რადიო "კომერსანტი": საქართველოში მოსახლეობას საჭიროზე მეტ წამალს უნიშნავენ

რადიო "კომერსანტი": საქართველოში მოსახლეობას საჭიროზე მეტ წამალს უნიშნავენ

person access_time2016-03-25 09:00:02

ექიმების მიერ საჭიროზე მეტი და ძვირადღირებული წამლების გამოწერის შესახებ „კომერსანტის“ პუბლიკაცია სოციალურ მედიაში აქტიური განხილვის თემად იქცა. მკითხველები აღნიშნავენ, რომ არაკეთილსინდისიერი ექიმები აზარალებენ არა მხოლოდ პაციენტების ბიუჯეტს, არამედ მათ ჯანმრთელობასაც. თემის გარშემო არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „კომერსანტი“ უბრუნდება პრობლემას და კიდევ ერთხელ სვამს შეკითხვას – როგორ უნდა მოიშალოს ფარმაცევტული კომპანიებისა და ექიმების პრაქტიკულად დანაშაულებრივი ურთიერთობა, როდესაც ექიმები, მატერიალური დაინტერესების გამო, პაციენტებს ზედმეტ წამლებს უწერენ. 


არასამთავრობო სექტორის შემდეგ, ქართველი ექიმების მიერ საჭიროზე მეტი მედიკამენტების გამოწერის პრობლემაზე სადაზღვევო კომპანიებიც საუბრობენ.


სადაზღვევო კომპანია „არდი"-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე პრობლემის სიმწვავეს აღიარებს და აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემა დღეს ორენტირებულია არა პაციენტზე, არამედ გაყიდვებზე. შედეგად, ხშირად არის ექიმის მხრიდან მედიკამენტების დანიშვნის გადამეტება, არაპროპორციულია დიაგნოზი და მისი ადეკვატურობა როგორც ამბულატორიულ კომპონენტში, ასევე მედიკამენტების კუთხით. პრობლემებია სტაციონარულ მომსახურებებშიც, რომელიც სადაზღვევო კომპანიებისთვის დამატებით დანახარჯებს ქმნის. საბოლოო ჯამში, ეს ავტომატურად ისახება ფასზე.


„ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ სამედიცინო კლინიკებთან, თუმცა ამის ბოლომდე აღმოფხვრა ვერ ხერხდება. ასეთი ფაქტები ძალიან ხშირია როგორც ჩვენს, ისე სხვა სადაზღვევო კომპანიების შემთხვევაში. ბოლო პერიოდში ძალიან მომატებულია მედიკამენტების ჭარბი მოხმარება, რომელიც თავის მხრივ დაზღვეულებსაც აზარალებს"-აცხადებს ჯაფარიძე.

 

მისი თქმით, კონტროლის მექანიზმი უნდა იყოს გაიდლაინის სისტემა. კერძოდ, შემუშავებული უნდა იქნას წესების და პროტოკოლების სისტემა იმისათვის, რომ განისაზღვროს ჩარჩო, თუ როგორი მკურნალობის მეთოდი უნდა იყოს გათვალისწინებული. ჯაფარიძის განმარტებით, საქართველოში ამ კუთხით ნაკლები კონტროლია. პრობლემის სიმწვავე კი ჯანდაცვის მინისტრმაც არაერთხელ აღიარა. „როდესაც სამინისტრო ამაზე საუბრობს, ესეიგი პრობლემა ნამდვილად დიდია"-აცხადებს ჯაფარიძე.


მისივე თქმით, სადაზღვევო ინდუსტრია მოწადინებულია, რომ ფარმაცევტული, სამედიცინო და სადაზღვევო სფეროები პარტნიორებად ჩამოყალიბდნენ და არა მოქიშპეებად, როგორიც დღეს არიან.


პრობლემის სიმწვავეზე საუბრობს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თინა სტამბოლიშვილიც. მისი თქმით, პრობლემა ძალიან მწვავეა და ის მოქმედებს როგორც დანახარჯებზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე. მისი თქმით, მედიკამენტების ასე უკონტროლოდ დანიშვნა მოქმედებს ტარიფზე და დაზღვევის ფასზე.



მისი განმარტებით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მედიკამენტების წილი ტარიფში 30 პროცენტით გაიზარდა. ზოგადად კი, მედიკამენტებზე დანახარჯის წილი სისტემაში ძალიან მაღალია. ამის ერთ-ერთ მიზეზად სტამბოლიშვილი ექიმების მიერ ზედმეტად დანიშნულ მედიკამენტებს ასახელებს.

 

„ხშირად ჩვენთან მოდის რეცეპტები, სადაც 8-10 სახეობის მედიკამენტია დანიშნული. ხანდახან ერთი ნივთიერების შემცველი 2-3 წამალია დანიშნული. ამაში გარდა იმისა, რომ ადამიანი ტყუილად იხდის ფულს, ამან შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს მის ჯანმრთელობაზე, მკურნალობაზე აღარ არის ლაპარაკი"-აცხადებს სტამბოლიშვილი.


მისივე თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი სახელმწიფოს ჩართულობაა. სტამბოლიშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანიას არ გააჩნია იმის ბერკეტი, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. „ვხედავთ,თუმცა ვერ ვაკონტროლებთ და ვერ ვებრძვით. სტატისტიკისთვის ეს ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ბერკეტი არ გვაქვს. ამ პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს რეგულაციების გარეშე ვერ მოხდება. პრობლემა კომპლექსურად უნდა მოგვარდეს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ექიმს წამლის დანიშვნა ავუკრძალოთ. ეს მისი პროფესიაა და ჩვენ ხომ არ ვართ სამედიცინო ორგანიზაცია, ჩვენ ვართ სამედიცინო მომსახურების დამფინანსებელი,"-აცხადებს სტამბოლიშვილი.

 

ქვეყანაში პრობლემის არსებობას აღიარებს „აისი ჯგუფის" გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი შენგელიაც, თუმცა აცხადებს, რომ „აისი ჯგუფში" მსგავსი რისკები მინიმიზებულია. მისი განცხადებით, კომპანიას არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე აქვს მექანიზმები, რითიც არსებულ რისკებს თავიდან იცილებს.


„ჩვენ გვყავს კვალიფიციური ექიმები და როდესაც საბუთების დამუშავება ხდება, აუცილებლად ხორციელდება მისი ანალიზი, თუ რამდენად სწორად ხდება დანიშნულების მიცემა. ხომ არ ხდება ინვოისების „გაბერვა" და ზედმეტი მანიპულაციების ჩატარება. ამას ორმხრივი დატვირთვა აქვს - პირველი, ექიმები მუდმივი კონტროლის ქვეშ არიან, რომ არ იყოს ინვოისის გაბერვის ცდუნება და მეორე, ოჯახის ექიმის მხრიდან ყურადღება. ეს აუცილებელია, რადგან, როდესაც დაზღვეული სამედიცინო დაწესებულებაში ხვდება, მას ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ყურადღება და კომფორტი ჰქონდეს. ვცდილობთ, ასეთი შემთხვევები არ მოხდეს"-აცხადებს შენგელია.


მისი განმარტებით, თუ მოხდება ინვოისების მასობრივად გაყალბება და იქ ზედმეტი მანიპულაციების შეტანა (ეს მხოლოდ მედიკამენტებს არ ეხება), ეს სადაზღვევო კომპანიებისთვის ფინანსურად საკმაოდ დამაზარალებელი იქნება. შენგელიას განმარტებით, პრემიის გააგნგარიშება ხდება გარკვეულ სტატისტიკაზე დაყრდნობით. შესაბამისად, პროდუქტის შეთავაზებაც. აქედან გამომდინარე, თუ გადახარჯვა მოხდება, ეს კომპანიისთვის ზარალიანი იქნება.

 

შეგახსენებთ, "საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების" მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ და ძვირადღირებულ წამლებს უწერენ. ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, კვლევის შედეგად გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ექიმმა პაციენტს დღეში მისაღებად 13 აბი და დამატებით მალამო გამოუწერა. ხშირია 7-დან 11-მდე მედიკამენტის დანიშვნის ფაქტებიც, მეტიც: ზოგჯერ ექიმს პაციენტისთვის ერთი და იგივე ჯგუფის რამდენიმე მედიკამენტიც კი დაუნიშნავს. კიდევ ერთი პარადოქსია, რომ საქართველოში არაერთი ჯენერიკი ორიგინალ წამალზე ძვირი ღირს.

 

კვლევის შედეგების საფუძველზე, ექიმებს გარკვეული რეკომენდაციები მიეცათ.

 

მორჩილაძე ამბობს, რომ კონტროლის ერთადერთი მექანიზმია ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება და წამლის გამოწერის მკაფიო სტანდარტის განსაზღვრა, რის შემდეგაც ისინი მედიკამენტების დანიშვნაში საკუთარ ინტერესს ვეღარ ჩადებენ.


“კომერსანტი“ თემაზე მუშაობას აგრძელებს და შეეცდება ჯანდაცვის უწყების პირველი პირისგან მოიპოვოს კომენტარი, აპირებს თუ არა ხელისუფლება ამ მიმართულებით რეგულაციების შემოღებას და მოსახლეობის ჯანმრთელობის ამ გზით დაცვას.

 



რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up