საპორტო მოსაკრებლების თვალსაზრისით საქართველოს ნავსადგურები ერთ-ერთი დაბალკონკურენტულია, ანუ საქართველოს ნავსადგურების მომსახურება ძვირია - ამის შესახებ "კომერსანტს" "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში" განუცხადეს. მათივე მტკიცებით, საქართველოში საავტომობილო, სარკინიგზო და საპორტო გადაზიდვები გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე მეზობელ ან შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, რაც დამკვეთებისთვის სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია.
როგორც ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი გვიხსნის, საქართველოში საბორნე გემით ფოთის ნავსადგურში შემოსვლა 20.5 ათასი დოლარი ჯდება, როცა იგივე გემი ბალტიის ზღვაზე 3 250 დოლარს იხდიდა, ანუ თითქმის 5-ჯერ მეტია საპორტო მოსაკრებელი ჩვენთან.
"ჩინეთიდან ფოთში რომ მოვიდეს ერთი კონტეინერი დაახლოებით 15%-ით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ანალოგიური კონტეინერი თუნდაც ნოვოროსისკის ნავსადგურში და 10%-ით ძვირი, ვიდრე ოდესის ნავსადგურში. ფოთის ნავსადგურში კონტეინერის დამუშავება დაახლოებით 400 დოლარი ღირს, როცა ევროპულ ქვეყნებში ფასი დაახლოებით 100 დოლარია. ცალკე საკითხია ნავსადგურებში ჩატვირთვა-გადატვირთვა: მაგალითად ერთი ტონა ხორბლის დამუშავება ფოთის ნავსადგურში 10 დოლარი ჯდება და იგივე ერთი ტონის დამუშავება აქტაუს ნავსადგურში, რომელიც ჩვენი დერეფნის შემადგენელი ნაწილია, 2.5 დოლარი, უკრაინაში კიდევ უფრო ნაკლები - 1-1.5 დოლარი ჯდება. ჩვენი დერეფნის სიგრძე მთლიანად სატრანსპორტო დერეფნის 5%-ია, თუმცა საერთო ტარიფზე გავლენა მაიც აქვს, რადგან როცა ერთი ქვეყანა აძვირებს მომსახურებას, ამას გადადინების ეფექტი აქვს სხვა ქვეყნებზეც და მთლიანობაში ეს სატრანსპორტო დერეფანი ძვირდება”,- განუცხადა "კომერსანტს" პაატა ცაგარეიშვილმა.
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტის თქმითვე, სწორედ მაღალი ფასების გამო, საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს, კონკურენციას ვერ უწევს ალტერნატიულ დერეფნებს, რომლითაც ტვირთები მაგალითად რუსეთის გავლით გადაიზიდება. სწორედ ამას მიიჩნევს პაატა ცაგარეიშვილი იმის მიზეზად, რომ საქართველოში საზღვაო ტერმინალებში გადაზიდვა შემცირებულია. ძირითადად, სწორედ ფოთის პორტის ხარჯზე.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ფოთის პორტში მიმდინარე წლის 8 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.8%-ით ნაკლები ტვირთი გადაზიდეს, თუმცა ზრდა ფიქსირდება ბათუმში. ჯამში საქართველოში ტვირთბრუნვა გაზრდილია, თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს მაინც მცირე მოცულობაა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობა ამ კუთხით ჯერჯერობით დაბალი რჩება.
ლოგისტიკის ექსპერტები საქართველოზე გამავალი ტვირთების სიმცირეს სუბიექტური და ობიექტური მიზეზებით ხსნიან. მათი განმარტებით, სუბიექტური მიზეზი შეიძლება იყოს, რომ ჩვენს პორტებში არ არის შიდა კონკურენცია. სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ საერთაშორისო პრაქტიკაზე, სადაც როგორც წესი, ერთ პორტში შეიძლება იყოს რამდენიმე ოპერატორი, რაც კონკურენციას ზრდის, ფასს დაბლა სწევს და ხარიხს ზრდის. მეორე ფაქტორად სახელდება ტვირთების რაოდენობა, რომელიც საქართველოში მცირეა. 2019 წელს, როცა პიკური იყო ტვირთბრუნვა, 550 ათას კონტეინერამდე დაამუშავა ფოთის პორტმა, რაც დიდი არ არის, რადგან შავ ზღვაზე პორტები მილიონ ნახევარს და კიდევ მეტ კონტეინერს ამუშავებენ.
ავტორი: ბელა გელაშვილი