გლობალური მასშტაბის კრიზისის წყალობით სამედიცინო ნიღბები ისტორიაში შევა, როგორც 2020 წლის განუყრელი ატრიბუტი. საუბარი არა მოდურ ტენდენციაზე, არამედ კრიტიკულ რეალობაზეა, რომლის წინაშეც მსოფლიო Covid-19-ის გავრცელებამ პირისპირ დააყენა.
პანდემია მსოფლიო ეკონომიკისთვის სერიოზული გამოწვევა გახდა, ბუნებრივია, მათ არც მოდის ინდუსტრია ჩამორჩება. შეჩერებული წარმოება, ლოგისტიკასთან დაკავშირებული პრობლემები, მაღაზიების დახურვა და გაყიდვების მკვეთრი დაცემა - ამ პრობლემებთან გამკლავება როგორც მცირე, ასევე მსხვილ კორპორაციებს უწევთ. თუმცა, მაღალი მოდა ჯერ დანებებას არ აპირებს და ეპიდემიას კოლექტიურ ომს უცხადებს. კომპანიების უმეტესობა თითქმის ერთდროულად გადაეწყო აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის წარმოებაზე. რთული მისახვედრი არ არის,რომ მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო ნიღბები და რესპირატორებია.
ფრანგული კონგლომერატი LVMH , რომელიც Louis Vuitton-ს, Dior-ს, Celine-ს, FENDI-ს და სხვა ბრენდებს აერთიანებს, საფრანგეთში 40 მილიონი პირბადის მიწოდებას ახდენს. მათ კონკურენტი KERING-იც არ ჩამორჩა (Gucci, Balenciaga და Saint Laurent ) და მთელი რესურსები სამედიცინო ხალათებისა და ნიღბების წარმოებაში დააბანდა. ეროვნული ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა ესპანურმა კომპანია Zara-მაც, ასევე იტალიურმა Prada-მ და შვედურმა H&M-მა. დიზაინერების ბრიტანულმა საბჭომ ყველა ბრენდს ნიღბებისა და ინდივიდუალური თავდაცვის სხვა საშუალებების წარმოებისკენ მოუწოდა. აშშ-ში წარმოების მეთოდი შეცვალა Christian Siriano-მ, Pyer Moss-მა და Collina Strada-მაც. რუსეთში პირველივე რეაგირება მოახდინა კომპანია Bosco-მ, რომელმაც ბამბის ნიღბების წარმოება დაიწყო. დიზაინერი ვიქტორია ანდრეევნა კი აცხადებს, რომ მოხუცთა თავშესაფრებისთვის მრავალჯერად ნიღბებს აწარმოებს.
წარმოების მასშტაბური მობილიზაცია ინდუსტრიისგან სრულიად ლოგიკური რეაქციაა კრიზისულ სიტუაციაში. მსგავსი სურათი იყო მეორე მსოფლიო ომის დროსაც : როცა მძიმე მრეწველობა საომარი არტილერიის წარმოებით იყო დაკავებული, ტექსტილის ფაბრიკები სამხედრო ფორმებს ამზადებდნენ.
გასულ საუკუნეში ამ ნივთის კულტურული მნიშვნელობა რამდენჯერმე შეიცვალა. პირველი ნიღბები მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა და გამოიყენებოდა, როგორც დაცვის საშუალება იმ ექიმებისთვის, რომლებიც საოპერაციოში მუშაობდნენ. 1910 წელს ნიღბებს ჩინეთის ხელისუფლება ფილტვის დაავადების გავრცელებისგან დასაცავად იყენებდა. 8 წლის შემდეგ ნიღბებმა მასობრივი გავრცელება დაიწყო ესპანური გრიპის მსოფლიო ეპიდემიის დაწყებისას და იმდროინდეილი მოწინავე მედიცინის სიმბოლოც გახდა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ნიღბები ფართოდ გავრცელდა აზიის ქვეყნებში, როგორც ჰაერის დაბინძურებისგან დაცვის საშუალება. ცოტა ხნის წინ, მათი ტარება ავსტრალიის მაცხოვრებლებმაც დაიწყეს, რისი მიზეზიც მასობრივი ხანძრები გახდა. ჯერ კიდევ 2008 წელს სამედიცინო ნიღაბმა Louis Vuitton-ის გაზაფხული ზაფხულის კოლექციაში აღიარება მოიპოვა.
პოდიუმიდან მუსიკალურ სცენაზე ნიღბებმა რეპ ჯგუფის Ayo & Teo-ს მეშვეობით გადაინაცვლა. შემდგომში კი ნიღაბი პროტესტის სიმბოლო გახდა.
ჰონგ-კონგში სულ ცოტა ხნის წინ, ნიღაბი დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლო იყო. მოსახლეობის ნაწილი, ვინც კანონპროექტს აპროტესტებდა ნიღბებით ემალებოდა ქუჩის სათვალთავლო კამერებს. პროტესტში მონაწილეების ფოტოები დასავლურ მედიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ილუსტრაციებში გამოიყენებოდა, რასაც მედიის მხრიდან რასობრივი დისკრიმინაციის აქტად მოიხსენიებდნენ.
„რა დანიშნულებაც არ უნდა ჰქონდეს ნიღაბს, ეს ნივთი ჰქმნის ბარიერს თქვენსა და გარესამყაროს შორის“ - განაცხადა ფრანგმა დიზაინერმა მარინ სერმა - „ის ემსახურება დაცვას და ამასთან სოციალურ დისტანციას ქმნის“.
პლანეტარული მასშტაბის პრობლემასთან ყველა თანასწორია, არსებული სიტუაცია იძლევა საფუძველს, რომ დროთა განმავლობაში სამედიცინო ნიღბები ამ პერიოდის კულტურის სიმბოლოდ იქცევა.
GQ.RU
მოამზადა მარიამ მორგოშიამ