტად? იყო თუ არა თანამშრომლობის მიზეზი თბილისის მერის კახი კალაძის და დეველოპერული კომპანია არქის დამფუძნებლის ილია წულაიას მეგობრული და უკვე ნათესაური კავშირები?


დეველოპერულ კომპანიებში ამ თემაზე ღიად საუბარი არ ისურვეს, თუმცა, „კომერსანტთან“ პირად საუბარში მშენებლები ამბობენ, რომ პროექტი სირთულისა და პრობელმატურობის გამო ბიზნესისთვის მართლაც წამგებიანია და ამიტომ არ არის საინტერესო. ამბობენ იმასაც, რომ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა თბილისის სხვა ტერიტორიაზე, სადაც „ხრუშჩოვკებია“, გაცილებით მოგებიანი იქნება, ვიდრე ვარკეთილის მე- 3 მასივში.



რაც შეეხება არქის ამ პროექტით დაინტერესებას, სამშენებლო კომპანიები ამას ბიზნესინტერესებზე მეტად კომპანიის და თბილისი მერიის პირადი ურთიერთობით ხსნიან. ერთნი ამბობენ, რომ მერია და არქი მეგობრობენ და სწორედ ამიტომ მისცა კახი კალაძის უწყებამ ამხელა დაკვეთა, უბრალოდ უცნობია რის სანაცვლოდ. მეორენი კი ფიქრობს, რომ მერია ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების საპილოტე პროექტში გაიჭედა და პრესტიჟის შესანარჩუნებლად კალაძემ არქისთან პირადი ურთიერთობა გამოიყენა. ერთი სიტყვით, “ხრუშჩოვკების“ მშენებლობით, “არქიმ“ სოციალური პასუხისმგებლობა აიღო, რათა კალაძის პრესტიჟის გადაერჩინა.



ვიდრე ამ საკითხზე თავად „შპს ვარკეთილი დიველოფმენთის“ პოზიციას გაგაცნობთ, მოკლედ მიმოვიხილავთ იმ მოთხოვნებს, რომლის დაკმაყოფილებაც სამშენებლო კომპანიას მოუწევს.




„ხელშეკრულების“ პირობების მიხედვით, კომპანიამ უძრავი ქონება მუნიციპალიტეტს დასრულებული სახით არაუგვიანეს 3 წლის ვადაში უნდა გადასცეს. უშუალოდ მშენებლობა კი დოკუმენტის გაფორმებიდან 6 თვის ვადაში უნდა დაიწყოს.



ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ იმისაც, რომ „შპს ვარკეთილი დიველოფმენთს“ 30 205 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისის მერიამ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა. მუნიციპალიტეტისათვის გადასაცემი ბინების საერთო ფართის მინიმალური ჯამური ოდენობა კი 7 500 კვ. მ.-ით განისაზღვრა.



„შპს ვარკეთილი დიველოფმენთის“ დირექტორი დიმიტრი ადამია „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ კომპანიაში ამ ეტაპზე პროექტზე მუშაობა დაწყებულია, რომელსაც უახლოეს მომავალში თბილისის მერიაში წარადგენენ. მისივე თქმით, სამშენებლო კომპანია პირველ კორპუსს დაახლოებით წელიწადნახევარში დაასრულებენ.



დიმიტრი ადამია ამბობს, რომ პროექტი მასშტაბურია და მასში დაახლოებით 35- 40 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება.



„პროექტის მიხედვით ხუთი თორმეტსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება, ასევე მოეწყობა საბავშვო ბაღი და დიდი სარეკრეაციო ზონა. გეერგეს მიხედვით მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი საკმაოდ დაბალი 2,0 -ია, სწორედ ამის ფარგლებში ვამზადებთ პროექტს, რის შემდეგაც პროექტი შევათანხმეთ თბილისის მერიასთან და მშენებლობის ნებართვას მივიღებთ. საცხოვრებელ კომპლექსში სულ რამდენი ბინა იქნება, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც პროექტს გავაკეთებთ,“ - განმარტავს დიმიტრი ადამია.



დიმიტრი ადამია „კომერსანტთან“საუბარში ასევე აცხადებს, რომ დეველოპერულ კომპანიას სოციალურ პროექტში მონაწილეობის სურვილი თავად ჰქონდა და ამიტომ კომპანიისთვის ავარიულ კორპუსში მცხოვრები, დაახლოებით, 170 ოჯახის ბედი ფინანსურ სარგებელზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.



„პირველ ეტაპზე არავინ გამოხატა ინტერესი, რადგან მოთხოვნებში საკმაოდ მძიმე, მერიისთვის მომგებიანი პირობები დევს. აქედან გამომდინარე, განაცხადი არავინ შეიტანა. მეორე ინტერესთა გამოხატვაში გადავწყვიტეთ ჩავრთულიყავით, რადგან სოციალური პროექტი არის და გვინდოდა მსგავსი პროექტი განგვეხორციელებინა. ჩვენ სხვა პროექტებში ფინანსური მოგება გაცილებით მეტი გვაქვს, ვიდრე ამ პროექტში. ამ მოგების მარჟაზე უარი ვთქვით და გადავწყვიტეთ, განგვეხორციელებინა სოციალური პროექტი. პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, დიდია, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ამ პროექტს წარმატებით დავასრულებთ და ის ოჯახები, რომელებიც დღეს ავარიულ კორპუსებში ცხოვრობენ, ახალ ბინებში შესახლდებიან“.



შპს „ვარკეთილი დიველოფმენთის“ დირექტორი იმ მიზეზებზე საუბრობს თუ რატომ ჩავარდა პირველი ინტერესთა გამოხატვა და რატომ არ აღმოჩნდა მიმზიდველი ბიზნესისთვის თბილისის მერიის მიერ შეთავაზებული პირობები.



„მიწის ფასი დამოკიდებული არის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტზე, რადგან ამ შემთხვევაში, კოეფიციენტი არის დაბალი, მიწის მიმზიდველობაც დეველოპერისთვის დაბალია. კიდევ ერთი მიზეზი რატომაც დეველოპერებმა უარი თქვეს ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღებაზე, არის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენის პირობები. დეველოპერმა რომ გაყიდოს ფართი, მთლიანი კორპუსის ღირებულების საბანკო გარანტია უნდა წარუდგინოს მერიას. საკმაოდ ტვირთიანი პროექტია რთული მოთხოვნებით, ამიტომ აღვნიშნე, რომ მერიისთვის არის მომგებიანი, რადგან გადაზღვეულია,“ - განმარტავს დიმიტრი ადამია.



„კომერსანტის“ კითხვაზე „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტით დაინტერესება ხომ არ იყო თბილისის მერიის და სამშენებლო კომპანია „არქის“ მეგობრობით განპირობებული - დიმიტრი ადამია გვპასუხობს:


„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სოციალური პროექტი გაგვეხორციელებინა, ამიტომ შევედით პროექტში, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, რას ნიშნავს მეგობრობა არ ვიცი. ღია ინტერესთა გამოხატვა იყო, რომელიც ერთხელ ჩავარდა. მეორედ მერიის ოფიციალურ საიტზე იყო გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა და ნებისმიერ დეველოპერს, ვისაც ინტერესი ჰქონდა და ვინც დააკმაყოფილებდა გარკვეულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეეძლო პროექტში მონაწილეობა. 6 987 459 ლარის ღირებულების მიწას ვიღებთ და სანაცვლოდ დაახლოებით 13 მლნ ლარის ბინებს გადავცემთ. რაც შეეხება მიწის ფართს, როდესაც 30 205 კვ.მ მიწის ნაკვეთს გადმოგვცემს მერია, შემდეგ უკან უნდა დავუბრუნოთ ბაღის მიწა, გზებისთვის მიწა, სარეკრეაციო მიწა, დაახლოებით 10 000 კვ.მ. “, - განაცხადა დიმიტრი ადამიამ.



რა ეღირება ვარკეთილის მე- 3 მასივში საცხოვრებელი კომპლექსის ფასი ჯერჯერობით უცნობია. დიმიტრი ადამია ამბობს, რომ ვარკეთილში ჯერ გაყიდვები არ ჰქონიათ, ამიტომ ზუსტი ფასი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კვლევას ჩაატარებენ და საბაზრო ღირებულებას გაიგებენ.


გაურკვეველი კიდევ ერთი საკითხი რჩება, რა პერიოდში გაყიდის ბინებს არქი ჯგუფი, როდესაც პროექტი დასრულდება, რადგან წლის განმავლობაში ვარკეთილში საშუალოდ მხოლოდ 500- 600 ბინა იყიდება.


ამ ეტაპზე გარკვეულია ერთი რამ, ხრუშჩოვკების ჩანაცვლების მძიმე ტვირთი „არქი ჯგუფმა“ საკუთარ თავზე აიღო და კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებაც შესრულებას იწყებს.


 

ბაჩო ადამია




„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“
access_time2019-11-18 14:30:56
ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ...

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს  შეხვდნენ
access_time2019-11-18 13:28:03
„კომერსანტისთვის“  ცნობილი გახდა, რომ ახლად დანიშნულმა  ბიზნესომბუდსმენმა პირველ სერიოზულ ბიზნეს ქეისზე დაიწყო მუშაობა-ის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. განსახილველი საკითხი ეკატერინე ტიკარაძის უწყების მიერ გატარებული რეფორმაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებას გულისხმობს.   8 ნოემბერს „კომერსანტი“ წერდა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის...

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა
access_time2019-11-18 12:51:44
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს. „ეჭვი მაქვს, იქნებ, ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება, რომ არ მივიღოთ, რადგან ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე. ის შევადგინეთ მას შემდეგ, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ბიუჯეტის და იმ...

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად
access_time2019-11-18 11:20:21
ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა, Mastercard-მა, პროექტის “Cashelss for future” გამარჯვებულები გამოავლინა. ფინანსური განათლების ასამაღლებელი ტრენინგები Mastercard-მა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებთან“ ერთად დაგეგმა, პროექტის მოწვეული ტრენერი საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეც გახლდათ. პროექტი 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად საუკეთესო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას ისახავდა, რომელიც საქართველოში უნაღდო...

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“
access_time2019-11-18 12:16:29
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პრესსამსახური  გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას  ავრცელებს, რომელსაც “კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად უკანასკნელ დღეებში. გუშინ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული...


მსგავსი სიახლეები

up