„ეს რიცხვები რეალურად მეუბნება იმას, რომ ქვეყანაში გვაქვს ორი ეკონომიკური ზრდა, ერთი არის ის რაც ფურცლებზე იწერება, ხოლო მეორე რომელსაც მოსახლეობა მაცივარში უყურებს“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ 7,1% იანი ეკონომიკური ზრდის შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით ის, რომ ჯერ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და შემდეგ 7,1% - იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა ეს ეჭვს არ იწვევს, თუმცა მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია ის, თუ რა არის ამ ეკონომიკური ზრდის საფუძველი.
„ამ ბოლო პერიოდში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა იმიტომ, რომ ჯერ ერთი მას წინ უსწრებდა პანდემია , თუმცა პანდემიას რომ თავი დავანებოთ გადავხედოთ იმას თუ რა თანხები შემოდიოდა ემიგრანტებისგან ბოლო პერიოდში.
ივნისსა და ივლისში ემიგრანტებისგან ჩარიცხვების ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა და ამ თანხამ 510 მილიონამდე დოლარი შეადგინა, გარდა ამისა თანხის დიდი ნაწილი ისე გადმოაქვს ხალხს საზღვარზე და ეს თანხები ჩარიცხვებში არ ჩანს. მასიურად შემოდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, აქ ხსნიან ანგარიშებს და ერიცხებათ თანხები. ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკას ჟუჟუნა წვიმასავით დაეცა თავს.
ეს ყველაფერი კი ზრდის მოთხოვნას, მაღაზიები რომ პროდუქტს ყიდიან, ექსპორტი რომ გაგვეზარდა, რის საფუძველზე გვეზრდება მაგალითად მანქანების ექსპორტი? ტოიოტას ცენტრში და მერსედესების ცენტრში ახალი მანქანის ყიდვა რომ გინდოდეთ 7 თვე მანქანას ვერ იყიდით, რადგან ნაყიდია უკვე ეს მანქანები და თუ ვის მიერ არის ნაყიდი ჩახედეთ და ნახავთ. ეს მანქანები რუსეთი ფედერაციიდან შემოსული ტურისტების მიერ არის ნაყიდი, იმ შემთხვევაში თუ ქართველია დაფიქსირებული მყიდველად, თუ გადაამოწმებთ, ნახავთ რომ ის მანქანაც გასულია უკვე საქართველოდან, ეს მონაცემები სტატისტიკაში არ ჩანს.
წინა ხელისუფლების დროსაც იგივე სიტუაცია იყო, ამბობდნენ რომ საქართველოს ტურიზმი გადაარჩენს, ტურიზმი კი კარგია, ამყარებს იმას თუ რამე გაქვს. დღეს მიგრანტები გვეზრდება რა ხდება საზღვრებზე , რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო კიდევ აქეთ მოდის ხალხი, იმათ რომ ჩვენ პროდუქციას ვაჭმევდეთ კარგი იქნებოდა. გლეხს მაინც შეუვიდოდა მეტი, მაგრამ ამათ ყველას იმპორტირებული პროდუქციის ყიდვა უნდა, იმპორტირებულს ჭამენ. ფაქტობრივად საქართველოს ეკონომიკა იმ ხელისუფლებამ რომ დაიწყო, ამან გააგრძელა და ჩამოკიდა ემიგრანტების შრომას კისერზე. ხომ კარგად ვიცით რამდენი მოქალაქე წავიდა საქართველოდან 2022 წელს. რა თქმა უნდა გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასევე 7,1% იანი ახლანდელი ზრდაც არ არის გასაკვირი და ძალიან კარგი მაჩვენებელია, მაგრამ ეს რომ იყოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა მივესალმებოდი,“ - აღნიშნა ნიკა შენგელიამ.
თაკო კვაჭანტირაძე