“რას ვიფიქრებდით, ჩვენი შექმნილი ბათუმური ჰოთდოგი ქეითერინგის ბიზნესად თუ გადაიქცეოდა”

“რას ვიფიქრებდით, ჩვენი შექმნილი ბათუმური ჰოთდოგი ქეითერინგის ბიზნესად თუ გადაიქცეოდა”

access_time2020-06-20 15:00:06

ცხელი სეზონის დასასრულს, კოხტა ზღვისპირა ქალაქის სტუმრების რაოდენობა ნელ-ნელა იკლებს და მათ წასვლასთან ერთად, ღია კაფე-ბარებისა და გასართობი ობიექტების ფუნქციონირებაც დროებით ჩერდება. მომავალი ზაფხულის მოლოდინში, ბათუმური ცხოვრება არასეზონურ ტემპს უბრუნდება და დროც შედარებით მდორედ იწყებს დინებას. სამი მეგობრისთვის, ნანუკა გორგილაძისთვის, თინათინ თვარაძისა და ენრი ბერიძისთვის (ისევე, როგორც ბევრი სხვა ბათუმელისათვის), ზამთრის გადატანა ბათუმში არც ისე მარტივია. როგორ ამბობენ, ქალაქში, ფაქტობრივად, არაფერი ხდება და სადმე წასვლა თუ სურთ, ერთმანეთთან იკრიბებიან ხოლმე. თინა და ნანუკა სასტუმროს ბიზნესში არიან ჩართულები, ენრი – სანაყინე სფეროშია. ერთმანეთს, სამსახურების შემდეგ, ყოველ საღამოს ნახულობენ.

 

 

 

ალბათ, ძნელად თუ იფიქრებდნენ, ერთი საღამოს კულინარიული ექსპერიმენტი ჯერ ახალ პროდუქტად, შემდეგ კი, ქეითერინგის ბიზნესად თუ გადაიქცეოდა და აჭარულის, ბორანოს, სინორის თუ სხვა კერძების ფონზე, კონკურენციის გაწევას შეძლებდა. ბიზნეს იდეა, ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, სრულიად შემთხვევით დაიბადა, როდესაც მეგობრებმა უჩვეულო ჰოთდოგი გააკეთეს. მთავარი ინგრედიენტად, სოსისის ნაცვლად, ენრის ოჯახის მიერ წარმოებული კუპატი გამოიყენეს, სოუსად კი, ტყემლის საწებელი. გასინჯეს. მოეწონათ. ასე გაჩნდა ქართული ჰოთდოგი “კუპადოგი”, რომელიც სულ მალე, ქეითერინგის ბიზნესის საფუძვლად იქცა, რომელსაც დღეს, მომხმარებელი “ჩაინიკის” სახელით იცნობს.

“კუპადოგის მთავარი იდეა ისაა, რომ კეტჩუპისა და მაიონეზიანი კლასიკური ჰოთდოგის სახით არ გაგვიკეთებია. დავამზადეთ მწვანე ტყემლით. პირველი დამგემოვნებლები ჩვენივე ოჯახის წევრები იყვნენ. ძალიან მოეწონათ და ჩვენც უფრო მეტი მოტივაცია მოგვეცა.”

უჩვეულო კულინარიულმა მიგნებამ ნანუკა გორგილაძეს კომერციული მიმართულებით დააწყებინა ფიქრი:

“თავიდანვე დავიწყე მარკეტინგულად ფიქრი, როგორ შეიძლებოდა მომხმარებლამდე მიგვეტანა, რადგან მე სამზარეულოსთან ახლოსაც არ მივიშვები. სამაგიეროდ, კარგად გამომდის კალკულაცია და უფრო ფართო აუდიტორიისთვის პროდუქტის გაცნობა. ვფიქრობდით, სად ან რა სახით შეიძლებოდა პროდუქტის გაყიდვა. კუპადოგის მომზადების წესიდან გამომდინარე, ვიცოდით, რომ ვერ გავყიდდით, მაგალითად, მაღაზიაში. ამიტომ, გადავწყვიტეთ, პროდუქტი სხვაგან არ გაგვეყიდა და თავად ჩვენ შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის.”

პირველი ნაბიჯები

 

იმ პერიოდში აჭარის ტურიზმისა და კურორტების ფესტივალი “განდაგანა” ტარდებოდა. ბიზნეს იდეა ჯერ ჩამოყალიბებული არ იყო, თუმცა მეგობრებმა მაინც გადაწყვიტეს ეცადათ და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას შეუდგნენ.


“იდეა სრულად ჯდებოდა “განდაგანას” ფორმატში, რადგან პროდუქტის კონცეფცია ქართული უნდა ყოფილიყო. ორ დღეში მოვემზადეთ გამოფენისთვის, გავაკეთეთ საკომუნიკაციო გვერდი, დავბეჭდეთ ბანერი, ორგანიზება გავუწიეთ გამოფენის საქმეებს… ვიცოდით, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა კომუნიკაციას მომხმარებლების მოზიდვაში, როცა მას პროდუქტი ქუჩაში უნდა დაეგემოვნებინა. თავიდან, შორიდან უყურებდნენ ინტერესით, შემდეგ გასინჯვა დაიწყეს და ნახეს, რომ ტრადიციული აჭარული კერძებისგან განსხვავებით, ეს არაა მძიმე და კალორიული საკვები. ამას გარდა, მშობლებს ხშირად ურჩევნიათ ხოლმე, კლასიკური ჰოთ-დოგის ნაცვლად, ბავშვებს ნატურალური და ჯანსაღი კუპადოგი გაასინჯონ. თანაც, კუპადოგი იმერული კუპატით კეთდება და ნაკლებად ცხიმიანიცაა.”

ჯერ კიდევ ძიებაში იყვნენ, როგორ მიეწოდებინათ მომხმარებლისთვის პროდუქტი. გადაწყვიტეს, ქეითერინგთან დაეკავშირებინათ, ჩათვალეს, რომ ბათუმის ბაზარს სწორედ ეს მიმართულება სჭირდებოდა.

ნანუკა გორგილაძე: “როდესაც თბილისში ვმუშაობდი, ვურთიერთობდი სხვადასხვა ქეითერინგულ კომპანიასთან. ბათუმში დაბრუნების შემდეგ, დავაკვირდი, რომ ქეითერინგული მომსახურება აქ არავის არ ჰქონდა. ფურშეტი ბათუმში, უბრალოდ, საკვების მიწოდებად აღიქმებოდა. ჩვენ ქეითერინგი სულ სხვა სახით შევთავაზეთ, თავისი სერვირებით, მომსახურებით, დამატებით ავიღეთ ჩვენს თავზე საორგანიზაციო საქმეებიც. გვინდოდა, მომხმარებლისთვის შეგვექმნა კომფორტი.”

პირველი დამკვეთის გამოჩენა ფეისბუკ გვერდზე კუპადოგის შესახებ ინფორმაციის განათავსებას მოყვა:

 

 

პირველი დამკვეთი იყო “წითელი ჯვრის” ბათუმის წარმომადგენლობა, რომელსაც 25 დღის განმავლობაში ესაჭიროებოდა განსხვავებული ლანჩ-ბოქსები. დამკვეთის მოთხოვნა იყო, რომ მენიუ ყოველდღიურად ყოფილიყო განსხვავებული, მსუყე და თან ჯანსაღი. რასაკვირველია, მენიუ მათი მოთხოვნისამებრ შევადგინეთ და კუპადოგიც ერთ-ერთ წამყვან კერძად ეწერა. საინტერესოა, რომ კუპადოგი ისეთი კერძია, რომლის გამოყენება მოხერხებულადაა შესაძლებელი სტარტერადაც და ძირითად კერძადაც – გააჩნია, როგორ წარმოადგენ.”

დამკვეთები “ჩაინიკის” შესახებ ერთიმეორის რეკომენდაციით იგებდნენ. კუპადოგი მენიუს განუყოფელ ნაწილად იქცა.

 

“წითელი ჯვრის შემდეგ, იყო საქართველოს ბანკის ღონისძიება, რაც ძალიან საპასუხისმგებლო გახლდათ ჩვენთვის, ფორმატიდან გამომდინარე. ძალიან ვღელავდით, მაგრამ გამოვიდა და ისე კარგად აეწყო, დამკვეთები ერთმანეთთან გვიწევდნენ რეკომენდაციას. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი იყო “ზამთრის თასი”, რომელიც იანვარში ჩატარდა. მოწვეულები იყვნენ ფეხბურთის ლეგენდები სხვა ქვეყნებიდან. ფურშეტის იდეა აუცილებლად ქართული უნდა ყოფილიყო, რადგან უცხოელებს პიცით ვერ გავაკვირვებდით. ღონისძიებაზე წარმოვადგინეთ კუპადოგი. თავიდან თავს არიდებდნენ, ეგონათ კალორიული იქნებოდა. შემდეგ, ერთ-ერთმა მაინც გასინჯა და იმდენს ურჩია, რომ მთელი დღის მანძილზე, მარაგის შევსებას ვერ ავუდიოდით. ასეთივე რეაქცია იყო მხალზეც. ნამცხვარ შუს ფორმებში ჩავდეთ მხალი და ისიც ძალიან მოეწონათ.”

ამასობაში, სტარტაპის კონცეფციაც გამოიკვეთა. აღმოაჩინეს, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესია, პროდუქტი იყოს მაქსიმალურად ნატურალური. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდ-შეფი არ ჰყავთ, ცდილობენ საფურშეტო მენიუ თავად დახვეწონ. ბაზარზე დასამკვიდრებლად თავიანთი მიდგომებიც შეიმუშავეს.

“კომუნიკაციასაც როცა ვიწყებთ დამკვეთთან და მენიუში კუპადოგს ხედავს, ინტერესდება და ჩვენც სულ ვუყვებით, როგორ შევქმენით ეს კერძი. ფაქტობრივად, ორგანიზაციას ჩვენთან შეუძლია მიიღოს მაღალი დონის მომსახურება ივენთის კუთხით, ხარისხიანი და ლამაზად გაფორმებული საკვები. ღონისძიებიდან ღონისძიებამდე ვიზრდებით. თავს არ ვზოგავთ. ვიცით, რომ კონკურენცია არის და თავის დასამკვიდრებლად, ხშირად საკმაოდ პატარა მარჟით ვოპერირებთ. ზოგჯერ უკვირთ, რატომ გვაქვს ასე პატარა ფასი, თუმცა, კონკურენტუნარიანობის მოსაპოვებლად, ეს, ამ ეტაპზე, გამართლებული ნაბიჯია.”

ქართული ჰოთდოგის ავტორებს ბიზნესის მთავარ ღირებულებად ურთიერთობა მიაჩნიათ: 

“უშუალოდ და მეგობრულად ვესაუბრებით, ოფიციალური და დისტანცირებული ურთიერთობა არ გვაქვს, რაც ბევრად აადვილებს თანამშრომლობას. ვცდილობთ, დამატებით საჩუქრებიც გავუკეთოთ ხოლმე, რომ უფრო დადებითი ემოციით ავავსოთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის კმაყოფილება. ჩვენ შესახებ ინფორმაცია ერთი დამკვეთიდან მეორესთან “ხელიდან ხელში” გადადის, ამიტომაც, თავს ვერ მივცემთ სერვისის გაფუჭების ფუფუნებას.

პანდემიის პერიოდში, რომ მუშაობა არ გაეჩერებინათ, გადაწყვიტეს, კომპანიებისთვის თანამშრომლების საკვები ადგილზე მიეწოდებინათ, რაკი ლანჩზე კაფეში გასვლა შეუძლებელი იყო. თუმცა, როგორც შენიშნეს, ბათუმში, ლანჩზე კაფეებში შედარებით ნაკლებად გადიან. თანაც, პანდემიის ციებ-ცხელების პერიოდში, სამივე დამფუძნებელი საკარანტინე ზონებში მუშაობდა, ამიტომ, ეს იდეა სამომავლოდ შემოინახეს. სამაგიეროდ, კარანტინის დასრულების შემდეგ, მათ ბიზნესს ახალი პერსპექტივა გამოუჩნდა.

“ახლა, როდესაც ბიზნესების ფუნქციონირება განახლდა, დღეში უამრავ ზარს ვპასუხობ. გამომდინარე იქიდან, რომ კაფეებსა და რესტორნებში ხალხმრავალი წვეულებების ჩატარება, ჯერჯერობით, ისევ აკრძალულია, ცდილობენ საკუთარ ან ნაქირავებ აგარაკებზე მოაწყონ ივენთები. შესაბამისად, ჩვენს სერვისზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.”

ქეითერინგის ბიზნესის პარალელურად, სამივე დამფუძნებელი კვლავაც მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთს ენაცვლებიან და ბიზნესში ადამიანურ რესურსებს ასე აბალანსებენ. ზაფხულიდან ზაფხულამდე, როგორც თავად უწოდებენ, “ყველაზე მკვდარ პერიოდში”, სამმა მეგობარმა, ერთი უჩვეულო ჰოთდოგიდან ქეითერინგის ბიზნესი გამოძერწა, საკუთარი შესაძლებლობები ივენთების მიმართულებითაც მოსინჯა, ბიზნესის შემოსავალი ისევ საქმეში დააბრუნა და ინვენტარიც გაამრავალფეროვნა. ახლა, ისევ ცხელი სეზონის აქტივობებში არიან ჩართულები, რომ მშვიდი სეზონის დადგომამდე კიდევ ბევრს გააცნონ ქართული ჰოთდოგისა და სხვა კერძების გემო.

 

MARKETER





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up