რატომ არის საქართველო წარმატებული კორონავირუსთან ბრძოლაში მაშინ, როცა ბევრი დასავლური ქვეყანა მარცხდება?

რატომ არის საქართველო წარმატებული კორონავირუსთან ბრძოლაში მაშინ, როცა ბევრი დასავლური ქვეყანა მარცხდება?

access_time2020-03-23 13:29:48

სად ამჯობინებდით ყოფნას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საუკუნის ყველაზე დიდი კრიზისის დროს: ჰოლანდიაში თუ საქართველოში?ამ ბოლო დრომდე ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ალბათ, არავინ დაასახელებდა სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველოს. ყველაზე დიდი პატრიოტი ქართველიც კი აღიარებდა, რომ მაღალშემოსავლიანი დასავლეთევროპული ქვეყნის უპირატესობების მქონე ჰოლანდია, თავისი ფულის, შესაბამისი დაწესებულებების და ცოდნა-გამოცდილების წყალობით, ბევრად უფრო მომგებიან პოზიციაშია პანდემიის გავრცელების პრევენციის და მინიმიზაციის თვალსაზრისით. მართლაც, ჯანდაცვის გლობალური ინდექსის უკანასკნელი მონაცემების თანახმად, რომელშიც შეფასებულია დაავადების გავრცელებისთვის მზადყოფნა, ჰოლანდია მე-3 ადგილზეა. იმავე ინდექსში საქართველო 42-ე ადგილზეა, რაც მართალია, ქებას იმსახურებს, მაგრამ არ წარმოადგენს გრანდიოზულ შედეგს.


თუმცა, ახალ კორონავირუსზე რეალური პასუხის გაცემის მხრივ, აღმოჩნდა, რომ სიმდიდრე არ იძლევა კრიზისის დროს ეფექტიანი პოლიტიკის გარანტიას. შორს რომ არ წავიდეთ, ადრეულ ეტაპზე არსებობს მინიშნება, რომ უფრო შეძლებული ევროპული ქვეყნების პასუხის ეფექტიანობა ჩამოუვარდება შედარებით ნაკლებად შეძლებული ქვეყნების რეაგირებას - ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე.


საქართველო და ჰოლანდია წარმოადგენენ კარგ მაგალითებს შედარებისთვის, რადგან პირველი შემთხვევები აქ თითქმის ერთდროულად დადასტურდა (საქართველოში პირველი შემთხვევა დადასტურდა ჰოლანდიამდე 1 დღით ადრე). იმ დროისთვის, როცა იწერება ეს სტატია, საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა 0-ს უდრის, ხოლო დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა - 43-ს, და ყველა მათგანი უშუალოდ თუ ირიბად არის დაკავშირებული ვირუსის იმპორტთან. ჰოლანდიაში კი, მიუხედავად ტესტირებაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობისა, უკვე 106 ადამიანი გარდაიცვალა და დადასტურდა 2994 შემთხვევა. დღესდღეობით ჰოლანდიის ხელისუფლება თვლის, რომ ეპიდემიის შეჩერება შეუძლებელია, რის გამოც მან, არსებითად, ხელი აიღო ვირუსის შეჩერებაზე.
რა თქმა უნდა, ჰოლანდია ეკონომიკურად ბევრად უფრო ურთიერთდაკავშირებული ქვეყანაა, რის გამოც მოსალოდნელია იმპორტირებული შემთხვევების ბევრად უფრო მკვეთრი ზრდა. თუმცა ის ფაქტი, რომ ვირუსმა ორივე ქვეყანაში ერთსა და იმავე დროს შეაღწია, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ეკონომიკა ვერ ჩაითვლება შედეგებში ამხელა განსხვავების მიზეზად. შესაძლო მიზეზად ვერც ტესტირების განსხვავებულ რაოდენობრივ მაჩვენებელს დავასახელებთ, რადგან ჰოლანდიაში ბოლო დრომდე ტარდებოდა ტესტების უკიდურესად შეზღუდული რაოდენობა. სიკვდილიანობის სტატისტიკა, რომელიც ბევრად უფრო სანდოა, არსებითად მეტყველებს იმაზე, რომ ჰოლანდიაში რეალური შემთხვევების რაოდენობა ათობით ათასს უდრის, ხოლო საქართველოში მას, დიდი ალბათობით, 100-მდეც კი არ მიუღწევია.


ეპიდემიაზე ამ 2 ქვეყნის პასუხის ანალიზი იძლევა მითითებებს, თუ რატომაა ამხელა განსხვავება შედეგებში.


კრიზისის საწყის ეტაპზე საქართველოში გატარდა მკაცრი ზომები იმპორტირებული შემთხვევების პრევენციის და დადგენის მიზნით. ქვეყანაში ჩასულ ყველა პირს არა მხოლოდ ტემპერატურა გაუზომეს, არამედ გამოართვეს დაწვრილებითი ინფორმაცია და საკონტაქტო დეტალები იმ შემთხვევისთვის, თუკი მათ მოგვიანებით აღმოაჩნდებოდათ შესაბამისი სიმპტომები. ასეთი ეფექტიანი მიდგომის შედეგად, პირველი შემთხვევა საზღვარზევე დადგინდა.


ასევე სწრაფად განხორციელდა მუშაობა ცნობილ კურორტებზე მოგზაურობის შეზღუდვის მიზნით, მიუხედავად იმ ზიანისა, რომელიც ამის შედეგად მიადგა აღმავლობის გზაზე მდგარ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას. ასევე სწრაფად და ბევრ დასავლურ ქვეყანაზე ადრე განხორციელდა პროაქტიული ზომები საჯარო სივრცეებში ჰიგიენური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.


მთავრობამ ასევე შექმნა სპეციალური ვებგვერდი და ატარებდა რეგულარულ ბრიფინგებს, სადაც საზოგადოებისთვის გაიცემოდა მკაფიო ინფორმაცია, რომელშიც ასახული იყო საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მოსაზრებები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. მოლხენა და გრძნობების ემოციური გამოხატვა ქართველთა კულტურის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, სოციალური დისტანცირება აქ ბუნებრივ მოვლენას არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, დაავადების შიშმა სწრაფად შეიტანა საყოველთაო ცვლილებები ქცევაში. იმ დროს, როცა დანარჩენ ევროპაში კრიზისის ესკალაცია მიმდინარეობდა, საქართველომ დახურა საზღვრები და გაატარა სოციალური დისტანცირების მკაცრი ზომები: დაიხურა ყველა რესტორანი, ბარი და სავაჭრო წერტილი - საკვები პროდუქტების მაღაზიების, ბანკების, ბენზინგასამართი სადგურების, აფთიაქებისა და ფოსტის განყოფილებების გარდა. ამჟამად ყველა საერთაშორისო ფრენა შეჩერებულია, ერთეული სახელისუფლებლო მარშრუტების გამონაკლისით. და ყველაფერი ეს ხდება ქვეყანაში, სადაც (იმ დროისთვის, როცა იწერება ეს სტატია) არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა კორონავირუსისგან. ჰოლანდიის რეაქცია, მეორე მხრივ, დიდი თვითკმაყოფილებით გამოირჩეოდა. არ გატარებულა თითქმის არანაირი ზომები მაშინაც კი, როცა უკვე დაფიქსირდა პირველი შემთხვევა.


ბიზნესი, როგორც ყოველთვის, მეფობდა. „პანიკის“ პრევენცია (რომლის არანაირი ნიშანიც არ არსებობდა) იქცა პრიორიტეტად ვირუსთან რეალური ბრძოლის ხარჯზე. თავდაპირველად ჰოლანდიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შეღწევის ალბათობა „ნულს“ უდრიდა, რის მიზეზადაც სახელდებოდა ვუჰანთან პირდაპირი რეისების არარსებობა. ჰოლანდიის მოქალაქეებს უთხრეს, რომ „ვირუსი, როგორც ჩანს, არ არის იმდენად გადამდები“, რომ საჭირო იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია, რადგან ვირუსი იოლად არ გადადის ზედაპირის მეშვეობით. პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ამაყად გაუსვა ხაზი იმას, რომ ჰოლანდიელები „პრაგმატული ხალხია“ და ისინი, სხვა ერებისგან განსხვავებით, არ აპირებენ პანიკაში ჩავარდნას. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ საბავშვო დაწესებულებაში დადასტურდა ინფექცია, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ იყო აუცილებელი მისი დახურვა (თუმცა თავად დაწესებულების მენეჯერებმა ცალმხრივად დახურეს იგი). მთავრობამ დაიწყო მოქმედება და შემოიღო სოციალური დისტანცირება (ძირითადად, ნებაყოფლობითი) მხოლოდ მას შემდეგ, რაც გარდაცვლილთა რიცხვმა მატება დაიწყო.


თავის მიმართვაში მოსახლეობისადმი პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ წარადგინა „მასობრივი იმუნიტეტის“ გამომუშავების გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მოსახლეობის დიდი ნაწილის ინფიცირების მიზანმიმართულ, თუმცა მართვად დაშვებას. მსგავსი გეგმა მყისიერად გამორიცხა გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამაც მას შემდეგ, რაც წინა დღეს ჩატარებულმა მნიშვნელოვანმა კვლევამ დაადასტურა, რომ ამ გეგმას ემსხვერპლებოდა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე მთელ მსოფლიოში. ეჭვგარეშე, ათასობით სადოქტორო დისერტაცია დაიწერება კორონავირუსის კრიზისზე სხვადასხვა რეაგირების თემაზე. ასევე ეჭვგარეშეა, რომ აქ გასათვალისწინებელია უამრავი ინსტიტუციური, კულტურული და პოლიტიკური ფაქტორი. მიუხედავად ამისა, ყალიბდება შაბლონი, რომელიც სცდება კონტინენტების, სიმდიდრისა და პოლიტიკური კონტექსტის ფარგლებს და რომელიც ასევე გასათვალისწინებელია. საზოგადოებები, რომელთა მასობრივ მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხალია მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი კრიზისების და ძვრების შესახებ მოგონებები, უფრო პროაქტიულ რეაგირებას ახდენენ იმ ქვეყნებთან შედარებით, რომელთაც კოლექტიური მეხსიერების სიმწირე ახასიათებთ. სწორედ კრიზისების შესახებ მოგონებები აკავშირებთ ერთმანეთთან აზიის ქვეყნებს, რომლებმაც ასე ეფექტიანად შეაჩერეს ვირუსის გავრცელება, ისეთ პოსტ-კომუნისტურ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, და ეკონომიკური პრობლემებით დათრგუნულ სამხრეთ ევროპის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საბერძნეთი. სინგაპურისა და სამხრეთ კორეის შემთხვევაში, ცალსახად დიდ როლს ასრულებს კონკრეტულად SARS-თან დაკავშირებული მოგონებები, თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოც, ლიბანიც და საბერძნეთიც პროაქტიული საპასუხო მოქმედებებით დაუპირისპირდნენ ვირუსს თავიანთ რეგიონებში. და პირიქით, ქვეყნები, სადაც მეტ-ნაკლები სიმშვიდე და კეთილდღეობა სუფევდა (2008 წლის კრიზისის შემდეგაც კი):


ჰოლანდია, გაერთიანებული სამეფო და აშშ - აშკარად აყოვნებდნენ ამ საფრთხის გაცნობიერებას. ამ ქვეყნების ცნობიერებაში სოციალური კრიზისი დიდი ხანია, რაც წარმოადგენს იმას, რაც სადღაც სხვაგან ხდება. აქ მსჯელობა, ძირითადად, ეხებოდა იმ პოტენციურ ეკონომიკურ ზარალს, რომელსაც რადიკალური ზომები იწვევს. ლონდონის ლუდხანებში თუ ამსტერდამის არხების გაყოლებაზე ბოლო დრომდე ვერ წარმოედგინათ, რომ ვირუსმა ეკონიმიკური ზრდის ტემპის დაგდებაზე უფრო დიდი ზარალი შეიძლება გამოიწვიოს.


ასე რომ, ნუთუ, მართლა სრულიად უადგილოა იმის მტკიცება, რომ კოლექტიური ისტორიული გამოცდილებით ნასაზრდოები საზოგადოებრივი იმუნური სისტემა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული ადამიანების ბიოლოგიური იმუნური სისტემა, როცა საქმე ეხება პანდემიის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლას? ნუთუ, შეიძლება, ნაწილობრივ მაინც, აიხსნას ჰოლანდიის და სხვა ქვეყნების მხრიდან ასეთი მწვავე საზოგადოებრივ კრიზისზე „ნაზი“ რეაგირება მხოლოდ „ანტისხეულების“ ნაკლებობით? ნუთუ, სამოქალაქო დაპირისპირებამ და უკიდურესმა გაჭირვებამ, რომლებიც საქართველოს 1990-იან წლებში დაატყდა თავს, არ შეიტანა წვლილი ისეთი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებაში, რომელიც უკეთესადაა აღჭურვილი, რათა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები, მიუხედავად უზარმაზარი ეკონომიკური ზარალისა? ხაზგასმით აღვნიშნავ: მიუხედავად უზარმაზარი ეკონომიკური ზარალისა, რომლიც ფუფუნებაც ქვეყნის დიდწილად გაჭირვებულ მოსახლეობას არ აქვს, თუკი შევადარებთ ამსტერდამისა თუ უტრეხტის შეძლებულ მოქალაქეებს.


წყარო: https://www.intellinews.com/colchis-why-is-georgia-succeeding-with-the-coronavirus-where-many-western-countries-are-failing-179039/






მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა
access_time2020-06-02 21:30:26
სათაურის წაკითხვისა და ფოტოს ნახვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დაგეუფლებოდათ - რადგან, როცა "უმდიდრეს ფეხბურთელს" წავიკითხავთ, თავში, პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამოტივტივდებიან, რომლებიც წლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შოულობენ.   თუმცა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც 2019 წელს "ხეტაფე" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი სახელი მეტიო ფლამინი...

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს
access_time2020-06-02 19:00:51
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა  თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე
access_time2020-06-02 18:40:45
„მაღალი ბიუჯეტი და დაბალი რეიტინგი - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში განიხილა. როგორც კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მაღალი ბიუჯეტის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი - 69 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტზე მეტია. რეიტინგებში საზოგადოებრივი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-02 21:55:14
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ (ფოტოები) ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე შპს მუხური რეზორთი ორ სასტუმროს აშენებს. სასტუმროს პროექტი „ლაკადა გრუპმა“ მოამზადა, სწორედ ეს კომპანია ახორციელებს სოფელ მუხურში...

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს
access_time2020-06-02 21:00:44
როდის დაბრუნდებიან ტურისტები?- ბოლო პერიოდში ევროპაში ეს კითხვა პირველ ადგილზე  გამოვიდა. ქვეყნების ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, თანაც ზაფხულიც მოვიდა.მიზანი, გარკვეულწილად სოციალურიც არის, თუმცა პირველ რიგში მაინც ეკონომიკური. კორონაკრიზისამდე ტურიზმზე ევროკავშირის ეკონომიკის 10% მოდიოდა.იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი ტურისტულ სექტორზე ძალიან დამოკიდებულები არიან.  წლის ბოლოსთვის ამ დარგის დანაკარგები წინა წელთან შედარებით 40%-ს მიაღწევს, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში ვითარება...


მსგავსი სიახლეები

up