რატომ არ იყიდება „დაკარგული ედემი“ ამერიკაში?- გახდება თუ არა „გლობალ ბრენდი“ „საპარტნიორო ფონდის“ ზარალზე მომუშავე კიდევ ერთი კომპანია

რატომ არ იყიდება „დაკარგული ედემი“ ამერიკაში?- გახდება თუ არა „გლობალ ბრენდი“ „საპარტნიორო ფონდის“ ზარალზე მომუშავე კიდევ ერთი კომპანია

access_time2020-03-10 10:00:38

საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე საქართველოში წარმოებული ღვინის შეტანისა და პოპულარიზაციის მიზნით „საპარტნიორო ფონდს“ დაავალა შპს „გლობალ ბრენდი“ 2,628,000 აშშ დოლარით დაეფინანსებინა. განკარგულება ექსპრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილი გასცა. აშშ-ის ბაზრის ათვისება კომპანიას ორი წლის წინ, 2018 წელს უნდა დაეწყო, თუმცა „დაკარგული ედემი“ არათუ ამერიკაში დახლებზე არ დევს არამედ, ღვინო ამ დრომდე ჩამოსხმულიც კი არ არის. „კომერსანტი“ დაინტერესდა რატომ ვერ მოახერხა „გლობალ ბრენდმა“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რატომ არ იყიდება „დაკარგული ედემი“ ამერიკაში და არის თუ არა კომპნია „საპარტნიორო ფონდის“ კიდევ ერთი, ზარალზე მომუშავე კომპანია, რომელიც მილიონებს დაკარგავს.

 

„გლობალური ბრენდის“ შექმნის იდეა ყოფილ პრეზიდენტობის კანდიდატს და ბიზნესმენს ლევან გაჩეჩილაძეს გაუჩნდა. კომპანია GWS -ის დამფუძნებელი ამერიკაში მცხოვრებ , შპს-„თბილავიამშენის“, ყოფილ გენერალური დირექტორს ტარიელ ჩიჩუას დაუკავშირდა, ვისაც შესთავაზა შეექმნათ ბრენდი, რომელიც ქართულ ღვინოს ამერიკაში გზას გაუხსნიდა. ჩიჩუა დღეს „გლობალ ბრენდი“-ის დირექტორია, სწორედ მასთან შევეცადეთ გაგვერკვია, როგორ მომზადდა ბიზნეს პროექტი, რამდენად ეფექტურად დაიხარჯა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები.

 

 „პროექტზე მუშაობა 2015 წელს დავიწყეთ, ამერიკაში სწავლა ახალი დამთავრებული მქონდა, რა დროსაც ლევან გაჩეჩილაძე დამიკავშირდა იდეით, შეგვექმნა ისეთი ქართული ღვინის ბრენდი, რომელიც ამერიკის ბაზარზე წარმატებული იქნებოდა. სწავლის დამთავრების შემდეგ ამერიკაში დავრჩი და ამ პროექტზე ვმუშაობდი. პროცესი მარტივი იყო, რადგან ადგილზე ვიმყოფებოდი და სხვადასხვა კომპანიებთან  შეხვედრა პრობლემას არ წარმოადგენდა. ვიპოვეთ კრეატიული სააგენტოები და მათ ჩვენი პროექტი გავაცანით. ამერიკაში ძლიერ კრეატიულ სააგენტოებს თუ პროექტი არ მოეწონებათ საქმეს ხელს არ მოჰკიდებენ. იმ სააგენტოებს შორის, რომელთაც პროექტი მოეწონათ, კონკურსი ჩავატარეთ, მათი აზრები და ხედვები მოვისმინეთ, საბოლოოდ შევარჩიეთ კალიფორნიული კომპანია „Odysseus Arms“. ძალიან მოგვეწონა მათი ხედვა, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა იმისათვის, რომ წარმატებული ქართული ღვინის ბრენდი შეგვექმნა“- განაცხადა ტარიელ ჩიჩუამ.

 

„გლობალ ბრენდის“ დირექტორი ამბობს, რომ პროექტი კვირიკაშვილის გუნდს წარუდგინეს. ტარიელ ჩიჩუა „კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს თუ რატომ მოეწონა მაშინდელ მთავრობას „გლობალ ბრენდის“ ბიზნეს გეგმა:

 

ქართული ღვინო იყიდება მხოლოდ პოსტ საბჭოთა ქვეყნებში და მეორეხარისხოვან ბაზრებზე, დასავლეთში ქართული ღვინო წარმატებული არ არის. ჩვენ დავსვით კითხვა როგორ დავიწყოთ დასავლური ბაზრის დაპყრობა და როგორ გავაცნოთ ქართული ღვინო მთელ მსოფლიოს. დასავლეთში საქართველოს მასიურად არ იცნობენ როგორც ღვინის ქვეყნას. რა თქმა უნდა ღვინის მოყვარულები ძალიან კარგად იცნობენ და ბევრი რამ იციან ქართული ღვინის შესახებ. ამერიკის ბაზარი არის ყველაზე უფრო მსხვილი, ყველაზე უფრო წარმატებული და სწრაფად მზარდი მსოფლიოში. მარტივ სტატისტიკას  გეტყვით, ამერიკის მოსახლეობა უფრო მეტს ღვინოს სვამს ვიდრე, რუსეთი და ჩინეთი ერთად აღებული. გარდა ამისა ისინი უფრო მეტს იხდიან, მათი გადახდის უნარიანობა ბევრად უკეთესია ვიდრე რუსების და ჩინელების“,- განმარტავს ტარიელ ჩიჩუა.

 

როგორც ტარიელ ჩიჩუა ამბობს, თანხები რომლითაც პროექტი უნდა დაფინანსებულიყო ეტაპებად იყო დაყოფილი, ყველა ეტაპის წარმატებით შესრულებას მომდევნო ტრანშის გამოყოფა და დაფინანსება უნდა გამოეწვია. კომპანიის დირექტორი აღიარებს, რომ ამერიკაში პროდუქტის ჩატანა შეფერხდა თუმცა, მისივე განმარტებით, შეფერხება არ მომხდარა იმის გამო, რომ კომპანიამ გარკვეული ქმედებების აღსრულება ვერ მოახერხა. ჩიჩუა აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო „გლობალ ბრენდის“ დაფინანსება ხშირად პაუზდებოდა.

 

„მას შემდეგ რაც ბიზნეს გეგმა დავწერე და საქართველოში ჩამოვიტანეთ პროექტი „საპარტნიორო ფონდმა“ დააფინანსა. ის  მრავალ ტრანშად იყო დაყოფილი,რომელიც მიბმული იყო შუალედური მიზნების მიღწევაზე. ქვეყანაში ბოლო დროს ხშირად იცვლებოდა მმართველი გუნდი. ყოველი ცვლილება სამწუხაროდ უარყოფით ეფექტს ახდენდა ჩვენ პროექტზე. ახალ მოსულ გუნდს ჩვენი პროექტი თავიდან უნდა შეესწავლა, თავიდან უნდა დაეჯერებინა მისი წარმატება, ამაში კი ძალიან დიდი დრო იკარგებოდა. ფაქტი, რომ ამერიკაში გაშვება გაიწელა ასეთი დაბრკოლებებითაა გამოწვეული“- აცხადებს ტარიელ ჩიჩუა.

 

„გლობალ ბრენდის“ დირექტორი აცხადებს, რომ პროექტის ჯამური ღირებულება 21 მილიონი დოლარი იყო და თანხა 7 წელიწადზე უნდა გადანაწილებულიყო.  მისივე თქმით, კომპანიის მიზანი იყო, რომ 10 წლის თავზე ამერიკაში 12 მლნ ბოთლი ღვინო გაყიდულიყო.

 

„პროექტი არის უაღრესად რთული, რადგან არცერთ ქართველს ეს გზა არ გაუვლია. საქართველო სხვა რეალობაში ცხოვრობს, არ არის მიჩვეული ამერიკის კომპლექსურ და ძვირად ღირებულ ბაზრებზე ოპერირებას, რადგან არ გვაქვს ისეთი წარმატებული პროექტი, რომელიც მსგავს ბაზარზე მასიურად იყიდება.  12 მლნ ბოთლის ამოცანა თავის მხრივ იყო ის, რომ 12 მლნ ამერიკელს გაეცნო საქართველო და ეყიდა ქართული ბრენდის ღვინო, რომლის უკანაც უზარმაზარი ქართული მეღვინეობის რეკლამა იდგებოდა. ხომ არ გგონიათ, რომ 12 მლნ ბოთლის გაყიდვა, დოვლათს მარტო ამ პროექტს მოუტანდა? ავტომატურად შეიქმნება ამერიკულ თაროზე ქართული ღვინის კატეგორია, რომელიც დღეს არ არსებობს. ქართული ღვინოები არის შეჭედილი საერთაშორისო ღვინოების სექციაში, სადაც ძალიან ბევრი უგემური ღვინო დევს. ეს იყო ძალიან სერიოზული მაღალი ხარისხის პროექტი. ვხედავთ, რომ ბოლო 15- 20 წელია ვწვალობთ და 600 000 ბოთლზე მეტს ვერ გაგვაქვს ექსპორტზე. ის შვიდი მილიონი ლარი, რომლითაც პროექტი დაფინანსდა, ასეთი ამბიციური პროექტისთვის არის მიზერული. საქართველოში შვიდი მილიონი ლარი ბევრისთვის წარმოუდგენელი თანხაა, მაგრამ ამერიკის ბაზარზე შესვლა 1 მლნ ლარით არ ხდება“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

 

პროექტის მოწონების პარალელურად საქართველოს მთავრობამ დაინახა ბიზნეს რისკებიც, ამიტომ პროექტი ეტაპებად დაიყო, შესაბამისად, ყველა ეტაპს თავის თანხა ჰქონდა გამოყოფილი. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ, პირველივე დღიდან იცოდა, რომ პროექტის ჯამური ღირებულება 21 მლნ დოლარი იყო. ტარიელ ჩიჩუა დეტალურად ყვება, „გლობალ ბრენდს“ რომელ ეტაპზე რა მიზანი უნდა შეესრულებინა.

 

„ეს არ არის მხოლოდ კერძო ადამიანების: ლევან გაჩეჩილაძის, ტარიელ ჩიჩუას და ლადო უზუნაშვილის პროექტი, ეს არის ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი. მთავრობამ დაიჯერა და გადაწყვიტა ერთი მილიონი დოლარით დავეფინანსებინეთ, თუმცა გეტყვით, რომ პირველი მილიონი იყო ყველაზე კრიტიკული და სარისკო. პირველ მილიონს უნდა დაემტკიცებინა, რომ ბრენდს და მარკეტინგული კონცეფციას რომელსაც ჩვენ შევქმნიდით და შევქმენით კიდეც ექნებოდა დადებითი გამოხმაურება ამერიკაში. პირველი ყველაზე რისკიანი ეტაპი ჩვენ წარმატებით გადავლახეთ. ისეთი კომპანიებისგან მივიღეთ დაინტერესება, რომელთა პორტფელში ქართული პროდუქტი არასდროს ყოფილა. ეს არის „southern glazer’s wine and spirits“ ყველაზე მსხვილი ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუტორი ამერიკაში. მათი ყოველწლიური ბრუნვა 17 მლრდ დოლარია. მათთან 10 წლიანი ხელმოწერილი კონტრაქტი გვაქვს, ჩვენი ღვინის დისტრიბუციას 3 შტატში დაიწყებენ და თუ პროდუქტი წარმატებული იქნება, რა თქმა უნდა თვითონვე გაზრდიან თავიან ქსელში, რომელიც 44 შტატს მოიცავს“, - განმარტავს ტარიელ ჩიჩუა.

 

კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ „southern glazer’s wine and spirits“- თან  გაფორმებული ხელშეკრულება გულისხმობს, რომ ამერიკული კომპანია „დაკარგულ ედემს“ ნიუ-ჯერსის პორტში 7,5 დოლარად იყიდის. მისივე თქმით, კონკრეტული ბოთლების რაოდენობა კონტრაქტში მითითებული არ არის, მაგრამ „გლობალ ბრენდი“ გაითვალისწინებს ამერიკელი კონსულტანტების რჩევას და პირველ ეტაპზე 100 000 ბოთლს გაიტანს.


 

„ჩვენი ღვინის ფასი ფოთის პორტში არის 6,5 დოლარი, დღეს საქართველოს საშუალო საექსპორტო ღვინის ფასი 3 დოლარია, ამის მიზეზი არის ის,რომ უდიდესი წილის ექსპორტი ხდება რუსეთში, ჩინეთში და სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნებში. მთავრობამ იმიტომ შეაჩერა ამ პროექტზე ყურადღება, რომ  ეს იყო კონკრეტული ხედვა იმისა თუ როგორ უნდა დაიპყროს საქართველომ მასიურად ამერიკის ღვინის ბაზარი. ამერიკაში წარმატებული პროდუქტი ავტომატურად ხდება წარმატებული მთელ მსოფლიოში. ეს არის იმის მიზეზი თუ რატომ უნდა დავხარჯოთ ამხელა ძალისხმევა და თანხები იმისათვის, რომ ამერიკაში ქართული ღვინო გახდეს პოპულარული“- აცხადებს ტარიელ ჩიჩუა.

 

მეორე ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ ტარიელ ჩიჩუას თქმით,  დრო მოვიდა კომპანიას მარკეტინგული აქტივები საბოლოოდ დაესრულებინა. ამაში როგორც კომპანიის დირექტორი განმარტავს, იგულისხმება ვიდეო და ფოტო გადაღება, სოციალური ქსელის შექმნა და ა.შ ეს პროცესი 2018 -2019 წლებში მიმდინარეობდა და მასში ჩიჩუას თქმით,დაახლოებით 1 300 000 ლარი დაიხარჯა.

 

„მას შემდეგ, რაც მივიღეთ დასტური, იმის შესახებ, რომ ამერიკის ბაზარზე ჩვენი შექმნილი კონცეფცია მოსწონთ, დავიწყეთ სრული მზადება ამერიკაში ბრენდის გასაშვებად. რაც კი სჭირდება ბრენდის გაშვებას ყველაფრის შექმნა დავიწყეთ. ვებ-გვერდით დაწყებული ვიდეო რგოლით დამთავრებული. ყველა მარკეტინგული აქტივი დაგეგმილია ისე, რომ ქართული მეღვინეობის და საქართველოს ისტორიის რეკლამა ხდებოდეს. სპეციალურად ავირჩიეთ სახელი დაკარგული ედემი, ეს არ არის უბრალოდ მოგონილი სახელი, ამის უკან დგას უზარმაზარი მარკეტინგული კომუნიკაცია: რომ საბჭოთა კავშირის გამო, საქართველო არის დაკარგული ედემი, ამდენი ხანი ჩვენი პოტენციალი რკინის ფარდის უკან იყო დაკარგული და ამის გამო არ იცნობს მსოფლიო ჩვენს ქვეყნას. ყველაფერი არის ძალიან ფაქიზად, ფოკუსს ჯგუფებთან მუშაობით არჩეული. ყველა სიტყვა, რომელიც ეტიკეტს უკან აწერია და ჩვენს ისტორიას ყვება, ფოკუსს ჯგუფებშია გატარებული, ეს არის ჩვენი გასხვავებული მიდგომა, რაც სამწუხაროდ ძვირი ჯდება.ახლა ველოდებით მუყაოს ყუთების დაბეჭდვას და ერთი კვირის განმავლობაში ჩამოისხმება პირველი პარტია და გაიგზავნება ამერიკაში“, - ამბობს ტარიელ ჩიჩუა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ტარიელ ჩიჩუას თქმით, თითქმის ყველაფერი მზადაა, ჯერჯერობით ბრენდის გაშვება არ მომხდარა.როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს ღვინო ჯერ ამერიკაში უნდა ჩავიდეს, თაროზე დაიდოს და შემდეგ ჩაეშვება მარკეტინგული კამპანია. თუმცა ამ დროს გაჩნდა ერთი დიდი პრობლემა-კომპანიას სარეკლამო კამპანიის დასაფინანსებელი თანხა არ აქვს და „გლობალ ბრენდი“ 2 მილიონ დოლარს ითხოვს. როგორც კომერსანტს „საპარტნიორო ფონდში“ განუცხადეს ამ ეტაპზე ფონდი პროექტისთვის დამატებითი თანხის გამოყოფას არ განიხილავს. როგორ აპირებს ლევან გაჩეჩილაძე და ტარიელ ჩიჩუა სარეკლამო კამპანიის გაშვებას კომპანიაში დეტალებზე არ საუბრობს თუმცა ამბობენ, რომ თანხის მოძიების კუთხით კერძო მიმართულებით მუშაობენ. „კომერსანტის“ კითხვაზე როგორ აპირებენ დასახული მიზნის მიღწევას გვპასუხობს, რომ წვალებით:

 

„ბრენდის გაშვება დამოკიდებულია იმაზე თუ რა ფინანსების მოძიებას შევძლებთ, იმისთვის რომ მარკეტინგული კამპანია ვაწარმოოთ, ამერიკაში ჩასვლა და ღონისძიების მოწყობა საკმაოდ მნიშვნელოვან თანხებთანაა დაკავშირებული. ვაანალიზებთ იმას თუ რა თანხა გვქნება. 3 შტატში მასიური რეკლამის გასაშვებად ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 4 მლნ დოლარი, ეს თანხა შემცირდა ჩამოვედით 2,5 მლნ დოლარზე, შემდეგ 2 მლნ და ახლა გვეშინია, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება ეს თანხა. ვზივართ ჩვენ ამერიკელ კოლეგებთან ერთად და ვმუშაობთ იმაზე, რომ რადიკალურად შევცვალოთ კურსი. საფრთხე იმისა, რომ თანხა არ იქნას მოძიებული არის დაბალი, ჩვენ აუცილებლად მოვიძიებთ დაფინანსებას, იმდენს მაინც, რომ 4 შტატის მაგივრად ერთ მსხვილ ქალაქში გავაკეთოთ ბრენდის გაშვება, ჩავალთ ერთ მეგაპოლისში და იქ დავხარჯავთ მთლიან თანხას, რათა კონცენტრირებული იყოს ჩვენი მარკეტინგული ძალისხმევა იმისათვის, რომ პოტენციურ კლიენტებს ვაჩვენოთ, რომ ეს ღვინის ბრენდი მოსწონთ ამერიკელებს. რა თქმა უნდა იმ ეფექტს ვეღარ მოვახდენთ რაც გათვლილი გვქონდა მაგრამ, ნაშრომს არ გადავდებთ გვერდზე და მცირედი თანხებით ვეცდებით მაქსიმალურს მივაღწიოთ.“, - განაცხადა „გლობალ ბრენდის“ დირექტორმა.

 

მედიაჰოლდინგის კითხვაზე, რატომ აღარ აგრძელებს სახელმწფო თანამშრომლობას „გლობალ ბრენდთან“, მაშინ მაშინ როდესაც დასაწყისშივე იცოდა, რომ პროექტის ღირებულება 21 მლნ დოლარს შეადგენდა და როდესაც უკვე გადახდილი აქვს 2,628,000 აშშ დოლარი ტარიელ ჩიჩუას პასუხის შემდეგია:

 

„საპარტნიორო ფონდი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის, რეორგანიზაციის პროცესშია. სამწუხაროდ, ჩვენს სახელმწფოს მსგავსი ზომის ამბიციური პროექტების დაფინანსების ბევრი მექანიზმი არ გააჩნია. ჩვენთან ყველაფერი ძირითადად სესხით ფინანსდება, მსგავსი პროექტი კი სესხით არ და ვერ ფინანსდება, რადგან პროექტში ძირითად ველს წარმოადგენს მარკეტინგული პროდუქტი და კრეატიული ნამუშევარი და არა ბეტონით აშენებული ქარხანა. პროექტის ბუნება არის განსხვავებული და ეს ჩვენი ქვეყნისთვის უცნაური და არაკომფორტულია. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ წელიწადზე მეტია არც მე, არც ლევან გაჩეჩილაძე და ლადო უზუნაშვილი ხელფასებს არ ვიღებთ, ლევანი არც არასდროს იღებდა. ეს არის პროექტი რომელიც, თუ გაამართლებს საქართველოს მეღვინეობას წინ წასწევს საშვილიშვილოდ და მოაშორებს რუსეთის საშინელ ბაზარს“, - ამბობს ტარიელ ჩიჩუა.

 

ბოთლის დიზაინის შემუშავებაში და ბრენდის სახელის „დაკარგული ედემის“ მოფიქრებაში 150 000 ათასი დოლარი დაიხარჯა. აქედან ნახევარი კომპანიამ გადაიხადა ნახევარი კი „საპარტნიორო ფონდმა“. როგორც ტარიელ ჩიჩუა გვეუბნება, მათი მთავარი ამოცანა ახალი არის, რომ პროდუქტი ამერიკაში ჩავიდეს და „დაკარგულ ედემს“ დადებით გამოხმაურება ჰქონდეს.

 

„ძალიან მინდა, რომ ეს თანხა არ დაიკარგოს, მითუმეტეს ხალხის ფულზეა საუბარი, ლევან გაჩეჩილაძესაც საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა აქვს ჩადებული ეს არის დაახლოებით 500 000 დოლარი, ამიტომ არც მას უნდა ეს თანხა, რომ დაიკარგოს. მეც არ მინდა ჩემი 4 წლის ნამუშევარი წყალში  არ გადაიყაროს. ყველა ვთანხმდებით, რომ ფულის გადაყრა არის კატასტროფა და ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს“- განაცხადა ტარიელ ჩიჩუამ.

 

როგორც „კომერსანტს“ საპარტნიორო ფონდში განუცხადეს, ფონდი მუშაობს ალტერნატივებზე, თუ როგორ მოხდეს პროექტიდან მისი გამოსვლა და რა ფორმით შეიძლება გაგრძელდეს პროექტის შემდგომი დაფინანსება. მათი ინფორმაციით ლევან გაჩეჩილაძესთან გაფორმებულია ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატის ვალდებულებებს ფონდის ინვესტიციების შესყიდვასთან დაკავშირებით.  კერძოდ, ფონდში არსებული პრაქტიკის შესაბამისად:

 

„ა) ლ. გაჩეჩილაძემ იკისრა ვალდებულება ფონდის გაყიდვის ოფციის გამოყენების (გაყიდვის ოფციის გამოყენების ვადა ჯერ არ დამდგარა) შემთხვევაში, შეისყიდოს ფონდის კუთვნილი წილის 100%;

 

ბ) გაყიდვის ოფციის ვადის დადგომამდე ლ. გაჩეჩილაძეს აქვს შესყიდვის ოფცია;

 

გ) ორივე ოფციისთვის, წილის ღირებულება გამოითვლება ინვესტიციის ოდენობისა და შეთანხმებული პროცენტის ჯამით“- აცხადებენ „საპარტნიორო ფონდში“.

 

გამოსყიდვის კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს ტარიელ ჩიჩუა, თუმცა ამბობს, რომ გამოსყიდვა მოხდება მას შემდეგ რაც ბრენდი ბაზარზე შევა და გაყიდვის სტატისტიკა დაიდება.

 

ტარიელ ჩიჩუა ამბობს, რომ ქართველებმა ამერიკაში ღვინის გაყიდვა არ იციან ამიტომ „გლობალ ბრენდი“, მისი თქმით მასშტაბურ პროექტს ამერიკელებთან ერთად შეეჭიდა. ბიზნეს გეგმის შექმნის პირველი დღიდან კომპანია ამერიკელებთან ერთად მუშაობას. ჩიჩუა განმარტავს, თუ რატომ შეირჩა მარკეტინგული სააგენტო „Odysseus Arms“. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ აღნიშნული მარკეტინგული სააგენტო წარმატებით ემსახურება მსოფლიოს ისეთ უმსხვილეს ღვინის კომპანიებს, როგორებიც არიან Barefoot და EJ Gallo.  ჩიჩუა იხსენებს, რომ კომპანია „Odysseus Arms“-ის თანამშრომლები ერთი კვირით ჩამოიყვანეს, რათა საქართველო შეეგრძნოთ და გაცნობოდნენ ჩვენს კულტურას. ამერიკელებმა მოუსმინეს ქართულ პოლიფონიას, ნახეს ქვევრი,  ღვინო ყანწით დალიეს და რამდენიმე დღიანი მოგზაურობის შემდეგ ქართული ღვინის მარკეტინგზე დაიწყეს მუშაობა.

 

„იმიტომ შეირჩა ამერიკული კომპანია, რომ ქართულმა კომპანიებმა არ იციან ამერიკელი მოსახლეობის ფსიქოლოგია, არ უდევთ მათ პულსზე ხელი, ქართველებმა არ იციან ამერიკელებს რა მოსწონთ და როგორ უნდა გახადონ პროდუქტი მასისთვის კარგი. მათ  ურთიერთობა აქვთ ხალხთან, იციან დღეს რა ტრენდებია მოსახლეობაში. ეს არის მთავარი ცოდნა რაც გააჩნია ამერიკულ კომპანიას და ნამდვილად არ გააჩნია ქართულ კრეატიულ სააგენტოს. ამერიკაში იყიდება 80 000 სხვადასხვა დასახელების ბრენდი, ეს არის ჰიპერ კონკურენტული ბაზარი სადაც ყველას უნდა, რომ იყოს რადგან არის ძალიან კარგი ფულის საშოვნელი ადგილი. „Odysseus Arms“ ჩამოვიყვანეთ საქართველში, რათა ყველა მარკეტინგული აქტივი აქ შეექმნა. ეს იმიტომ გავაკეთე რომ ხარჯები შეგვემცირებინა, კალიფორნიაში ეს მომსახურება ორჯერ მეტი დაჯდებოდა. ისინი გამოვიყვანეთ კომფორტის ზონიდან და ვუთხარით, რომ ერთადერთი გზა, თუ როგორ შეიძლება გვეთანამშრომლა იყო, ის რომ ამ თანხის დიდი ნაწილი საქართველოში დაიხარჯებოდა, კლიპს გადაიღებდა ქართული პროდაქშენ კომპანია, ვებ-გვერდს გააკეთებს ქართული კომპანია და ა.შ. თავიდან ბიუჯეტი იყო 2 500 000 მლნ. თვალში გვხვდება ეს ციფრები მაგრამ ამერიკაში მართლა ყველაფერი ძვირია, მარტო ვებ საიტის გაკეთება შეიძლება დაჯდეს 200 000 დოლარი“, - განმარტავს ტარიელ ჩიჩუა.

 

„გლობალ ბრენდის“ დირექტორი გვიყვება, რომ კომპანიას ღვინო „ქინძმარაულის მარნისგან“ აქვს შეძენილი. ტარიელ ჩიჩუას თქმით, წელიწადნახევრის სამყოფი ღვინო მასალა უკვე შეძენილია, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ როდესაც კომპანია მარაგებს აითვისებს შემდგომშიც „ქინძმარაულის მარანთან“ ითანამშრომლებს.

 

„ქარხანა არ გაგვაჩნია საერთო, ერთი თეთრი არ დახარჯულა ქარხნის მშენებლობაში და მანქანა დანადგარების შესყიდვაში,რადგან ეს იქნებოდა ფულის აბსოლუტური ფლანგვა, საქართველოში არის საკმარისზე მეტი ქარხანა რომელიც ნახევრად ან საერთოდ გაჩერებულია. ჩვენ ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ საუკეთესო ქარხანასთან და ღვინო  ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ ჩამოისხმება“, - ამბობს ტარიელ ჩიჩუა.

 

ტარიელ ჩიჩუა სამომავლო გეგმებზე ვერ საუბრობს, მიუხედავად მასშტაბებისა ამბობს, რომ პროექტი მაინც სტარტაპია, ამიტომ ამ დრომდე უცნობია, შეძლებს თუ არა „დაკარგული ედემი“ დაკარგული დიდების დაბრუნებას თუ ეს იქნება სახელმწფოს მხრიდან კიდევ რამდენიმე დაკარგული მილიონი.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up