წლიურ ინფლაციაში სასუსრათო ჯგუფიდან პური ძირითადი პროდუქტია, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირდა. 1 წლის განმავლობაში ფასი თითქმის 22%-მდეა გაზრდილი და ტენდენცია შეიძლება გაგრძელდეს. მეპურეებს დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ მიმდინარე 1 თვის განმავლობაში ფასის შენარჩუნება შესაძლებელია, თუმცა გაძვირდება თუ არა პური ახალი წლის შემდეგ, დამოკიდებული იქნება ხორბლის იმპორტის მოცულობაზე და იმაზეც, თუ რა ზომებს მიიღებს მთავრობა მაღალი ფასის დასაბალანსებლად.
პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ერთ-ერთ გამოსავალს გადასახადების შემცირებაში ხედავს. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში სასურსათო უსაფრთხოების ყველაზე მყარ გარანტად ხორბლის წარმოების ზრდას მიიჩნევს.
,,რუსული ფქვილის იმპორტი ბოლო პერიოდში 5-6-ჯერ გაიზარდა. რაც შეხება ფასს, 67 ლარია, როცა ქართული ფქვილის ღირებულება 71 ლარს შეადგენს. პურის ფასის სტაბილურობა ჯერჯერობით შენარჩუნებულია, მაგრამ ტენდენცია ახალი წლის შემდეგ გაგრძელდება თუ არა, ჯერჯერობით გაურკვეველია. საბოლოოდ ხორბლის იმპორტზე ვართ დამოკიდებული, თუ რა ნაბიჯი გადაიდგმება მთავრობის მხრიდან ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად. ხორბალი საერთაშორისო ბირჟებზე 320 დოლარის ფარგლებშია და ეს უკვე კატასტროფული მაჩვენებელია. თურნავამ განაცხადა, რომ მზადაა ხორბლის იმპორტს მხარი დაუჭიროს. თუმცა მეორე პრობლემაა ის, რომ ქართული წარმოების ფქვილის ფასია გაზრდილი, რაც გადამამუშავებელ მრეწველობაში ხარჯის ზრდამ განაპირობა. ენერგომატარებლების გაძვირებამ ამ მხრივ უაღრესად ნეგატიური გავლენა მოახდინა. დღგ მაღალია, გაზის, დენის და წყლის გადასახადებიც გაზრდილია, შესაბამისად, მიღებული პროდუქტი ძვირდება, რაც მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეულია“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ მალხაზ დოლიძე.
მეპურეთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, საკუთარი ბაზრის დასაცავად ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა გამოიყენოს, საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ტვირთი შემსუბუქდეს, რა მექანიზმიც პანდემიის პერიოდში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ წარმატებით გამოიყენა.
,,როგორმე უნდა გადავიტანოთ რთული პერიოდი და ადგილობრივი ხორბლის წარმოება გავზარდოთ, სხვა გამოსავალს დღესდღეობით ნაკლებად ვხედავ. ცხადია, რუსული ფქვილი თუ შემოვა, პური არ გაძვირდება. თუმცა პრიორიტეტად რჩება ხორბლის იმპორტიც, რომლის ღირებულებაც მკვეთრად გაზრდილია. ჩვენს შემთხვევაში ხორბალზე დღგ 18%-ს შეადგენს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ბევრ ქვეყანაში კვების პროდუქტზე დღგ 10%-ს არ აჭარბებს, ამით ცდილობენ მაღალი ფასებისგან საკუთარი ბაზრის დაცვას, რაღაც მექანიზმი საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა გამონახოს“, - აცხადებს დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ ფასების სიდიდით სურსათიდან ყველაზე გამოსარჩევი პური გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პურის წლიურმა გაძვირებამ ოქტომბერში 21.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო სამომხმარებლო კალათაში ამ პროდუქტის ყველაზე დიდი წონის (3.74%) გამო ინფლაციაზე გავლენა 0.8 პროცენტული პუნქტამდე გაიზარდა.
2021 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასებმა 1.3 პროცენტით მოიმატა.
მარი ჩიტაია