ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკამ რუსი ტურისტებისგან 67 მლნ დოლარი მიიღო.
ივლისში ტურიზმიდან შემოსავლების სტატისტიკას სებ-ი აგვისტოს შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ბანკის წინასწარი გათვლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილის მიერ დასახელებულ 44 მლნ დოლარიან დანაკარგს ემთხვევა.
შეგახსენებთ: ქვრივიშვილის ინფორმაციით, ავიასანქციების გამო რუსი ტურისტებისგან ივლისში 44 მლნ დოლარი დაგვაკლდა.
სებ-შიც ადასტურებენ, რომ შარშან საქართველომ რუსი ტურისტებისგან 111 მლნ დოლარი მიიღო, რაც წელს ივლისში მიღებულ შემოსავალთან შედარებით, 44 მლნ-ით ნაკლებია.
„ეროვნული ბანკი ტურიზმიდან შემოსავლებს ითვლის ვიზიტორების ტიპების მიხედვით, ვინ რამდენს ხარჯავს. რაც შეეხება ივლისში შემცირების მიზეზს, თვითმფრინავით შემოსული ტურისტები ბევრად მეტს ხარჯავენ ვიდრე - სხვები და რადგან თვითმფრინავით შემოსულთა რიცხვი შემცირდა, ამიტომ გამოდის შემოსავლებიც ასე ნაკლები. ავიასანქციების გარეშე, რუსეთიდან შემოსავლები, სავარაუდოდ, იქნებოდა დაახლოებით, $130 მლნ, მაგრამ სანქციების გათვალისწინებით, ჩვენი პროგნოზით, რომელიც მონეტარული პოლიტიკის ბოლო ანგარიშში გვქონდა, გამოვიდოდა დაახლოებით, $65-$70 მლნ. რაც ახლა სტატისტიკა დავითვალეთ, ($67 მლნ) ფაქტობრივად, ჩვენს პროგნოზს მიყვება, ჯერ-ჯერობით“, - განუცხადეს bm.ge-ის სებში.
აღსანიშნავია, რომ იმ ფონზე, როცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ეროვნული ბანკი უშუალოდ რუსი ტურისტებისგან ვერმიღებულ 44 მლნ-იან დანაკარგზე საუბრობს, კერძო სექტორში აქცენტს ჯამურად ივლისში ტურიზმის მიღებულ შემოსავლებზე აკეთებენ, რომელიც 20 მლნ დოლარის ფარგლებში მერყეობს.
მაგალითად: გუშინ, 9 აგვისტოს TBC Research-მა საქართველოს ტურიზმის სექტორის შესახებ განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებული საავიაციო შეზღუდვების ფონზე, ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 0-დან $20 მილიონის ფარგლებში შემცირდა, რაც მთლიანობაში 0-დან 5%-მდე დანაკლისს შეადგენს.
GALT & TAGGART-ის წინასწარი შეფასებით კი, ივლისში ტურიზმიდან შემოსავალი $5 მლნ-ით შემცირდა.
Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი bm.ge-ისთან ამბობს, რომ თვის განმავლობაში, საქართველოს ტურისტულმა სექტორმა დაახლოებით, $428 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით ანუ $5 მილიონით ნაკლებია.
BMG