2021 წლის 1 იანვრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით 25-მა პოლიტიკურმა პარტიამ ჯამში 23 227 322 ლარის შემოწირულება მიიღო, - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI) ავრცელებს.
მათი ცნობით, ყველაზე მეტი შემოწირულობა, აღნიშნული თანხის 71% ქართულმა ოცნებამ მიიღო (16 585 660 ლარი). მეორე იყო პარტია ლელო საქართველოსთვის 2 330 556 ლარით, ხოლო მესამე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2 212 912 ლარით. ყველაზე ნაკლები შემოწირულობის სამეულში გავიდნენ პარტიები: ახალი ქრისტიან დემოკრატები 750 ლარით, სამართლიანობისთვის 200 ლარით, ერი 100 ლარით.
მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს ჯამში დაახლოებით 155 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგეს და 6 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში 3 მლნ ლარამდე გაიღეს ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სასარგებლოდ,- აღნიშნულია საერთაშორისო გამჭვირვალობის განცხადებაში.
პარტიების შემოწირულობები შეისწავლა სახელწიფო აუდუტის სამსახურმაც, რომლის დასკვნიდან ირკვევა, რომ ზაფხულში პარტიების შემოწირულობებში ბიზნესის აქტივობა დაბალი იყო.