საქართველოს მთავრობა საზღვრის კვეთასთან, ტესტირებასთან, კარანტინთან და შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე განთავსდა.
კითხვები შეეხება ტესტირებებსაც, როგორ მთავრობაში განმარტავენ აეროპორტებში PCR ტესტირება ჩატარდება. კითხვაზე თუ რა შემთხვევაში დაექვემდებარება მგზავრი აეროპორტში PCR კვლევას, მთავრობის პასუხი შემდეგია:
„აეროპორტში PCR კვლევას ექვემდებარება ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქე/ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, იმ შემთხვევაში თუ მას წინასწარ (აპლიკაციაში) აქვს გამოხატული ნება ტესტირების გავლაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით PCR-კვლევის პასუხი ცნობილი იქნება მაქსიმუმ 24 საათში, რეკომენდებულია კვლევის პასუხის მიღებამდე პირი იყოს თვითიზოლაციაში. კვლევის შედეგთან დაკავშირებით, ინფორმაციას პირი მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში მიიღებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, განხორციელდება სატელეფონო კომუნიკაციაც NCDC-ის მიერ. ინფიცირებული პირი გადაყვანილი იქნება შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში. ერთი ადამიანის PCR კვლევისთვის ნიმუშის აღების პროცედურა 5-10 წუთის ფარგლებში მერყეობს.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ აეროპორტში PCR კვლევის საფასურის გადახდას სახელმწიფო უზრუნველყოფს მხოლოდ იმ ხუთი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის და ამ ქვეყნებში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირისთვის, რომელთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.