რას ედავებიან Evolution-ს თანამშრომლები, რას ამბობს კომპანია და რას იტყვის შრომის ინსპექცია?

რას ედავებიან Evolution-ს თანამშრომლები, რას ამბობს კომპანია და რას იტყვის შრომის ინსპექცია?

access_time2022-08-30 19:00:00

ბიზნეს-კომპანიას, ონლაინ-კაზინოების სერვისების პროვაიდერ კომპანია „ევოლუშენ საქართველოს“ თანამშრომლების ნაწილი არასათანადო სამუშაო პირობების გამო აკრიტიკებს. მათი მტკიცებით, დასაქმებულებს რთულ პირობებსა და ანტისანიტარიაში უწევთ მუშაობა.

 

თანამშრომელთა ბრალდებებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უარყოფს კომპანია „ევოლუშენ საქართველო“. ბიზნეს-კომპანიაში არსებულ სამუშაო პირობებს და თანამშრომელთა უფლებრივ მდგომარეობას სწავლობს შრომის ინსპექცია.

 

კომპანია „ევოლუშენ საქართველოს“, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა, დღევანდელი მონაცემებით, 7000-მდე თანამშრომელი ჰყავს. მათი საშუალო ასაკი 25 წელია. კომპანიაში უმეტესწილად სტუდენტები ან ისეთი ადამიანები არიან დასაქმებულნი, რომლებსაც ძირითადი სამსახურის გარდა, სურთ დამატებითი შემოსავალი ჰქონდეთ. ისინი კვირაში სამი დღეს მუშაობენ. თავად ირჩევენ სამუშაო გრაფიკსაც. კომპანია ონლაინ-კაზინოებს ემსახურება, რაც გულისხმობს კაზინოებისთვის ლაივ-თამაშების წაყვანის მომსახურებას სპეციალურად მოწყობილი სტუდიებიდან. კომპანია ექვს შენობაშია განთავსებული. ოთხ მათგანში ის სტუდიებია მოწყობილი, საიდანაც ონლაინ-კაზინოების თამაშების ტრანსლირება ხდება.

 

სწორედ სტუდიებში დასაქმებული თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის, თამაშის წარმდგენები თუ ბანქოს მჩეხავები აკრიტიკებენ კომპანიას და ამტკიცებენ, რომ დასაქმებულებს რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. ამბობენ, რომ სტუდიებში აქვთ ვენტილაციისა და ტემპერატურის კონტროლის პრობლემა, ხოლო შენობების საპირფარეშოებში ანტისანიტარიაა.

 

სოციალურ ქსელში ავრცელებენ ფოტოებს, რომელთა მინაწერის თანახმადაც, მათ სამუშაო ადგილებზე მწერები კბენენ. ხოლო სკამები, რომლებზეც ისინი სხედან, ხერხემლის პრობლემებს უქმნით. მათივე მტკიცებით, სამუშაო ადგილზე შეუძლოდ გახდომა, ნიშნავს, რომ ბონუსს ვეღარ მიიღებ. ამიტომ ცდილობენ, ცუდად ყოფნა არ შეიმჩნიონ.

 


რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კომპანიის თანამშრომელი ახალგაზრდა ქალი, პირდაპირ ეთერში, სამუშაო მაგიდასთან შეუძლოდ ხდება და ის ტერიტორიიდან თანამშრომლებს გაჰყავთ.

 

რას ყვებიან თანამშრომლები?

ერთ-ერთი დასაქმებული, რომელიც კომპანია „ევოლუშენს“ თანამშრომლებისთვის არასათანადო სამუშაო პირობების შექმნაში ადანაშაულებს, 26 წლის მაკაა (სახელი შეცვლილია). ის წელიწადი და ხუთი თვეა, რაც კომპანია „ევოლუშენ საქართველოში“ მუშაობს. მისი თქმით, მიუხედავად რთული სამუშაო პირობებისა, არ სურს სამსახურის დაკარგვა და ამიტომ საკუთარი სახელითა და გვარით ლაპარაკს ერიდება.

 

მაკა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ცდილობს აღწეროს ის სამუშაო პირობები, რომელიც როგორც ის ამბობს, კომპანია „ევოლუშენ საქართველოშია“ შექმნილი.

 

„ამ ეტაპზე, კონდენცირება არის ყველაზე დიდი პრობლემა. რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობარი პირდაპირ სამუშაო მაგიდასთან ტიროდა სიცივის გამო. როცა მაგიდაზე თავს ცუდად გრძნობ, შეგიძლია რომ გამოიყენო დახმარების ღილაკი. ამ შემთხვევაში მენტორი მოდის და გცვლის, მაგრამ უცნაური ისაა, რომ თუკი SOS ღილაკს იყენებ, ბონუსს ვეღარ იღებ, ანუ თუ ცუდად ხარ და ბონუსის აღება გინდა უნდა მოითმინო. ზოგ მაგიდაზე ისე ცივა, ფეხებში და თავში გვიბერავს. ცოტა ხნის წინ ამის შესახებ დაველაპარაკე მენეჯმენტის წარმომადგენელს და პასუხი ასეთი იყო, ეტაპობრივად ხდება ტემპერატურის რეგულაციაო. თუმცა, მას შემდეგ, მთელი 3 დღის განმავლობაში ისევ ისე ციოდა. ორი საათის განმავლობაში კარტი უნდა არიგო, თან თავში გიბერავდეს, თან ღიმილიც არ უნდა დაგავიწყდეს. კომპანიას მილიონები აქვს მოგება და ჩვენ საათში 7 ლარს გვიხდიან, ოღონდ ამას 22% იც აკლდება, რა თქმა უნდა. ორ კვირაზე მეტია გოგოების საპირფარეშოში კარია გაფუჭებული, არ იკეტება და იმის მაგივრად, რომ გაეკეთებინათ, სტიკერი მიაკრეს სახელურს, რომ კარი არ იკეტება. შეიძლება ვიღაცას გაეცინოს ამაზე, რა პრობლემაა, დანარჩენი საპირფარეშოები გამოიყენეთო, მაგრამ 21-22 წუთში ჩვენ უნდა მოვასწროთ ჭამა, დასვენება და საპირფარეშოთი სარგებლობა. ბავშვები რწყილებისგან დაკბენილები დადიან, დეზინფექცია ჩაატარეს რამდენჯერმე, მაგრამ როგორც ჩანს, ისეთი არა, რაც საჭირო იქნებოდა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. თვეებია გრძელდება რწყილების ამბავი“.

 

წელიწადი და ათი თვე იმუშავა კომპანია „ევოლუშენ საქართველოში“ 21 წლის მეგი მეგრელიშვილმა. სამსახური 2021 წლის ოქტომბერში დატოვა. ყვება რომ სტუდიებში დაურეგულირებელი ტემპერატურის გამო, არაერთხელ დაბრუნებულა სახლში სიცხიანი. ან პირიქით, გაუსაძლისი სიცხის გამო მუშაობა უჭირდა:

 

„ახლაც ანალოგიური პრობლემები აქვთ. პრეტენზიას რომ გამოვთქვამდი, მხოლოდ იმას გვპასუხობდნენ, რომ თუ მაგიდაზე არასათანადო ტემპერატურაა, შესვენებაზე უნდა დავარეპორტოთ, ანუ ვაცნობოთ მენეჯმენტს. რეალურად, ეს დარეპორტება არაფერს ცვლიდა. ყოფილა შემთხვევები, ერთ სმენაში ოთხჯერაც რომ დამირეპორტებია. ყოფილა შემთხვევები, რომ ტემპერატურა მხოლოდ ცვლის დამთავრების შემდეგ, ანუ 5-6 საათის შემდეგ შეუცვლიათ“.

 

მეგი ამბობს, რომ მისი მუშაობის პერიოდში, დასაქმებულებს არ ჰქონდათ დასასვენებელი ადგილები - მათ შორის, საკმარისი რაოდენობის სკამები. მისი თქმით, ეს პრობლემა ახლა გაცილებით მწვავედ დგას, რადგან თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდა.

 

უხარისხო საპნის გამო დაზიანებული ხელების ფოტოები კი მეგის თქმით, დღემდე იდება თანამშრომლების შიდა ჯგუფებში:

 

„წლებია ჯგუფებში იპოსტება დასისხლიანებული და გამომშრალი ხელების სურათები. მენეჯმენტსაც აწვდიდნენ ინფორმაციას, მაგრამ სიტუაცია დღემდე არ შეცვლილა. პირადად მე ჩემი საკუთარი საპონი დამქონდა, რადგან ხელები ისე მიშრებოდა, რომ მუშაობაში მიშლიდა. ძალიან ვცდილობდი, რომ შეცდომა არ დამეშვა, რადგან შეცდომები ჩვენს ბონუსებსა და ხელფასებზე მოქმედებდა. თანამშრომლებს ეწერებათ შეფასებები, რაც შემდეგ აისახება ჩვენს ხელფასზე. თუკი რაიმე ცვლილებები იგეგმებოდა ანაზღაურების პროცესში, ამას ვიგებდით (და დღემდე ასეა) შეფასებებიდან. თუკი ერთ დღეს რაიმე იყო დაშვებული, მეორე დღეს შეიძლებოდა აეკრძალათ და ამას მხოლოდ მაშინ შევიტყობდით, როცა ქულა მოგვაკლდებოდა“.

 

წელიწადნახევარია კომპანია „ევოლუშენში“ მუშაობს 26 წლის ნათია გიორგაშვილი. ის თამაშის წარმდგენი, ანუ ე.წ. დილერია. მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, კომპანიაში დასაქმებულებს ნამდვილად ექმნებათ სირთულეები სამუშაო პროცესში, თვლის, რომ სიტუაცია არც ისე დრამატულია, როგორც ეს მედიაში გაშუქდა.

 

ნათიას ვარაუდით, კომპანიაში დასაქმებული სტუდენტებისთვის, რომლებიც შეუჩვეველნი არიან სტრესულ გარემოში მუშაობას, იქ არსებული სამუშაო პირობები გაცილებით მძიმედ გამოიყურება:

 

„19 წლის ბავშვებისთვის ასეთ პირობებში მუშაობა უფრო რთულია, ვიდრე მაგალითად ჩემთვის, რომელსაც გაცილებით რთულ პირობებში მიმუშავია წლების განმავლობაში. ანუ, მე შეიძლება რაიმე პრობლემას უკვე ნაკლებად რთულად აღვიქვამდე, ვიდრე 19 წლის ადამიანი, რომლისთვისაც ეს პირველი სამსახურია და ცხადია, გაცილებით სტრესულიც“.

 

ნათია ამბობს, რომ ყველა ჩამოთვლილი პრობლემა, რომლის შესახებაც თანამშრომლების ნაწილი საუბრობს, რეალურად არსებობს, თუმცა, მისი თქმით, კომპანია ამის გამოსწორებას ცდილობს:

 

„ტემპერატურის პრობლემა ნამდვილად არის, რადგან ჩამწერი სტუდიაა და ასეთ სტუდიებში ყოველთვის იქნება ტემპერატურის პრობლემა. რაც შეეხება ტემპერატურის კონტროლს, მე თავად დავუწერე შიდა ჯგუფში კომენტარი „ევოლუშენის“ ადმინისტრაციას, თუ რა პრობლემები გვქონდა. ამ საკითხზე დირექტორსაც შევხვდი. რაც შეეხება საპირფარეშოებში არსებულ ანტისანიტარიას, დამლაგებლები არ ტოვებემ შენობას. სულ არიან შენობაში და ასუფთავებენ, თუმცა, დამლაგებელი ყველას ვერ დაუწყებს კუდში დევნას. თუ შინაგანი კულტურა არ აქვს ადამიანს და არ იცის, როგორ მოიხმაროს საპირფარეშო, ეს არ არის „ევოლუშენის“ ბრალი. კარგი იქნებოდა, თუკი ჩამწერი სტუდია უფრო ხშირად დასუფთავდებოდა და ასევე უფრო ხშირად გაიწმინდებოდა ვენტილაცია, რადგან დახურული სივრცეა, ბევრი ადამიანი მუშაობს და ის ხშირად უნდა სუფთავდებოდეს“.

 


რაც შეეხება სამუშაო სკამებს, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრობლემას უქმნის იქ დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობას, ნათია ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა მასაც შეექმნა:

 

„ნამდვილად შეიძლება, რომ ბევრად უკეთესი სკამები შეიძინოს კომპანიამ. ეს არის მოძრავი სკამები, რომლებზეც ფეხით ფიქსირდები, რომ არ იმოძრაო. გარდა ამისა, როდესაც ხანგრძლივად ზიხარ არაკომფორტულ სკამზე, ცხადია, გექმნება ჯანმრთელობის პრობლემები. მე ხერხემალზე შემექმნა სერიოზული პრობლემა. საბოლოოდ, როგორც ექიმებმა ამიხსნეს, ჩემი სამუშაო სტილის პროვოცირებული იყო ეს პრობლემა“.

 

თამაშის წარმდგენი, 22 წლის ედუარდ ბარსეგიანი 11 თვეა, რაც კომპანია „ევოლუშენ საქართველოში“ მუშაობს. თვლის, რომ თანამშრომლები, რომლებიც სამუშაო ადგილზე არსებულ გაუსაძლის პირობებზე ყვებიან, სიტუაციას მუქ ფერებში ხატავენ.

 

ამბობს, რომ მისი პირადი გამოცდილებით, რეაგირება იმ პრობლემებზე, რომლებიც დასაქმებულებს სამუშაო ადგილებზე ექმნებათ, დროულად ხდება.

 

ედუარდის თქმით, ასე იყო მწერების შემთხვევაშიც:

 

„კომპანიამ რამდენჯერმე მოიყვანა სადეზინფექციო სამსახური. ზოგადად, სადეზინფექციო სამუშაოები ხშირად ტარდება. დაახლოებით სამი საათით იხურება ყველა მაგიდა. ტარდება დეზინფექცია და შემდეგ შევდივართ. ახლა მწერების პრობლემა ისეთი სერიოზული აღარა, როგორც ადრე იყო. მხოლოდ ერთი შენობის ერთ-ერთ სართულზეა. ეს პრობლემა ძირითადად გამოწვეულია იმ ცხოველებისგან, რომლებიც ჩვენთან ახლოს ბინადრობენ. ჩვენ მათ ვუვლით, ვაჭმევთ და სავარაუდოდ, მათგან გავრცელდა“.

 

რაც შეეხება სტუდიებში ტემპერატურის რეგულირების პრობლემას, ის ამბობს:

 

„მაგიდებზე გვაქვს ორი ღილაკი - ცხელა, ცივა. თუ პრობლემა იქმნება, ვაჭერთ ღილაკს, რომ შეცვალონ კლიმატი. ადრე ამას უფრო დიდი დრო სჭირდებოდა, ახლა მაქსიმუმ ნახევარ საათში ასწორებენ. ყველას სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ჩემი გამოცდილება ასეთია. იყო ერთი შემთხვევა, თავში მიბერავდა ცივი ჰაერი და როცა ვუთხარი სუპერვაიზერს, რომ თავში მიბერავს და შეცვალეთ-მეთქი, ეს პრობლემა მოაგვარეს“.

 

ედუარდის თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თანამშრომლებს სამუშაო ადგილზე „ავად გახდომის უფლება არ აქვთ“:

 

„თუ ცუდად ხდება ვინმე, მას შეუძლია ღილაკის დაჭერით გამოიძახოს შემცვლელი და მას შეცვლიან. გუშინ წინ გოგო გახდა ცუდად და მაშინვე გაუშვეს სახლში. თუკი სუპერვაიზერს ეუბნები, რომ ცუდად ხარ, გვაქვს ე.წ. ბოქსი, სადაც წნევის გაზომვის საშუალებაცაა და პირველადი მოხმარების წამლებიც არის. ცხადია, არსებობს წვრილ-წვრილი პრობლემები, რომელთა შესახებაც შინაგანაწესის თანახმად, ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ არაფერი ისეთი სერიოზული, რისი გამოსწორებაც არ შეუძლია კომპანიას“.

 

კომპანიაში არსებული სავარაუდო მძიმე პირობების ამსახველ კიდევ ერთ მონაცემს, რომელიც სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა - დაბინძურებულ წყალს, ედუარდ ბარსეგიანი ასე ხსნის:

 

„ეს იყო ზოგადად იმ რაიონის პრობლემა, სადაც ჩვენი შენობები დგას. წყალმომარაგების კომპანიამ ნაძალადევის რაიონში გათიშა წყალი და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც წყალი წამოვიდა, ის წამოვიდა დაბინძურებული. ყველგან ასეთი წამოვიდა და არა მხოლოდ ჩვენთან“.

 

რას ამბობს კომპანია „ევოლუშენ საქართველო“?


სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, კომპანიაში არსებულ არასათანადო სამუშაო პირობებზე, „ევოლუშენ საქართველო“ 27 აგვისტოს განცხადებით გამოეხმაურა.

 

ამ განცხადების თანახმად, კომპანიის წინააღმდეგ ვრცელდება ცრუ ბრალდებები, რაც მის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

 

კომპანია გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსაც, სადაც ჩანს, რომ კომპანიის თანამშრომელი სამუშაო მაგიდასთან შეუძლოდ ხდება.განცხადების თანახმად, 2019 წლის ვიდეო გადმოსცემს ერთ კონკრეტულ მოვლენას და არ ასახავს ევოლუშენის სამუშაო გარემოს:

 

„ევოლუშენ საქართველო“, პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის პატივისცემის ნიშნად რა თქმა უნდა, არ გააკეთებს დამატებით კომენტარს ამ ვიდეოსთან დაკავშირებით. ჩვენ განვიხილავთ ამ მასალის ნებისმიერ გამოქვეყნებას, როგორც უპატივცემულობას ვიდეოში ასახული ინდივიდის მიმართ“.

 

რადიო თავისუფლება ელაპარაკა „ევოლუშენ საქართველოს“ ბრენდინგისა და კომუნიკაციების მენეჯერს, ქეთი გოლიაძეს.

 

მისი მტკიცებით, კომპანია ფუნქციონირებს საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად და ექვემდებარება ყველა იმ სტანდარტს, რას მსგავსი ტიპი კომპანიების მუშაობისთვისაა სავალდებულო - დაწყებული ვენტილაციისა და ტემპერატურის კონტროლით, დამთავრებული სამუშაო სკამების ცვლილებით.

 

ქეთი გოლიაძე ამბობს, რომ მართალია კომპანიაში არსებობს გარკვეული პრობლემები, თუმცა, ამ პრობლემების გამოსწორებაზე ისინი აქტიურად მუშაობენ:

 

 

 


 

„ჩვენ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მაგალითად, მუდმივად ვზომავთ როგორც ჰაერის ტემპერატურას შენობებში, ასევე იმ პირობებს, თუ რა პირობებში უწევთ ჩვენს თანამშრომლებს მუშაობა. ამავე რეგულაციებს ექვემდებარება მაგალითად, სამუშაო სკამების შეცვლაც. არცერთი დღე არ ყოფილა, როდესაც სტანდარტის შესაბამისი არ ყოფილიყო „ევოლუშენში“ სამუშაო გარემო. თუმცა, ბუნებრივია, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიაში 7000 ადამიანია დასაქმებული, გამომდინარე იქიდან, რომ ნელ-ნელა ვფართოვდებით და გვაქვს ზრდა, არის გარკვეული პრობლემები და ამაზე თვალს არ ვხუჭავთ. არსებობს გარკვეული საკითხები, რომელზეც მუდმივად ვმუშაობთ. ჩვენს თანამშრომლებს მუდმივად ვაცნობთ, რა არის ჩვენი სამოქმედო გეგმა და მათგან ვითხოვთ უკუკავშირს, რათა დაფიქსირდეს, სად რა პრობლემა გვაქვს“.

 

შენობებში ტემპერატურის კონტროლის მიმართულებით არსებულ პრობლემაზე, ქეთი გოლიაძე ამბობს:

 

„ჩვენ სპეციალურად ავამოქმედეთ ე.წ. დარეპორტების პროგრამა, ანუ ინფორმაციის მიწოდების პროგრამა, რომლის მიხედვითაც, თანამშრომლებს შეეძლოთ, რომ ზუსტად დაეფიქსირებინათ, რა დროს, რა მომენტში შეიქმნა ტემპერატურის პრობლემა და რომელ ზონაში. და ამ ზონების მიხედვით, ჩვენ ვახდენთ რეაგირებას. რა თქმა უნდა, ამხელა კომპანიაში არის გარკვეული პრობლემური საკითხები, მაგრამ მთავარია, რომ ამ საკითხებზე რეაგირება მოვახდინოთ. მე ვფიქრობ, რომ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“.

 

რაც შეეხება თანამშრომლების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს ანტისანიტარიასთან დაკავშირებით, ქეთი გოლიაძე გვეუბნება:

 

„ჩვენთან რეგულარულად ტარდება არა მხოლოდ გენერალური დალაგება, არამედ დეზინფექცია და შეწამვლა, რითაც ვებრძვით იმ პრობლემას [მწერების პრობლემას], რაზეც დასაქმებულები საუბრობენ“.

 

ქეთი გოლიაძე ირწმუნება, რომ შრომის ინსპექციას, რომელსაც აქამდეც შეუსწავლია „ევოლუშენ საქართველოში“ არსებული სამუშაო პირობები, არასდროს დაუფიქსირებია კომპანიაში არსებული სერიოზული დარღვევები და გადაცდომები:

 

„შრომის ინსპექცია ცოტა ხნის წინაც იყო ჩვენთან, თუმცა, დასკვნა ჯერჯერობით არ მოუმზადებიათ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შრომის ინსპექცია გვამოწმებს. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ შრომის ინსპექციის მხრიდან არასდროს ყოფილა საუბარი რაიმე ტიპის სერიოზულ დარღვევაზე. იყო გარკვეული ტექნიკური საკითხები დოკუმენტაციის დამუშავების მხრივ და რომლებიც გავითვალისწინეთ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სამუშაო პირობებთან დაკავშირებით, მათ არანაირი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ“.

 

რადიო თავისუფლების ინფორმაციით კომპანია „ევოლუშენ საქართევლოში“ დასაქმებულთა საშუალო ხელფასი, ბონუსების გარეშე, 900 ლარს შეადგენს. ერთ ცვლაში ერთდროულად დაახლოებით 1000-მდე ადამიანი მუშაობს. ისინი ოთხ შენობაში არიან გადანაწილებულნი. არსებობს სამი ცვლა - დილის, შუადღის და ღამის. თითო დასაქმებული კვირაში სამ დღეს მუშაობს და მათი სამუშაო გრაფიკი შრომის კოდექსის შესაბამისად, დღეში რვა საათით არის განსაზღვრული. დღიური გრაფიკის თანახმად, დასაქმებული ყოველ ორ საათში ერთხელ დაახლოებით ნახევარი საათით ისვენებს. ღამის საათებში დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურება სხვა ცვლებში დასაქმებული თანამშრომლებისგან განსხვავებით, შედარებით მაღალია.

 

ქეთი გოლიაძის თქმით, სამსახურის დაწყებამდე, თითოეულ თანამშრომელთან ფორმდება კონტრაქტი, სადაც ისინი დეტალურად ეცნობიან სამუშაო პირობებს. სამსახურში აყვანის პროცესი კი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

 

„პირველი ეტაპი, ეს არის გასაუბრება, სადაც მათ დეტალურად განემარტებათ სამუშაო პირობები, ვალდებულებები. მეორე ეტაპზე, მათ უტარდებათ ტრენინგები, რომელიც ანაზღაურებადია, ანუ, მათ ამ ტრენინგში ვუხდით ფულს და ამ ეტაპზეც, ისინი დეტალურად ეცნობიან, თუ რა ტიპის სამუშაო უნდა გასწიონ დასაქმების შემდეგ. მესამე ეტაპი არის გამოცდის ჩაბარება და ბოლოს უკვე ხელშეკრულების გაფორმება“.

 

კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერი ამბობს, რომ თითოეულ დასაქმებულს აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც გარდა პაკეტით შეთავაზებული პირობებისა, თანამშრომლებს აძლევს საშუალებას, რომ წელიწადში ორჯერ უფასოდ ჩაიტარონ სრული გამოკვლევები.

 

რას სწავლობს შრომის ინსპექცია?


შრომის ინსპექცია კომპანია ევოლუშენ საქართველოში რამდენიმე დღის წინ, საჩივრის საფუძველზე შევიდა.

 

როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტეს შრომის ინსპექციაში, უწყება კომპანიაში სწავლობს შრომის უფლებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებებს. შრომის ინსპექცია კომპანიაში საჩივრის საფუძველზე შევიდა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოკვლევითი პროცედურები, რაც გულისხმობს კომპანიისგან გამოთხოვილი დოკუმენტაციის დამუშავებას და შესწავლას. შრომის ინსპექციას, ამ ეტაპზე, უჭირს დააკონკრეტოს, როდის დაასრულებს მუშაობას დასკვნაზე, სადაც აისახება, არღვევს თუ არა კომპანია დასაქმებულების როგორც შრომით უფლებებს, ისე, რამდენადაა დაცული მათი უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე.



წყარო: radiotavisupleba.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up