ნარმანია VS კალაძე - ვინ უფრო მეტი დაპირება შეუსრულა თბილისელებს

ნარმანია VS კალაძე - ვინ უფრო მეტი დაპირება შეუსრულა თბილისელებს

access_time2021-05-20 11:00:45

თვითმართველობის არჩევნების მიმართ მთელ მსოფლიოში შედარებით ინტერესი შედარებით დაბალია ხოლმე, თუმცა, საქართველოში ოქტომბრის არჩევნებს 2 ინტრიგა მაინც ახლავს: გადალახავს თუ არა 43%-იან ზღვარს ქართული ოცნება და ვინ გახდება თბილისის მერი? იყრის თუ არა მოქმედი მერი კახა კალაძე კენჭს ხელმეორედ, ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.


კახა კალაძე ქართული ოცნების მმართველობის პირობებში დედაქალაქის მეორე მერია. იქამდე ამ თანამდებობას 2014-2017 წლებში დავით ნარმანია იკავებდა. ორი მერის მიერ გაკეთებული საქმეებიდან ყველაზე შესამჩნევი, რაც ყოველდღიურად ჩანს - ახალი ავტობუსებია. მათ გარდა, ასევე შეიძლება აღინიშნოს მეტროს ნაწილობრივი რეაბილიტაცია და ახალი მეტროსასდგური, ტაქსების რეფორმა, ზონალურ-საათობრივი პარკირება, სკვერები, მილიონი ხის დაპირება, რომელიც სრულად არა, მაგრამ ნაწილობრივ მართლაც შესრულდა.


2014 წლის 15 ივნისის არჩევნებზე ქართული ოცნების კანდიდატმა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა დავით ნარმანიამ ამომრჩეველთა 46.1%-იანი მხარდაჭერა მიიღო, მას 151 807-მა ადამიანმა მისცა ხმა. ნარმანიას მთავარ კონკურენტს ნაციონალური მოძრაობიდან, ნიკა მელიას თბილისის ამომრჩეველთა 28%-მა დაუჭირა მხარი. მან ჯამში 92 125 ხმა მიიღო. მეორე ტურში რომელიც 12 ივლისს გაიმართა, ნარმანიას მხარი ამომრჩეველთა 72.47%-მა დაუჭირა - 222 026 ხმა, მელიას კი 27.53%-მა - 84 350 ხმა.


ნარმანიას ერთ-ერთი მთავარი დაპირება მილიონი ხე იყო. 2017 წლის სექტემბერში მერიაში განაცხადეს, რომ 1 მლნ არა, მაგრამ პროგრამის ფარგლებში 700 000 ხე დაირგო, საიდანაც 80%-მა 560 000-მა ნერგმა გაიხარა. ყველაზე მეტი ხე თბილისის ზღვის პირასა და დიდ დიღომში დაირგო. მართალია გეგმა პრაქტუკულად მხოლოდ 56%-ით შესრულდა, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სამწლიან პერიოდში 0.5 მლნ-ზე მეტი ხე ორგანიზებულად არასდროს დარგულა.


გამწვანება დღემდე ქალაქის ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად რჩება. 1988 წლის შემდეგ მწვანე საფარის სრულყოფილი ინვენტარიზაცია აღარ ჩატარებულა, თუმცა სხვადასხვა გათვლებით ის 1 სულ მოსახლეზე 4-5 კვადრატულ მეტრს უდრის, რაც ძალიან ცოტაა. შედარებისთვის ანალოგიური მაჩვენებელი ამსტერდამში 45 კვადტრატული მეტრია, სტოკჰოლმში 87 კვადარტული მეტრი, ვენაში კი 120.


2014 წელს თბილისში 500-მდე ძველი ექსპლუატაცია ვადა ამოწურული ყვითელი ავტობუსი მოძრაობდა. 2016 წელს დედაქალაქში MAN-ის 10 EURO 6-ის სტანდარტის თხევად გაზზე მომუშავე 87 ადგილიანი ავტობუსი გამოჩნდა, რომელთა რაოდენობაც 2017 წელს 143-მდე გაიზარდა, რაზეც 34 მლნ ევრო დაიხარჯა.


2016 წლის ოქტომბერში კუს ტბის საბაგირო გაიხსნა და ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე მოხვედრა 6 წუთში გახდა შესაძლებელი.


2017 წლის 16 ოქტომბერს თბილისში 23-ე მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ გაიხსნა, თუმცა ის მერიის ნაცვლად აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი 83 მლნ ლარი დაჯდა.


2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებზე კახა კალაძემ პირველივე ტურში გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთმა 51.1%-მა, 204 061 ადმიანმა დაუჭირა მხარი. 17.5%-ით დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი კი 16.6%-ით მესამე ადგილზე გავიდა.


კალაძის მერობის პერიოდში ავტობუსების პარკი თითქმის მთლიანად განახლდა. დღეს თბილისში სულ 572 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს, მათ შორის: MAN-ის 12 მეტრიანი 125 ერთეული, (ნარმანიას პმერობის პერიოდში შეძენილი) MAN-ის 10 მეტრიანი 75 ერთეული, ISUZU- 8 მეტრიანი 184 ერთეული, BMC-ის 12 მეტრიანი 108 ერთეული, ასევე ძველი ყვითელი ბოგდანის 80 ერთეული ავტობუსი.



უკვე შესყიდულია დამატებითი 100 ერთეული BMC-ის 12 მეტრიანი ავტობუსი შემოყვანის პროცესი მიმდინარეობს. მათ გარდა 2022 წლის 1-ელ იანვრამდე დაგეგმილია 180 ერთეული 8 მეტრიანი და 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. საბოლოოდ ძველი ავტობუსების ჩახსნისა და ახლების დამატების ხარჯზე ავტობუსების საერთო რაოდენობა 972-მდე გაიზრდება.


მწარმოებელი ქვეყნების მიხედვით MAN გერმანულია, ISUZU იაპონური და BMC თურქული. ყველა მათგანი EURO 6-ის ტიპის საწვავზე მუშაობს, 12 მეტრიანები თხევად გაზზე, 8 და 10 მეტრიანები დიზელზე. ყველა ახალი ავტობუსი ეტლით მოსარგებლე ადამიანებზეა ადაპტირებული.


2-3 წლის წინ აქტიურად განიხილებოდა ელექტრო ავტობუსის შემოყვანის საკითხიც. 2018 წლის მაისში, კომპანია „ფრეგობასმა“ თბილისში 1 ერთეული ელექტრო ავტობუსი შემოიყვანა, მის წარდგენას დედაქალაქის მერი კახა კალაძეც დაესწრო, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისი აუცილებლად შეიძენდა ელექტრო ავტობუსებს. საუბარი იყო ჯერ 90, შემდეგ კი 200 ერთეულზე. 18 მეტრიანი ავტობუსებიც ელექტრო უნდა ყოფილიყო. უფრო მეტიც „ფრეგობასი“ გერმანულ კომპანია EUROBUS-თან და ჩინურ ZTE Corportaion-თან ერთად საქართველოში ელექტრო ავტობუსების ქარხნის გახსნას გეგმავდა. დღეს კი მერიაში მხოლოდ მოკლედ განმარტავენ, რომ „პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სიძნელეების გათვალისწინებით ელექტრო ავტობუსების შემოყვანის პროექტი შეჩერდა.“


რეფორმის დაწყებამდე, ანუ 2016 წლამდე ყველა ავტობუსი ერთად 27 000 მგზავრს იტევდა, დღეს ეს რიცხვი 48%-ით 40 000-მდეა გზრდილი, რომელიც წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება.


ტრამვაის აღდგენის შესახებ ლაპარაკი ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის დროს დაიწყო, ნარმანიას დროს გაგრძელდა და კალაძის დროს ფატობრივად დასრულდა. მიზეზად მაღალი დანახარჯი დასახელდა.


3 წლის წინ მერიამ ამბიციური პროექტი დააანონსა რაც ლილომდე და პერსპექტივაში რუსთავამდე მეტროს გაყვანას გულისხმობდა. სამუშაოები 2019 წლის ბოლოდან უნდა დაწყებულიყო. სავარაუდო ბიუჯეტად $90 მლნ სახელდებოდა, რომელიც  2 წლის შემდეგ $150 მლნ-მდე გაიზარდა. გაზრდილი თანხაც კი მეტროს ახალი ხაზისთვის ძალიან იაფია, მაგრამ ხარჯს მისი მიწის ზემოთ განთავსება ამცირებდა. პროექტი საქართველოს მთავრობისა და თბლილისის მერიის ერთობლივი ძალისხმევით უნდა განხორციელებულიყო. ლილოს ბაზრობამდე მეტროს აეროპორტისა და ისთ ფოინთისთვის უნდა გაევლო. დაგეგმილი იყო 8 ახალი სადგურის მშენებლობა: „სამგორი 2,“ „კახეთის გზატკეცილი,“ „ისტ პოინტი,“ „ორხევი,“ „აეროპორტის დასახლება,“ „აეროპორტი,“ „ლილოს დასახლება“ და „ლილოს ბაზრობა.“ მოცდის სავარაუდო დროდ 10 წუთი სახელდებოდა, რომელიც შეიძლება შემდეგ შემცირებულიყო. მეტროს ახალი ხაზით ყოველდღიურად 200 000 ადამიანს უნდა ესარგებლა. პროექტის მეორე ეტაპზე თბილისი მიწისზედა მეტროთი რუსთავს უნდა დაკავშირებოდა.


თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ 2021 წლის მარტში განაცხადა, რომ პროექტი ძვირიანია და გადაწყვეტილება იმის შესახებ პოსტპანდემიურ პერიოდში გამართლებული იქნება თუ არა ამ მოცულობის ხარჯი ჯერ მიღებული არ არის.


თბილისი მეტროს ამჟამად 192 ვაგონი ემსახურება. დაგეგმილია 40 ახალი ვაგონის შესყიდვა. განხილვის ეტაპზეა გვირაბებში ინტერნეტკავშირის მხარდაჭერის შესაძლებლობა და სადგურ „ახმეტელის თეატრზე“ მეორე ამოსასვლელის მოწყობა.


მეტროს რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად გამოიცვალა 500 კმ ძალოვანი კაბელი და გვირაბების სავენტილიაციო სისტემა. სამუშაოებზე $15 მლნ დაიხარჯა.


რადგან მეტროსა და ტრამვაის სიძვირის გამო აქცენტი ავტობუსებზე გაკეთდა რამდენიმე ქუჩაზე სპეციალური ავტობუსების ზოლი ე.წ. ბასლაინები მოეწყო. ბასლაინების მოწყობა პეკინის გამზირზე 2017 წელს ნარმანიას მმართველობის დროს დაიწყო კალაძის დროს გაგრძელდა. განსაკუთრებული ყურადღება კი ჭავჭავაძის გამზირმა მიიქცია, სადაც ავტობუსების სავალმა ხაზმა შუა ქუჩაში გადაინაცვლა. რადგან ავტობისებს კარი მარჯვნივ აქვს შეიცვალა მოძრაობის მიმართულებაც. ავტობუსების ხაზისა და შუა ქუჩაში დამატებული გაჩერებების გამო კერძო ავტომობილებისთვის სამოძრაოდ 6-დან მხოლოდ 2 ზოლი დარჩა. მერიის განმარტებით ბასლაინების ქუჩის კიდეში განთავსება ნახევრად გაკეთებული საქმე იქნებოდა, რადგან მკვეთი ქუჩებიდან გამომავალი ავტომობილები მოძრაობას ისევ შეაფერხებდნენ. გადაწყვეტილებამ საწყის ეტაპზე ავტომფლობელების ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, ადამიანები იმასაც კი ითხოვდნენ რომ 2 დამატებითი ზოლი ტროტუარების ხარჯზე დაემატებინათ და ქუჩის ორივე მხარეს დარგული ხეები მთლიანად მოეჭრათ. განახლებული გამზირის გახსნიდან თითქმის 10 თვის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე იმაზე მეტი საცობი არაა, რაც ქალაქის სხვა დატვირთულ უბნებში და არც რეაბილიტაციამდე პერიოდში არსებულ საცობებზე მეტი.


მოძრაობის სქემა ჭავჭავაძეზე პროტესტის უმთავრესი ნაწილი იყო, უკმაყოფილება სხვა ფაქტებმა გამოიწვია. ტროტუარებზე პარკინგი აიკრძალა და გადასახვევებზე ბარიერებად ბოძკინტები განთავსდა. რამდენჯერმე აღნიშნული ბოძკინტები მოგლიჯეს. ფასის გამო - 31 000 ლარი გააპროტესტეს მიწისქვეშა ურნებიც. პროტესრის შემდეგ 12 ათასლარიანი სკამების ტენდერი ჩავარდა.


მერია საერთო ჯამში 10 სატრანსპორტო დერეფნის მოწყობას გეგმავს სადაც ბასლაინებზე 18 მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ.


სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია მერიის მიერ მიკროავტობუსების შესყიდვა და ერთიანი 50 თეთრიანი ტარიფის ამოქმედებაც. 300 ლურჯ მიკროავტობუსში მგზავრობა აპრილიდან 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი ღირს. სტუდენტები, პენსიონრები, სოციალურად დაუცვლები და მოსწავლეები შესაბამისი საშეღავათო 20, 10 და 0 თეთრიანი ტარიფებით სარგებლობენ. 1.5 საათიანი უფასო გადაჯდომის სისტემა ავტობისებისა და მეტროს გარდა ახალ მიკროავტობუსებშიც მოქმედებს.


2018-2019 წლებში ხმაურით წარიმართა ტაქსების რეფორმაც. ტაქსის ლიცენზიის საფასურს - 100 ლარს განსაკუთრებული უკმაყოფილება არ მოჰყოლია, თუმცა სავალდებულო თეთრმა ფერმა ბევრი მძღოლი გააღიზიანა. მერიამ ტაქსისტებს გადაღებვის ნაცვლად ავტომობილებზე თეთრი ფირის გადაკვრის ნება დართო. ფირის გადაკვრა საშუალოდ 600 ლარი ჯდებოდა, გადაღებვა უფრო ძვირი. რეკლამის გაკვრის სანაცვლოდ კომპანიებმა მძოლებს ფერის ცვლილების საფასურის გადახდა შესთავაზეს, რაზეც მხოლოდ მცირე ნაწილი დასთანხმდა.


2019 წლის აგვისტოში კოტე აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკინგი ამოქმედდა. ავტომობილის 1 საათით გაჩერების საფასური 1 ლარით განისაზღვრა. ადგილობრივ მაცხოვრებლებზე, პირებზე რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე უძრავ ქონებას ფლობენ, შშმ პირებსა და ელექტრომობილებზე ცვლილება არ გავრცელებულა. ასევე ნებისმიერ პირს 24 სთ-ის განმავლობაში 15 წთ-ით უფასო გაჩერების საშუალება მიეცა. ეტაპობრიბავად მსგავსი სისტემა პეკინის, ყაზბეგისა და ჭავჭავაძის გამზირებზეც, აგრეთვე მათ მიმდებარე ქუჩებზეც ამოქმედდა.


თვითმართველობის მორიგი არჩევნები 2021 წლის ოქტომბერში გაიმართება. თუ ქართულმა ოცნებამ ქვეყნის მასშაბით 43%-ზე ნაკლები ხმა აიღი 2022 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. მერობის გადამწყვეტი ბრძოლა ტრადიციულად თბილისში გაიმართება. ჯერ არც ერთი კანდიდატი ოფიციალურად არ დასახელებულა, სავარაუდო კანდიდატებად კი კახა კალაძე, ალეკო ელისაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი გახარია და ნიკა მელია მოიაზრებიან.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up