Radisson Blu Iveria Hotel Tbilisi-ი თითქმის ცარიელია, ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ვიზიტორების (მათ შორის ბიზნესმოგზაურები) 98% უცხოელებზე მოდიოდა.
როგორც სასტუმროს გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურში განმარტავენ, დღის განმავლობაში სულ რამდენიმე ნომერი ადგილობრივი მომხმარებლისგან იჯავშნება და ისიც გარე აუზით სარგებლობის გამო.
კითხვაზე, შექმნილ სიტუაციაში რამდენად ხარჯიანია Radisson Blu Iveria Hotel Tbilisi-ი მაშინ როდესაც შემოსავლები მკვეთრად შემცირებულია და რამდენ ხანს არის შესაძლებელი კომპანიისთვის ასეთ სიტუაციაში ყოფნა, სასტუმროს გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურში აცხადებენ, რომ Radisson Blu Iveria Hotel Tbilisi-ში დაემთხვა რენოვაციის პროცესი, რომელიც პანდემიის დროს არ შეჩერებულა. შესაბამისად, ახლა გახსნილია სასტუმროს 2-3 სართული, ხარჯები კი მინიმუმამდეა დაყვანილი.
„მუშაობს ასევე კვების ობიექტები, 1 სექტემბრიდან ამუშავდა სპა, იმედი გვაქვს, მომხმარებლები გააქტიურდებიან და აქედანაც გარკვეული შემოსავალი შემოვა. ძალიან რთულია, როდესაც შემოსავალი მინიმალურია და ხარჯის გაწევა მაინც გიწევს“, - აცხადებენ Radisson Blu Iveria Hotel Tbilisi-ში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მიმდინარეობს მუშაობა ერთგვარ ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც სასტუმროების გარდა Silk Road group-ის სხვადასხვა ობიექტსაც შეეხება. „გააჩნია როგორ წავა პროცესი, იქნება თუ არა მეორე ტალღა და რისი გაკეთება მოგვიწევს. ჰოლდინგი ასევე მუშაობს, რომ მაქსიმალურად მოხდეს თანამშრომლების და იმ ობიქეტების შენარჩუნება, რომელიც გახსნილია და მუშაობს. დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება ცოტა რთულია. მოგვიწია თანამშრომლების შემცირება, მათი ნაწილი უხელფასო შვებულებებში გავუშვით, ნაწილი მინიმალურ ხელფასზე დავტოვეთ. სხვადასხვა დეპარტამენტს ეს სხვადასხვანაირად შეეხო“, - აცხადებენ Radisson Blu Iveria Hotel Tbilisi-ში.
შეგახსენებთ, საქართველოში რეგულარული ფრენების დაწყება 1 ოქტომბრამდეა გადადებული.
business-partner.ge