რა ფისკალურ ეფექტს ელოდება ხელისუფლება ახალი საგადასახადო ცვლილების შედეგად – ექსპერტების შეფასებები

რა ფისკალურ ეფექტს ელოდება ხელისუფლება ახალი საგადასახადო ცვლილების შედეგად – ექსპერტების შეფასებები

person access_time2016-02-02 10:45:32

რა ფისკალურ შედეგს ელოდება ხელისუფლება ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც ბიუჯეტში თანხების შეტანისგან ათავისუფლებს კომპანიებს, რომლებიც საერთაშორისო ბირჟებზე გადიან?


საუბარია რამდენიმე კვირის წინ ამოქმედებულ ცვლილებებზე, რომელთა თანახმად საერთაშორისო ბირჟებზე გასვლასთან დაკავშირებული დანახარჯების მოგების გადასახადისგან გამოქვითვადი ხდება.  საინტერესოა, რომ ცვლილებების თანახმად, აღნიშნული შეღავათი 2012 წლის იანვრიდან წარმოქმნილ ვალდებულებებზეც გავრცელდება. არსებული მოცემულობით კი შეღავათებით ისარგებლებს სამი უმსხვილესი კერძო კომპანია – საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი და სამედიცინო კორპორაცია ევექსი. 


ექსპერტების ნაწილის აღშფოთებას იწვევს ის, რომ ცვლილებების შედეგად ბიუჯეტში მილიონობით ლარის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან უმსხვილესი საბანკო ჯგუფები, რომლებსაც, მათი თქმით, ისედაც  სასათბურე პირობები აქვთ შექმნილი და ბიუჯეტის ხარჯზე ამ შეღავათის დაწესება არასამართლიანია. თუმცა არსებობს მეორე პოზიციაც, რომლის თანახმად, აღნიშნული ცვლილება არის პოზიტიური ნაბიჯი ინვესტიციების მოსაზიდად.


„კომერსანტის“ მიერ ამ თემაზე გამოქვეყნებულმა სტატიამ დაინტერესებული საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და სოციალურ ქსელებში აქტიური დისკუსიის საგანი გახდა. 


საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, „კომერსანტი“ აგრძელებს თემას და სვამს შეკითხვებს, რომლებიც ბუნებრივად ჩნდება ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების დროს. ამ შემთხვევაში კი, როდესაც ცვლილებით მოსარგებლეები ამ მომენტისთვის უმსხვილესი კომპანიები არიან, ეს შეკითხვები კიდევ უფრო აქტუალურია:


ვის ეკუთვნის აღნიშნული ცვლილებების საკანონმდებლო ინიციატივა? ამ კითხვაზე საპარლამენტო უმრავლესობაში პასუხი ვერ მივიღეთ და ვაგრძელებთ საკითხის გარკვევას.

 

რა არგუმენტებით დაეთანხმა უმრავლესობა აღნიშნულ ცვლილებებს, როგორი იყო ცვლილებებისთვის ხმის მიმცემი ცალკეული დეპუტატების არგუმენტაცია? დეპუტატების პოზიციის შეტყობას „კომერსანტი“ დღის განმავლობაში შეეცდება. 


რა ფისკალურ შედეგებს ელოდება სახელმწიფო ამ ცვლილებებით და რა ეფექტის მიღება სურს ქვეყნის ეკონომიკისთვის, ბიუჯეტში არგადახდილი თანხების სანაცვლოდ? 



შესაძლოა, საკანონმდებლო ცვლილება გამართლებულია, მაგრამ უსამართლოა, რომ პარლამენტმა  საგადასახადო ცვლილება ბანკების მოთხოვნის შემდეგ, დაჩქარებული წესით მიიღო იმ დროს, როდესაც არაერთი სხვა ინიციატივის განხორციელება, მათ შორის მცირე ბიზნესთან დაკავშირებულის, ხანგრძლივად ჭიანურდება ხოლმე.

 

ამის შესახებ „კომერსანტს“  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა  მერაბ ჯანიაშვილმა განუცხადა.  მისი თქმით, სამწუხაროა, როცა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებს თავიანთი იდეების ლობირება და შემდეგ პარლამენტში საკანონმდებლო დონეზე მიღება სხვაზე ადვილად შეუძლიათ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები კი ხანდახან წლების განმავლობაში ითხოვენ გადასახადების განაკვეთის შემცირებას.



პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე  კი აცხადებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა გაცილებით ნელა ვითარდება, ვიდრე საბანკო სექტორი. მიუხედავად ამისა, საბანკო სექტორი ვერ განვითარდა ისე, რომ ქვეყანაში საფონდო სისტემა გვქონოდა. მაისურაძე განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსში შესული ეს კონკრეტული ცვლილება გაკეთდა იმისთვის, რათა საბანკო სექტორი კიდევ უფრო მეტად დაინტერესებულიყო ფასიანი ქაღალდების ბაზრით.


„ეს გაზრდის ნდობას, საქართველოში ინვესტიციები უფრო მეტად წამოვა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ის მოგება, რომელიც კომპანიის აქციონერებმა ჯიბეში უნდა ჩაიდონ, ახლა რეინვესტირებაში დააბანდონ. ამან შეიძლება კრედიტები გააიაფოს, შემოვიდეს უფრო იაფი ფული.  მოგება, რომელიც შეიძლებოდა განაწილებულიყო პირად ინტერესებში, ეს მოემსახურება საფონდო სისტემის განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ქვეყანაში არ შემოვიტანეთ ფასიანი ქაღალდების სისტემა, თუ ქვეყანაში არ დაიწყო ამიერკავკასიის მასშტაბით  ფასიანი ქაღალდების გაყიდვა და ბირჟა არ შეიქმნა, ჩვენ ამ მნიშვნელოვან სექტორში სერიოზული წარუმატებლობა გვექნება“-აცხადებს მაისურაძე.


„კომერსანტის“ კითხვაზე, რატომ ვრცელდება ცვლილება 2012 წლის 1 იანვრიდან შესულ ვალდებულებებზე, მაისურაძეს პასუხი არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ  პარლამენტში მისი განხილვისას ამ ჩანაწერზე დამაჯერებელი არგუმენტები იყო წარმოდგენილი.


საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი, აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია ბიდიოს-მმართველი პარტნიორი  ზურაბ ლალაზაშვილი  განმარტავს, რომ ეს ცვლილება გამოიწვია იმან, რომ ბოლო პერიოდში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მსხვილმა კომპანიებმა გადაწყვიტეს, რომ საკუთარი აქციები საფონდო ბირჟაზე გაეტანათ. ბირჟაზე გასვლას კი ძალიან  ბევრი დანახარჯი ახლავს თან. ხშირ შემთხვევაში კი ეს დანახარჯები შეიძლება იყოს  აღქმული, რომ ეს არის არა კომპანიის, არამედ, აქციონერების დანახარჯი.



ლალაზაშვილი აცხადებს, რომ   ცვლილება  დასახელებული სამი დიდი კომპანიის  მოთხოვნამ განაპირობა. „ ეს სამი კომპანია იყო დაინტერესებული მხარე, რომ აღნიშნული ცვლილება შესულიყო. თუმცა, აუცილებელია გავითვალისწინოთ ის პოტენციური კომპანიები, რომლებზეც შეიძლება სამომავლოდ ეს კანონი გავრცელდეს“-აცხადებს ლალაზაშვილი.


მისივე თქმით, იმ კომპანიების შემთხვევაში, რომლებმაც საფონდო ბირჟაზე გასასვლელად  2012 წლიდან დანახარჯები გაზარდეს, მოხდება ამ ხარჯების კორექტორება, დეკლარაციებში მისი დაზუსტება, რის შემდეგაც, ამ კომპანიას საგადასახადო ბარათზე ზედმეტობა გაუჩნდება.

 

პარლამენტში ქართული საბანკო სექტორის ძლიერ ლობზე საუბრობს „კომერსანტთან“ ინტერვიუში ეკონომისტი თემურ ბასილია.


„როცა საუბარია უცხოურ  მფლობელებზე, ამ შემთხვევაში მათი ლობისტური მდგომარეობა გაცილებით ძლიერია. ამ ბანკების დამფუძნებელ მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებს შეუძლიათ პირდაპირ მთავრობასთან აწარმოონ მოლაპარაკებები, მათ შორის თავიანთ კომერციულ ინტერესებზე. მთავრობა კი იძულებულია და ვალდებულიცაა, გაითვალისწინოს მათი ინტერესები, ანუ შეუნარჩუნოს მათ ის მონოპოლიური და სასათბურე მდგომარეობა, რომელიც შეუქმნეს რამდენიმე წლის წინ,“– აცხადებს ბასილია.


იურისტი ლევან ალაფიშვილის აზრით კი, ქვეყნის გარეთ კომპანიის გასვლას, მითუმეტეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე, დიდი გავლენა აქვს ეკონომიკაზე. გარდა ფინანსურისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისადმი ნდობის ზრდის თვალსაზრისით, ქვეყნის როგორც საინვესტიციო გარემოსადმი და ასე შემდეგ. მისი თქმით, ამას ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტი აქვს, და შეღავათის ქვეშ მოქცეული თანხები ამით კომპენსირდება. მისი თქმით, ანალოგიური შესაძლებელია ქვეყნის შიგნითაც მოხდეს, თუ განვითარდება ქვეყნის საფონდო ბაზარი, შესაძლოა ეს რეგულაცია ადგილობრივი კომპანიების მიმართაც განხორციელდეს. „საფონდო ბაზრის განვითარება არის ის გამოწვევა, რომელიც ძალიან დიდი ხანია დგას და რომელიც ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ“-აცხადებს ალაფიშვილი.



ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up