საქართველოს მთავრობა საზღვრის კვეთასთან, ტესტირებასთან, კარანტინთან და შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე განთავსდა.
კითხვაზე თუ რა რა შემთხვევაში შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გამგზავრება საქართველოს მთავრობის პასუხი შემდეგია:
„საქართველოს მოქალაქეს შეუძლია გამგზავრება იმ ქვეყნებში, რომლებმაც დათქმით გახსნეს საზღვრები მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, კერძოდ მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი კატეგორიის ვიზიტის შესრულება, ტესტირების ან/და 14 დღიანი თვითიზოლაციის ან კარანტინის გავლა მიმღები ქვეყნის რეგულაციის მიხედვით.
ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვასა და ლატვიაში მგზავრობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისას, საქართველოს მოქალაქეს მოეთხოვება 14-დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულო წესით.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნების მიერ დაწესებული რეგულაციები მუდმივად გადაიხედება, რის გამოც მოქალაქემ უნდა დაადგინოს მიმღები ქვეყნის რეგულაციები ავიაბილეთის შეძენამდე და გამგზავრებამდე.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქის გამგზავრებამდე, დადგენილი იქნება მისი ვიზიტის კატეგორიის შეუსაბამობა დანიშნულების ქვეყნის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ რეგულაციებთან, ასეთ პირს შეიძლება, უარი ეთქვას ქვეყნის დატოვებაზე.
საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა“ ,- განმარტავენ საქართველოს მთავრობაში.