რა შედეგებით ტოვებს გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს – ექსპერტების შეფასებები

რა შედეგებით ტოვებს გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს – ექსპერტების შეფასებები

person access_time2016-02-23 13:04:43

საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის დანიშვნის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ეროვნულ ბანკში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, როდის დანიშნავს პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძის შემცვლელს.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და, შესაბამისად, ბანკის საბჭოს წევრს, გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა 25 თებერვალს ეწურება. 

 

პრეზიდენტობის კანდიდატს ეროვნული ბანკის საბჭო შეარჩევს და დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს. 

„კომერსანტმა“ გიორგი ქადაგიძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მუშაობის 7–წლიანი პერიოდის შეფასება ექსპერტებს სთხოვა.


ექსპერტების იმ ნაწილის დასკვნები, რომლებიც გიორგი ქადაგიძის საქმიანობას ნეგატიურად აფასებენ, ასეთია: ქადაგიძის მმართველობის პერიოდში საბანკო სისტემა, რომელიც პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, ქართულ ეკონომიკიდან ფულის ამოქაჩვის მექანიზმად იქდა; კაპიტალის ბაზარი ვერ განვითარდა, რაშიც ძირითადი ბრალეულობა ბანკებისაა. სწორედ ბანკების დამსახურებაა, რომ მოისპო კონკურენცია.


ექსპერტთა ამ ნაწილის თქმით, სებ–ის ხელმძღვანელის შესაბამისი ბრძანების მიუხედავად, ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობა რეალურად არ შეიზღუდა, ეკონომიკისა და ბიზნესის პრობლემების ფონზე, ბანკები დიდ მოგებაზე გადიან. საბანკო სექტორს 17 მილიარდის კრედიტი აქვს გაცემული, მაგრამ სანაცვლოდ 300 მილიარდის ქონება აქვს ჩადებული.


ექსპერტები ასევე აკრიტიკებენ ლარის დევალვაციის პირობებში კრედიტების რესტრუქტურიზაციას, რაც არ ყოფილა რეალური შეღავათი.


საბანკო ექსპერტი დავით ასლანიშვილი აცხადებს, რომ გიორგი ქადაგიძე იყო ეროვნული ბანკის ძალიან კარგი პრეზიდენტი კომერციული ბანკებისთვის. ანუ მან ყველაფერი გააკეთა კომერციულ ბანკების სისტემის განვითარების კუთხით, მაქსიმალურად ხელი შეუწყო მათ განვითარებას, რაც გამოიხატა ფასიანი ქაღალდების ბირჟის (საფონდო ბირჟის) განადგურებაში. 


„გიორგი ქადაგიძემ, მისმა ვიცე-პრეზიდენტმა და სხვებმა ყველა ნაბიჯი გადადგეს, რათა საქართველოში ეს სფერო არ განვითარებულიყო, მთლიანად გაანადგურეს თავისუფალი ფასწარმოქმნა, საბაზრო ფასის ცნება. ქადაგიძეს ფასიანი ქაღალდების ბაზარი ბოლომდე აქვს მოკლული და დღესაც აგრძელებს რეგულაციას. ეს გამოიხატება იმაში, რომ ფაქტობრივად საბროკერო კომპანიები, რომელიც შუამავალი რგოლია, ბოლომდე მოსპო, დარჩა მხოლოდ კომერციული ბანკების ფილიალები. მან მაქსიმალურად ხელი შეუწყო, რომ კაპიტალის ბაზარი და საფონდო ბირჟა ბანკებს ეყიდათ,"-აცხადებს ასლანიშვილი.


მისივე განცხადებით, სწორედ ქადაგიძის „დამსახურებაა", რომ რეალურად არ მოხდა არაპროფილური აქტივების შეზღუდვა. კერძოდ, როგორც ასლანიშვილი ამბობს, ქადაგიძემ გაითავისა, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ კომერციულ ბანკების ზედამხედველი, ამიტომ, ყველაფერი გააკეთა კომერციული ბანკების და მათი მესაკუთრეების ინტერესების გატარებისთვის. ასევე აღსანიშნავია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი, სადაც, ექსპერტის თქმით, მხოლოდ კომერციულ ბანკებს აქვთ წვდომა და საქართველოს მოსახლეობა ამ სისტემას მთლიანად ჩამოცილებულია.



ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს ყველაფერს ვერ დააბრალებ, თუმცა, მისი დამსახურებაა ის, რომ კომერციული ბანკები ყველაზე მახინჯ სისტემად გადააქცია. ეს კი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას სერიოზულად აფერხებს. გიორხელიძე ამბობს, რომ ამ ნაწილში მხოლოდ ეროვნულ ბანკს არ ეკუთვნის საყვედური. მისი მტკიცებით, ის რომ ქვეყანაში არ განვითარდა კაპიტალის ბაზარი,  მხოლოდ ეროვნული ბანკის გადასაწყვეტი არ იყო.


მისივე ინფორმაციით, ზუსტად გიორგი ქადაგიძის ბრალეულობაა ის, რომ რეალურად არ შეიზღუდა არაპროფილური აქტივები. „მე ჯერ კიდევ 2003 წელს ვამბობდი, რომ საბანკო სისტემა ძალიან ცუდი მიმართულებით ვითარდებოდა უნივერსალური საბანკო სისტემის სახით, რამაც ასე არააწყობილ ქვეყანაში უდიდესი პრობლემა შეიძლება შექმნას. საქმე ის არის, რომ საბანკო სისტემამ დაივიწყა კლასიკური საბანკო საქმიანობა, რისთვისაც ის არსებობს. შედეგად, თვითონ გადავიდნენ ბიზნესების კეთებაზე და თვითონ დაიწყეს არაპროფილური აქტივების განვითარება. ისინი თავიანთ კომპანიებზე დაბალ პროცენტებში გასცემდნენ სესხებს, სხვებისთვის კი პროცენტი არანორმალური იყო,"-აცხადებს გიორხელიძე. 


მისივე ინფორმაციით, ლარის დევალვაციაში სოლიდური წვლილი ეროვნულ ბანკს აქვს. გიორხელიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გაცილებით ადრე უნდა აეტეხა ხმაური. აქედან გამომდინარე, ექსპერტი თვლის, რომ ეროვნულმა ბანკმა სერიოზული შეცდომები დაუშვა, რა თქმა უნდა მთავრობასთან ერთად.

 

ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე კი გიორგი ქადაგიძის 7–წლიან საქმიანობას დადებითად აფასებს. მისი თქმით, ქადაგიძის საქმიანობას ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ასე აფასებს და ის გამონაკლისი არ არის. გოცირიძე დაკონკრეტებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, სავალუტო ფონდით დაწყებული EBRD–ით დასრულებული მის საქმიანობას დადებითი შეფასება. „რუსეთი არ არის, რომ წლის საუკეთესო ბანკირის წოდება ფულით იყიდო. მეტს ვერაფერს ვერ დავამატებ"-აცხადებს გოცირიძე.


გაზეთი „ბანკები და ფინანსების" მთავარი რედაქტორი ზურა კუკულაძე ამბობს, რომ გიორგი ქადაგიძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის პერიოდი შეიძლება განვიხილოთ ორი კუთხით. პირველი – როგორც კუკულაძე ამბობს,ზოგადად, ეს პერიოდი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა თავად საბანკო სექტორისთვის. ქადაგიძის მოღვაწეობა წაადგა კომერციული საბანკო სექტორის განვითარებას, თუმცა, მეორეს მხრივ, ქადაგიძის პერიოდში საბანკო სისტემა იქცა ფინანსური სექტორის მონოპოლისტად. კერძოდ, საბანკო სექტორი ვერ ჩადგა ეკონომიკის სამსახურში. კუკულაძე ამბობს, რომ ქადაგიძე საზოგადოებას დაამახსოვრდა საბანკო სექტორში და საბანკო სისტემაში დავების პოლიტიკურ სივრცეში გადატანით (იგულისხმება სტანდარტ ბანკის, ლიბერთი ბანკის და ქართუ ბანკის საქმეები).


კუკულაძის განცხადებით, ქადაგიძის მოღვაწეობის ბოლო წლები ასევე გამორჩეული იყო იმით, რომ ლარი მკვეთრად გაუფასურდა, რაშიც მისი წვლილი საკმაოდ დიდია. სწორედ მის პერიოდში საკრედიტო ვალდებულებები მოსახლეობის ყველაზე მწვავე სოციალურ პრობლემად იქცა.


კუკულაძის შეფასებით, საბანკო სისტემის განვითარება და წარმატების მაჩვენებლები ეკონომიკის სხვა სექტორების დასუსტების ხარჯზე ხდება. ანუ, რეალურად, საბანკო სექტორი ვერ ჩადგა ეკონომიკის განვითარების სამსახურში და ის  ხელს უშლის ეკონომიკის მოდერნიზაციას. „ამის მიზეზები იყო ის, რომ საბანკო სისტემა იქცა ფინანსური სისტემის მონოპოლისტად. მონოპოლიური მდგომარეობა, რომელიმე სექტორის იქნება თუ კომპანიის, ნიშნავს იმას, რომ მას ბაზარზე გამოაქვს დაბალი ხარისხის პროდუქტები, რომელიც მხოლოდ მონოპოლისტის ინტერესებს ემსახურება. ქადაგიძემ ვერ შეძლო საფინანსო სივრცეში მონოპოლიის მოშლა. რაც მთავარია, საბანკო სფერო არამარტო ფინანსურ სისტემაში გახდა მონოპოლისტი, არამედ, გახდა ეკონომიკის სხვა სექტორების კონკურენტი"-აცხადებს კუკულაძე.


მისი თქმით, ქადაგიძის ხელმძღვანელობის პერიოდში რეალურად და მწვავედ დადგა არაპროფილური ბიზნესების პრობლემა. განსაკუთრებით დეველოპერულ ბიზნესში. კუკულაძის თქმით, დღეს დეველოპერულ ბაზარზე არის ორი დაპირისპირებული მხარე-საბანკო სისტემა და შედარებით დაბალი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ბიზნეს-ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ სექტორის განვითარებას, მაგრამ ვინაიდან ისინი არაკონკურენტულ მდგომარეობაში არიან ბანკების მიერ დაფუძნებულ სამშენებლო კომპანიებთან, ეს სიტუაცია ძალიან უარყოფითად მოქმედებს დარგის განვითარებაზე. ასე არის ყველა სექტორში.


“რამდენიმე ბანკს დღეს დეკლარირებულად აქვს, რომ დააფინანსებენ მხოლოდ კონკრეტული სამშენებლო კომპანიების ფართების გაყიდვას, ესეც მონოპოლიური მდგომარეობაა. შეიძლება ბანკი პირდაპირ არ ფლობდეს რომელიმე სამშენებლო კომპანიას, თუმცა, რადგან ის კონკრეტულ კომპანიასთან თანამშრომლობს, ეს უკვე არის ერთი კომპანიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება. ესეც მონოპოლიის ჭრილში უნდა განვიხილოთ. ძალიან ბევრ სექტორში საბანკო სექტორის მახინჯმა მიდგომებმა დააზარალა ბიზნესის განვითარების ჯანსაღი პროცესი. ეს ყველაფერი უკავშირდება იმ სასათბურე პირობების შექმნას, რომელიც შეიქმნა ქადაგიძის, ყოფილი ხელისუფლების და საბანკო ლობის აქტიური ძალისხმევით,"-აცხადებს კუკულაძე.


მისი შეფასებით, ლარის დევალვაციის პირობებში კრედიტების რესტრუქტურიზაციას რეალური შეღავათი არ მოუტანია. კერძოდ, ეროვნული ბანკის მხრიდან სირაქლემას პოზიციის დაჭერა, რომ ვითომ ეს მხოლოდ ბანკის და კლიენტის ურთიერთობა იყო, არის ძალიან უპასუხისმგებლო. კუკულაძის შეფასებით, ეროვნულ ბანკს შეეძლო გაცილებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.


„ელემენტარულად, ის მაინც შეეძლო, რომ ბანკებისთვის მკაცრი მითითება მიეცა, რომ არ გამოეყენებინათ ის მეთოდები კლიენტებთან ურთიერთობაში, რასაც იყენებენ. ვგულისხმობ, ეგერთ წოდებული ამომღები კომპანიების საქმიანობას, რაც ყოველგვარი საკანონმდებლო ჩარჩოს მიღმა ხდება. ამ კომპანიების მხრიდან მოსახლეობაზე ვრცელდება სრულიად უკანონო შანტაჟი, მუქარა, ტყუილში შეყვანა და ასე შემდეგ. ასეთ პირობებში ეროვნულ ბანკს შედარებით რბილად მოქცევის მითითება მაინც უნდა მიეცა"-აცხადებს კუკულაძე.

 

ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა ფიქრობს, რომ როდესაც ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე თავის უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა, პირველივე 2009 წლის ანგარიშში ნათლად და ცხადად ჩამოაყალიბა ფინანსურის სტაბილურობის ის პრინციპები და ფაქტორები, რომელსაც იგი, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ყურადღებას მიაქცევდა და რეფორმებსაც გაატარებდა.


დუნდუას შეფასებით, ეროვნული ბანკს 2009 წლის ანგარიშში, სადაც შესაბამისი დაპირებები უხვად არის წარმოდგენილი, ვკითხულობთ, რომ ფინანსური სტაბილურობის გამოწვევებიდან გამომდინარე სხვა ფაქტორებთან ერთად ეროვნულმა ბანკმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ საზედამხედველო საკითხებს: რამდენად არის სესხი დამოკიდებული უზრუნველყოფაზე და ხომ არ აქცევს ბანკი ზედმეტ ყურადღებას უზრუნველყოფას მსესხებლის გადახდისუნარიანობაზე ნაკლები ყურადღების დათმობის ხარჯზე.


დუნდუას შეფასებით, ეს საკითხები დღემდე არ არის დარეგულირებული. პირიქით, ეროვნული ბანკის უყურადღებობის გამო ვითარება მკვეთრადაა გამწვავებული და მოსახლეობას საბანკო დავალიანება მძიმე ტვირთად აწვება.

 

არადა, ექსპერტის თქმით, ჯერ კიდევ 2009 წლის სებ-ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ეროვნული ბანკის სტანდარტით და დაპირებით, „სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში მსესხებლის ვალის მომსახურება შემოსავალთან ლიმიტი არის 30%, ხოლო მსესხებლის ღია სავალუტო პოზიციის შემთხვევაში 20%. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის დღევანდელი სტანდარტის მიხედვით სამომხმარებლო სესხის კატეგორიაში არ შედის საავტომობილო სესხები, ოვერდრაფტები, სწრაფი განვადებები, სამომხმარებლო საკრედიტო ბარათებით გაცემული სესხები.


დუნდუა ყველაზე საგანგაშოდ აფასებს იმას, რომ  კატასტროფულად იმატა კომერციული ბანკების მხრიდან შეთავაზებებმა საცალო სესხების დამტკიცების შესახებ ისეთი ბანკებისაგან, სადაც ბოლოს ნამყოფი შეიძლება, ერთი წლის მანძილზე არ იყოს შეთავაზების მიმღები პირი. მეტიც: ფიქსირდება ღია აშკარა შეთავაზებები სატელეფონო მესიჯებით.

 

"გთავაზობთ სესხს შემოსავლების დადასტურების გარეშე. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკი არა თუ განიხილავს საერთოდ ლიმიტების შემოღებას სესხის მომსახურება შემოსავალთან მიმართებით, არამედ არ აწარმოებს ელემენტარულ სტატისტიკასაც კი, თუ როგორ არის დაკავშირებული სესხის ამღები მოქალაქის საკრედიტო ტვირთი მის შემოსავალთან"-აცხადებს დუნდუა. 

 

მისივე შეფასებით, ეროვნულმა  ბანკმა სავალუტო ფონდის არც სხვა რეკომენდაცია შეასრულა ჯეროვნად, მათ შორის - ეროვნული ბანკი უნდა აქვეყნებდეს ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს,რომელსაც სავალუტო ფონდის მოთხოვნის მიუხედავად უკვე 3 წელია არ ქმნის. 

 

„სტანდარტული მაკროეკონომიკური ანალიზისგან განსხვავებით, ფინანსურის სტაბილურობის ანგარიში შეისწავლის მოვლენებს, რომელთა მოხდენის ალბათობის დადგენა რთულია, მაგრამ რისკის მატერიალიზაციის შემთხვევაში უარყოფითი ზეგავლენა - არსებითი,“ – აცხადებს დუნდუა და ამბობს, რომ 2015 წლის მაისში გამოქვეყნებულ სებ-ის ანგარიშში ქადაგიძე პირობას დებს, რომ 2015 წლის ბოლოს ფინანსური სტაბილურობის ანგრიშს გამოაქვეყნებდა. ეს პირობა, მიხეილ დუნდუას განცხადებით, დაირღვა. მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა არ მოახდინა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გეგმაზომიერი დანერგვა.



„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up