რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

access_time2020-07-11 16:00:42

  • რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე?
  • რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში?
  • არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია?
  • აქვს თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სიმშვიდის საფუძველი?

საქართველოსთვის ფრიად უსიამოვნო პროცესი წინ მიიწევს ამერიკის კონგრესში: წარმომადგენელთა პალატის ქვეკომიტეტში 6 ივლისს დამტკიცებული საბიუჯეტო კანონპროექტი 9 ივლისს უკვე ასიგნებების კომიტეტმა დაამტკიცა და განმარტებებისთვის  ანგარიშიც დაურთო.

  • კანონპროექტის ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოს გამოყოფილი თანხის 15% შესაძლოა არ გაიცეს - საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შესახებ სახელმწიფო მდივნის დადებითი შეფასებების გარეშე;
  • თანდართული ანგარიშის ტექსტში კი დაზუსტებულია შესაფასებელი კრიტერიუმები და მაგალითად: საარჩევნო რეფორმის ეფექტიანი განხორციელება; სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პატივისცემა; ოპონენტებისა და მედიის უფლებების ხელშეუხებლობა თუ ოლიგარქების არაფორმალური ზეგავლენების შეზღუდვა მთავრობის საქმიანობაზე.

კანონპროექტზე მსჯელობა გაგრძელდება და საბოლოო დასტური მან კონგრესისგან უნდა მიიღოს.

 

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოსთან დაკავშირებული სხვა შესაძლო შეზღუდვები განიხილება - სენატის ხაზითაც.

თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული 2021 წლის საბიუჯეტო კანონში  შესწორებების შეტანის ინიციატორია - სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - ჯიმ რიში.

მაღალი ავტორიტეტის მქონე სენატორი საჭიროდ თვლის, რომ საქართველოსა და შეერთებული შტატების თანამშრომლობა საქართველოს დემოკრატიული წინსვლის მიხედვით განისაზღვროს.

ინიციატივის პროექტში ნათქვამია, რომ:

  • ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას მიესალმება და „მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, მაგრამ ამისათვის უნდა გაგრძელდეს რეფორმები ეკონომიკური, მმართველობისა და ანტიკორუფციული მიმართულებებით;
  • აქვეა მოწოდებები სასამართლოს დამოუკიდებლობის, პრესის თავისუფლების უზრუნველყოფის, კერძო ბიზნესის უფლებების ხელშეუხებლობისა თუ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობის კუთხით;
  • მთავარ მოწოდებებს შორის არის 2020 წლის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან, მშვიდობიან გარემოში ჩატარება „8 მარტს შეთანხმებული წესების თანახმად".

ამ ინიციატივამდე, სენატორმა რიშმა, სხვა არაერთი საერთაშორისო პარტნიორის მსგავსად, საქართველოს ხელისუფლებისკენ არაერთი მწვავედ კრიტიკული  მესიჯი გამოუშვა.

მაგალითად, სენატორი ლაპარაკობდა პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირების გათავისუფლების აუცილებლობაზე - გვარები საკანონმდებლო ინიციატივის ტექსტშიც გვხვდება. ესენი არიან: გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა.

 

დამთხვევაა თუ რა ხდება

სენატისა და კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წიაღში ინიცირებულ კანონპროექტებს ერთმანეთთან ბევრი ანალიტიკოსი და პოლიტიკოსი აკავშირებს და საგანგაშო სიგნალადაც აღიქვამს.

„ტექსტები, რომელიც (აშშ-დან) აქამდე გვესმოდა, იყო მხოლოდ განცხადებებში, პოსტებში ან ტვიტებში. ახლა კი ეს გადადის უკვე ამერიკის კანონმდებლობაში. ეს აღარ არის უბრალოდ განცხადებები.

საქართველოსთან დაკავშირებით ჩანაწერი კეთდება ამერიკაში ორ ძირითად აქტში, ერთ თავდაცვის საკითხს შეეხება, მეორე - საქართველოსთვის გამოყოფილ თანხას. ორივეგან ჩვენ გაგვიჩნდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პირველად მსგავსი პირობები” - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი, ერთ დროს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრი.

ჩუგოშვილი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო სწორედ საგარეო პარტნიორებთან ურთიერთობების მიმართულებით.

 


სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიმწვავის კრიტიკაც ახსოვთ და მოწოდებებიც, მაგრამ საქართველოში თითქმის ვერავინ იხსენებს შესაძლო სასჯელზე ლაპარაკსა და კონკრეტული პირობების დაწესებას აშშ-ის მხრიდან.

ასეთი რამ არც ვალერი ჩეჩელაშვილს ახსენდება - „რონდელის ფონდის“ უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, რომლის სტაჟიც დიპლომატიაში, და მათ შორის - ელჩის პოსტზე, 31 წელს ითვლის.

როგორც ჩეჩელაშვილი გვეუბნება, ეს არ არის სპონტანური გადაწყვეტილებების შედეგი, რადგან ამერიკელი პარტნიორების კრიტიკა ბოლო თვეებში დინამიკური და მზარდი იყო.

ამასთან, ანალიტიკოსი პირველ გაფრთხილებად თვლის მესიჯებს, რომლებიც შარშან ივნისში თავად სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გაახმაურა იმჟამინდელ პრემიერთან, მამუკა ბახტაძესთან ვაშინგტონში შეხვედრის დროს - „ანაკლიის პორტის მშენებლობასთან და რუსეთის გავლენებთან დაკავშირებული მესიჯები იყო პომპეოს განცხადებაში და საქართველოს ხელისუფლებამ ეს ყურად არ იღო“.

ვალერი ჩეჩელაშვილისთვის უსაფუძვლოა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იმის მტკიცება, რომ ამერიკელ კანონმდებლებსა და სახელმწიფო დეპარტამენტს განსხვავებული წარმოდგენები აქვთ საქართველოზე.

„სახელმწიფო დეპარტამენტისთვის საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიწოდების მთავარი წყაროა აშშ-ის საელჩო... და მერწმუნეთ, რომ ძირითადად სწორედ სახელმწიფო მდივნის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოსთან ინტერაქციას ეყრდნობა სენატისა და კონგრესის ქმედებები“.

ანალიტიკოსი თვლის, რომ ერთადერთი გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში სენატისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ წამოყენებული მოთხოვნების შესრულებაა - „აუცილებელია, რომ ამერიკელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ საქართველოს ხელისუფლება ნაკლოვანებების გამოსწორებას აპირებს“.

 

რას აპირებს ხელისუფლება

„არ გადამრიოთ“ - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიის შეკითხვას აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების შესაძლო შემცირებაზე და ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ საქართველოს აშშ-ისგან პირველი სანქცია ემუქრება.

 

თუკი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს გადავხედავთ, ჩანს, რომ ისინი მომხდარს ისევ ცალკეული სენატორებისა და კონგრესმენების ინიციატივებად თვლიან და საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. ხელისუფლების წარმომადგენლები, ძველებურად, ისევ პარტნიორებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებასა და სიტუაციის გამოსწორების იმედზე ლაპარაკობენ.

  • "წარმოიდგინეთ, რომ პარლამენტის ერთმა წევრმა, მაგალითად, ემზარ კვიციანმა, დააინიცირა ასეთი პროექტი. ეს ხომ არ გამოხატავს პარლამენტის და მით უმეტეს, მმართველი პარტიის განწყობას?! რა თქმა უნდა, არასერიოზულია იმაზე მსჯელობა, რომ ეს იდეა იქცეს რაიმე სერიოზულ დოკუმენტად" - ანრი ოხანაშვილი, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე;
  • „შეიძლება ნოემბერში... შეიძლება იანვარ-თებერვალში (ასეთი პრაქტიკაც არსებობს) გადაიწიოს ამ კანონის კენჭისყრამ და დამტკიცებამ, ამიტომ დრო ძალიან დიდია და სპეკულაცია, რომ უკვე მიღებულია სანქციის დაწესების გადაწყვეტილება, ეს არის მოსახლეობის დეზინფორმირების მცდელობა“ - კახა კუჭავა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი;
  • „მოგეხსენებათ, რომ ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა ჯერჯერობით, რომელიც კომიტეტებს გადის... პუნქტებში, რომელიც იქ ჩამოთვლილია, საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან“ - გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

რას შეცვლის ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" სიაში?

 

გიორგი გახარიას ვარაუდით, ბიძინა ივანიშვილს საზოგადოება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იხილავს.

ანალიტიკოსი გია ნოდია არ ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ასე შესაძლებელი იქნება არაფორმალური მმართველობის მუდმივად სადავო საკითხის მოგვარება საქართველოში. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ეს სვლა ვერ ჩაითვლება კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებად, რომელიც ოლიგარქის არაფორმალური ზეგავლენების აღმოფხვრას უკავშირდება.

„ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელია, ის განაგებს აღმასრულებელ შტოს და მისი საპარლამენტო პარტიულ სიაში ჩაწერა-არჩაწერის ფასადური და სიმბოლური ნაბიჯი არაფერს შეცვლის“.

გია ნოდიასთვის ბოლო პერიოდის მოვლენები "ქართული ოცნების" რეპუტაციის დაცემის ტენდენციიდან გამომდინარეობს.

„შეერთებულ შტატებში დაეცა საქართველოს ხელისუფლების რეპუტაცია და იქ ადამიანები ფიქრობენ - რა გააკეთონ ამასთან დაკავშირებით... ძნელი სათქმელია, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ საბოლოოდ, მაგრამ ახლა ვხედავთ პირობების წამოყენების პოლიტიკას - რომ ჭკუით მოქცევაა საჭირო დახმარების მისაღებად“.

 

საარჩევნო სისტემის შეცვლისა და საარჩევნო კანონმდებლობის განახლების პროცესში შრომატევადი მხარდაჭერისა და ბოლო პერიოდის მოწოდებების გათვალისწინებით, ანალიტიკოსებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 2020 წლის არჩევნები ამერიკელი პარტნიორების საგანგებო ყურადღების ცენტრში მოექცევა.

„საქართველოს დემოკრატიული ევოლუციისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის გამართვა, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანს გამოხატავს. წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდების სამართლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების დღის ჩატარება“ - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, ძალიან სწრაფად გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

რადიო თავისუფლება

თეგები:
აშშ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up