„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს.
მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული.
„ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ გვერდზე და შენიშვნები, რაც ითქვა ჩანაწერი მოგვცეთ განვიხილოთ.
სპეციალურად დავპატიჟე ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, რომ ჩაერიოს როგორც ბიზნესის მხრიდან და ნორმალური ქვეყნისთვის და ეს ინდუსტრიაც არ გადავაყოლოთ ერთ კონკრეტულ რაღაცას. როგორ შეიძლება ვერ ვიპოვოთ საერთო ენა“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას.
კანონპროექტით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს და ამ ნაბიჯით საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს.
სპეციალურ მმართველს კი საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები ენიჭება, მათ შორის შესაძლებელი ხდება კომპანიის წილებისა და აქციების გახსვისება აუქციონის წესით.
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“