პროგრამისტმა ნილ აგარვალმა შექმნა ონლაინ სიმულატორი - Asteroid Launcher-ი, რომელსაც პლანეტის ნებისმიერ წერტილში ნებისმიერი ასტეროიდის დაცემის სიმულაცია შეუძლია, წერს Daily Mail.
პროგრამისტმა ნილ აგარვალმა Asteroid Launcher-ი 1998 წელს გადაღებული, მისი საყვარელი ფილმის - Deep Impact-ის შთაგონებით შექმნა. სიმულატორის საშუალებით შეგიძლიათ აირჩიოთ პლანეტის ნებისმიერი წერტილი და იქ 1,5 კმ-მდე ზომის ასტეროიდი ჩააგდოთ, სიჩქარეც მიუთითოთ და ამის შემდეგ ნახავთ, ამ დარტყმას რა შედეგები მოჰყვება.
Asteroid Launcher-ში შეგიძლიათ აირჩიოთ დარტყმის ადგილი, ასტეროიდის დიამეტრი, სიჩქარე, რომლითაც ის დედამიწაზე დაეცემა, დარტყმის კუთხე, ასტეროიდის შემადგენლობა და შემდეგ უბრალოდ უნდა დააჭიროთ Enter-ის ღილაკი.
„მიყვარს ბუნებრივ კატაკლიზმებზე ფილმები და თავში მაქვს განკითხვის დღის სხვადასხვა სცენარი. დაახლოებით 2 თვე დამჭირდა ამ პროექტის შესაქმნელად, - აცხადებს აგარვალი.
ასტეროიდის დარტყმის სიმულატორის შესაქმნელად, აგარვალმა გამოიყენა მეცნიერთა ჯგუფი. ამასთან, Asteroid Launcher იყენებს დედამიწის სატელიტურ სურათებს მაქსიმალურად დეტალური სიმულაციის შესაქმნელად.
უკრაინული გამოცემა Focus-ი წერს, რომ თუ 50 კმ/წმ სიჩქარით ან 180 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი 500 მეტრის ზომის ასტეროიდი მოსკოვს დაეცა, ის 16 კმ-იან კრატერს წარმოქმნის და მოსკოვის თითქმის 2 მილიონი მცხოვრები დაიღუპება, მაგრამ ასეთი მოვლენა 880 ათას წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს.
მეცნიერთა აზრით, 2029 წელს დედამიწას ერთ-ერთი ყველაზე საშიში ასტეროიდი აპოფისი მოუახლოვდება. მისი დიამეტრი 300 მეტრზე მეტია, მაგრამ ის პლანეტას 30 ათასი კილომეტრის მანძილზე ჩაუქროლებს და ის დედამიწას არ შეეჯახება. მაგრამ ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ რაღაც არაპროგნოზირებადმა კოსმოსურმა მოვლენამ მისი ფრენის ტრაექტორია შეცვალოს, წერს გამოცემა.