15 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭის რეგიონში გადამუშავებულია 2000 ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთული. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ჩასაბარებელი მოსავალს ამპელოგრაფები უწევენ მონიტორინგს.
ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკ-პოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულ/ალექსანდროულში შერევა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, მოსავლის დაბინავების პარალელურად, უპირველეს ამოცანად რჩება ზოგადად ქართული ღვინის, და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ღვინო „ხვანჭკარის“ ხარისხის უზურუნველყოფა და უნიკალური თვისებების შენარჩუნება.
წელს რაჭაში, ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას - 2500 ტონამდე მოსავალს ელიან.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტია გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევს.
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში გაიხსნა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.