ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ევროზონის ეკონომიკის გლობალური ხასიათი მას ძალიან დაუცველს ხდის მიწოდების ჯაჭვის დარღვევის შედეგად გამოწვეული სისტემური შოკების წინაშე.
“არსებობს ნიშნები, რომ გლობალური ეკონომიკა შეიძლება უფრო მეტად იყოს დესტაბილიზაციის წყარო ევროპისთვის, ვიდრე სტაბილიზატორი”, - თქვა ლაგარდმა და დასძინა, რომ შეფერხებები გავლენას “ევროზონაზე უფრო მეტად ახდენს, ვიდრე სხვა ქვეყნების ეკონომიკაზე, რადგან ევროზონა გლობალიზაციას მეტად ექვემდებარება”.
ლაგარდის შეფასებით, Just-In-Time კონცეფცია, რამაც გლობალური ვაჭრობა ათწლეულების განმავლობაში განაპირობა, “ძალიან დაუცველია სისტემური შოკებისგან” და “იმპორტირებული არასტაბილურობა” შემცირების ნაცვლად, შეიძლება გაიზარდოს.
Just-in-time ტერმინი პოპულარული 1980-1990-იან წლებში გახდა და აღწერდა წარმოების სისტემასა და მენეჯმენტის ფილოსოფიას, რომელიც მიზნად ისახავდა საჭიროების შემთხვევაში ხარჯების შემცირებას. სტრატეგიის მთავარი ნაწილი ინვენტარიზაციისა და სასაწყობო ხარჯების თავიდან აცილებაა.
ლაგარდის შეფასებით, საერთაშორისო ვაჭრობის დინამიკა შეიძლება შეიცვალოს, რადგან უფრო და უფრო მეტი კომპანია ინარჩუნებს მარაგებს მაღალ დონეზე, როგორც დაზღვევას შეფერხებებისგან.
“ჩვენ შეიძლება ვნახოთ უფრო არასტაბილური ინდუსტრიული ბიზნეს ციკლი”, - განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა.
წყარო: Bloomberg, "ბიზნესფორმულა"