რას გააძვირებს ლარის რყევა - ინტერვიუ ირაკლი მაკალათიასთან

რას გააძვირებს ლარის რყევა - ინტერვიუ ირაკლი მაკალათიასთან

access_time2019-05-27 17:30:13

ეროვნული ბანკი ეკონომიკას ჭარბად აწვდის ლარის მასას, შემდეგ კი სხედან და ფიქრობენ, რა იღონონ...


ლარი ანტირეკორდებს ხსნის. ეროვნული ვალუტა გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა - ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,78-იან ზღვარს გადასცდა. ამაზე უფრო გაუფასურებული ლარი 2016 წლის დეკემბერში იყო, როცა 1 დოლარის ღირებულებამ 2,7846 ლარი შეადგინა, დღეს ის 2,7802 ღირს.


ლარის ისტორია დოლარის მიმართ დაიწყო 1,3-იანი გაცვლითი კურსით, დღეს კი 1 დოლარის ღირებულება თითქმის 3 ლარია. ხელისუფლება გვამშვიდებს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება გარე შოკებით არის გამოწვეული და რყევა ხანმოკლეა, რის შემდეგაც კურსი ისევ დასტაბილურდება. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) განმარტებით, კეთდება არასწორი ანალიზი, რომ ლარის გაუფასურება ინფლაციას გამოიწვევს, თუმცა ფასების ზრდის რა პროცენტული მაჩვენებელიც უნდა დაწეროს საქსტატმა ფურცელზე, ფაქტია, რომ საქართველოს სასურსათო დამოკიდებულება იმპორტირებულ პროდუქციაზე ძალიან დიდია. ასეთ დროს დოლარით ნაყიდი პროდუქციის გაძვირებას მხოლოდ შელოცვა თუ გადაარჩენს...


ირაკლი მაკალათია, ეკონომიკის ექსპერტი: - ეკონომიკაში ხშირად ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვიდრე პოლიტიკოსები და ეკონომისტები წარმოგვიდგენენ. ლარის კურსს დოლარის მიმართ ეკონომიკაში ამ ორი ვალუტის მასა განსაზღვრავს. კურსი შესაძლოა დაეცეს შემდეგი მიზეზებით: ლარის მასა უცვლელია და დოლარის მცირდება; ლარის მასა იზრდება და დოლარი უცვლელია; ლარის მასაც იზრდება და დოლარიც მცირდება. დღეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც დოლარის შემოსვლას განაპირობებს, დადებითია - გვაქვს წინა პერიოდზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, გაიზარდა ექსპორტის მოცულობა, მომატებულია ტურისტების რაოდენობა და ტურიზმით შემოსული თანხაც. აპრილში, წინა თვესთან შედარებით, მხოლოდ უცხოეთიდან გზავნილების კლება გვაქვს 1,265 მილიონი დოლარით.


მთავარი მიზეზი უნდა ვეძიოთ ლარის მასის ზრდაში. მართალია, 2019 წლის იანვარში ფულის მასა წინა თვესთან შედარებით შემცირდა, მაგრამ თებერვალსა და მარტში მოიმატა. წლეულს პირველ კვარტალში მიმოქცევაში არსებული ლარის მასა, შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 11,6%-ით, 2018 წლის პირველ კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 7,1% იყო. გაზრდილია მონეტიზაციის კოეფიციენტებიც: M2 და M3. შეიძლება ოპონენტმა თქვას, რომ ფულის ბეჭდვა გარდაუვალია ეკონომიკის განვითარების კვალობაზე, მაგრამ პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 4,7% იყო, ფულის მასის 116%-იანი მატების პირობებში. არასწორია ეკონომიკის გაზრდა მონეტიზაციის მატებით - არ გვაქვს ისე განვითარებული ფინანსური ბაზარი, რომ გაზრდილი მონეტიზაცია ბოლომდე აითვისოს, პირიქით, ფულის მასის სწრაფი ზრდა ინფლაციას იწვევს.


კურსის ცვლილებაზე მოქმედებს დოლარზე გაზრდილი მოთხოვნაც. დღეს მონაცემები არ გვაქვს, შემდგომში კი სტატისტიკური ინფორმაციით შეიძლება შემოწმება, რამდენად მაღალი იყო ეს მოთხოვნა და იმოქმედა თუ არა ლარის კურსზე.


- როგორი შედეგები მოჰყვება გაუფასურებას როგორც ეკონომიკის, ისე მოსახლეობისთვის? უპირველესად ვის ჯიბეზე აისახება ლარის კურსის ცვლილება?


- ცხადია, ეროვნული ვალუტის გაუფასურება უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკაზეც და მოსახლეობის მსყიდველობით უნარზეც. ჩვენ დღეს იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ, იმპორტის წილი საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70,6%-ია.


სავაჭრო ურთიერთობების ვალუტა, ძირითადად, აშშ დოლარია და მისი ფასის ზრდა იმპორტირებულ პროდუქტებს გააძვირებს. მოსახლეობა მგრძნობიარედ აღიქვამს სურსათის, მედიკამენტებისა და ნავთობპროდუქტების ფასის ზრდას, რადგან ეს მათ მსყიდველობით უნარზე მოქმედებს.


საქსტატის ბოლო კვლევებით, საქართველოში შინამეურნეობების ხარჯების 37,4% სურსათზე, სასმელსა და თამბაქოს ნაწარმზე მოდის. რადგან ქვეყანაში არ არის განვითარებული ადგილობრივი წარმოება და დამოკიდებული ვართ სასურსათო პროდუქტების იმპორტზე, ცხადია, ამ ჯგუფში ფასების ზრდა მოსახლეობაზე მძიმედ მოქმედებს.



- ფასების ზრდა იმპორტირებულ პროდუქტებზე, ფაქტობრივად, ლარის გაუფასურების თანამდევია, თუმცა, ლარის დასტაბილურების შემდეგ ისინი აღარ იკლებს. როგორ და ვის აზარალებს ყველაზე მეტად ეროვნული ვალუტის არაპროგნოზირებადი კურსი?


- დიახ, ლარის დასტაბილურების შემდეგ პროდუქტების ფასი ხშირად აღარ, ან ძალიან მცირედით იკლებს. ამის მიზეზია ორი ფაქტორი: ქვეყანაში გვაქვს ოლიგოპოლიური ბაზრები, მაღალ ფასებს კარტელური გარიგებებით ინარჩუნებენ. სასურსათო და სამედიცინო პროდუქტების გაძვირების მიუხედავად, მათი მოხმარება მნიშვნელოვნად არ იკლებს, შესაბამისად, უწევთ გაზრდილი ფასის გადახდა. მეორე ფაქტორი ბაზრის არაპროგნოზირებადობაა. თუ მოსალოდნელია ვალუტის გაუფასურება და პროდუქტი ბიზნესმენს უკვე ძვირად აქვს შეძენილი, ის მის ფასს არ შეამცირებს. განუვითარებელი ეკონომიკა, ოლიგოპოლიური გარემო და არასტაბილური ბაზარი უარყოფითად აისახება ბიზნესზეც და მოსახლეობის ჯიბეზეც.


- გასაგებია, რომ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი, რომ სავალუტო რეზერვების შევსებას საერთაშორისო სავალუტო ფონდი გვიწონებს, მაგრამ სებ-ს არ უნდა ჰქონდეს უფრო სწრაფი და ქმედითი რეაქცია ასეთი რყევების დროს? თუ, როგორც ხელისუფლება ამბობს, სანამ ვითარება საგანგაშო არ გახდება, არაფერი არ უნდა მოიმოქმედოს?


- დღევანდელი მდგომარეობა სახელმწიფოსა და სებ-ის არაგონივრული ეკონომიკური პოლიტიკისა და რეგულაციების შედეგია. ჯერ თავიანთი მუშაობით ისინი განვითარებას აფერხებენ, შემდეგ ახალი რეგულაციებით ცდილობენ ვითარების გამოსწორებას და უარეს შედეგებს იღებენ.


უმთავრესი პრობლემა დაბალი ეკონომიკური განვითარება და ადგილობრივი წარმოების სიმცირეა. უპირველესად უნდა განვითარდეს ადგილობრივი წარმოება, რათა ნაკლებად დამოკიდებული გავხდეთ იმპორტზე და გაიზარდოს ადგილობრივ ვალუტაზე მოთხოვნა. ასევე, სავალუტო კურსის რყევების მიზეზი ხშირად თვითონ ეროვნული ბანკია, მიმოქცევაში ჭარბი ფულის გაშვებით. გამოდის, სახელმწიფო აფერხებს ეკონომიკის, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, სებ-ი ეკონომიკას ჭარბად აწვდის ლარის მასას, შემდეგ კი სხედან და ფიქრობენ, რა იღონონ...


იდეალური ვარიანტი იქნებოდა საქართველოში მულტისავალუტო რეჟიმის დანერგვა. კონკურენტული ვალუტებიდან მოსახლეობა და ბიზნესი თავად აირჩევდა ყველაზე სტაბილურს, სახელმწიფოსაც ზედმეტი ფულის ბეჭდვის ბერკეტი ხელიდან გამოეცლებოდა. ზიმბაბვეში, მაგალითად, ინფლაციამ 2008 წელს 79,6 მილიარდი პროცენტი(!) შეადგინა, მულტისავალუტო რეჟიმზე გადასვლით კი წლიური ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებლამდე დავიდა.


ცხადია, ასეთი კატასტროფული მდგომარეობა არ გვაქვს და ამიტომაც მულტისავალუტო რეჟიმს ქვეყანაში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. თუმცა, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ უარი თქვა ეროვნულ ვალუტაზე და ამით არც მათი ეკონომიკა დანგრეულა და არც ეროვნულ იდენტობას დამართნია რამე, ეკონომიკის პრინციპები კი ყველა ქვეყანაში ერთნაირად მუშაობს - ზიმბაბვეშიც და საქართველოშიც.


- სებ-ი ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ინფლაციის მართვაა. ართმევს თავს ეროვნული ბანკი ამ მოვალეობას?


- ინფლაციის დონის დაბალი მაჩვენებელი რომ გვაქვს და ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს მაინცდამაინც არც სცდება, ეს დაბალ ფასებზე არ მიუთითებს. ინფლაცია გამოითვლება სამომხმარებლო კალათაში შემავალი 306 დასახელების პროდუქტის საშუალო ფასების ცვალებადობით.­ მათგან ზოგიერთის ფასი იკლებს, განსაკუთრებით, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის. მათი გაიაფება ან მცირედი მატება მოქმედებს ფასების საერთო დონეზე და გვაქვს ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი. სამაგიეროდ, ისეთ ჯგუფებში, რომელთა პროდუქტს მოსახლეობა ყველაზე მეტს და ხშირად მოიხმარს (სურსათი, ჯანდაცვა, საწვავი), პირიქით, ინფლაცია მაღალია.


მეორე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ეროვნული ბანკის ინტერვენცია, ბაზარზე ლარის ყიდვა და დოლარის გაშვება, მაგრამ ამასაც ერთჯერადი შედეგი მოაქვს - ცოტა ხნით დაასტაბილურებს კურსს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ბაზარზე კვლავ გაიზრდება ლარის მასა და გაედინება დოლარი. შედეგად, მივიღებთ იმავე გაცვლით კურსს, ოღონდ სებ-ს გახარჯული ექნება სავალუტო რეზერვები, მათი შევსებისას დოლარზე მოთხოვნის ზრდა კი ლარს უფრო გააუფასურებს.


- როგორ იქცევიან სხვა ქვეყნები ასეთი რყევების დროს, როგორია მათი გამოცდილება?


- ასეთი მკვეთრი რყევები დამახასიათებელია განვითარებადი და დაბალგანვითარებული ქვეყნებისთვის, სადაც არ არის განვითარებული ადგილობრივი წარმოება და შესაბამისად, ადგილობრივ ვალუტასაც დაბალი ღირებულება აქვს.


სებ-ის ბერკეტი არის რეფინანსირების განაკვეთის აწევა. ეს ნიშნავს, რომ კომერციული ბანკებიდან ამოიღებენ მეტ ლარს, თუმცა ესეც ხანმოკლე ეფექტის მომცემია, გრძელვადიან პერიოდში კი პირიქით, რაც უფრო გაუძვირებს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს სესხებს, ცხადია, ისინიც ასწევენ საპროცენტო განაკვეთს, რაც დააზარალებს ბიზნესსაც და მოსახლეობასაც.


- დასასრულ, როგორია თქვენი პროგნოზი ლარის კურსთან დაკავშირებით, გადალახავს ის ისტორიული გაუფასურების ზღვარს?


- არასტაბილური სავალუტო ბაზრის პირობებში ზუსტად რამის თქმა ძნელია, თუმცა ბოლო წლებში იკვეთება ვალუტის კურსის ცვლილების შემდეგი დინამიკა: ყოველი წლის პირველ კვარტალში ლარის კურსი წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურდება, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სებ-ის მიერ მიმოქცევაში არსებული ლარის მასის შემცირებასთან, ხოლო მომდევნო კვარტალებში ხდება პერიოდული გაუფასურება. ლარის მასა, მეორე კვარტალიდან მოყოლებული, პერიოდულად მატულობს. ყველაზე მეტად ეს იგრძნობა შემოდგომით, როცა ლარის მასის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე.


კვირის პალიტრა





სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია
access_time2021-03-06 18:00:43
ყავის ლაბორატორიას შემოსავლები კორონავირუსის შედეგად შემცირებული აქვს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ განუცხადა, ლოკდაუნის დროს ბიზნესი მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით ფუნქციონირებდა, ახლა კი, მას შემდეგ, რაც შეზღუდვები მოიხსნა, გარე სივრცის მეშვეობითაც ახდენს რეალიზაციას. ზარქუა აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, კომპანიის შემოსავალი ვერ აუდის გაზრდილ ხარჯებს, ამიტომ, კომპანიას ყოველი თვე ზარალიანი აქვს. „როდესაც...

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-03-05 15:00:36
მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის ფორმატით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო და დეველოპერულ ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს, რომელთა უმეტესობა წლების მანძილზე დაგროვდა და სახელმწიფოს დროულ რეაგირებას საჭიროებს. როგორც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, სამშენებლო სექტორს სახელმწიფო სტრუქტურებში არ ჰყავს ერთი პირდაპირი კურატორი, რომელიც მოისმენს მათ წინაშე არსებულ...


მსგავსი სიახლეები

up