რა ელის მსოფლიო ეკონომიკას მომავალ ათწლეულში – პროგნოზი

რა ელის მსოფლიო ეკონომიკას მომავალ ათწლეულში – პროგნოზი

access_time2020-01-12 20:00:31

2010-იან წლებში მსოფლიო ეკონომიკის ზრდა შენელდა. 2000-იან წლებში ეს მაჩვენებელი 5%-ს აღემატებოდა, 2012 წლიდან კი 4%-ზე მეტი არასდროს ყოფილა. 2019 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდამ (2008-2009 წლების გლობალური კრიზისის შემდეგ პირველად) 3%-ი შეადგინა. ზრდის ტემპი ნელი იყო როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ეკონომიკისთვის. ამ ყველაფრის ფონზე რამდენიმე ქვეყანამ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი მაინც შეინარჩუნა. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდე ყველასთვის რთულ დროს.

 

რა კრიტერიუმებით შეირჩნენ ეს ქვეყნები?

ერთადერთი კრიტერიუმი იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში (2010-2019 წლები) ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. სწორედ ეს მაჩვენებელი ასახავს ეკონომიკის მთლიან ფაქტორულ პროდუქტიულობასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ამ ჩამონათვალში მოხვედრილი ქვეყნები (ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდის მიხედვით) ლიდერი ქვეყნების ოცეულში შედიან.

 

ეთიოპია – ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 193%-ი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ეთიოპია, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდის მიხედვით, აბსოლუტური ლიდერი გახდა. 2000-იანი წლებიდან ქვეყნის ეკონომიკამ ზრდა უკიდურესად დაბალი პოზიციიდან დაიწყო. ამ დროს ეთიოპია წარუმატებელი სოციალისტური ექსპერიმენტის, ათწლიანი სამოქალაქო ომისა და ერითრეის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ძალების აღდგენას ცდილობდა. ხელისუფლებამ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და აფრიკის ღარიბ ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულებით იხელმძღვანელა. მთავრობამ მიღებული თანხით გზების, საავადმყოფოებისა და სკოლების მშენებლობა დაიწყო, აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურის სხვა სფეროების მოწესრიგებაზეც. ამავე პრინციპით იხელმძღვანელეს სხვა აფრიკულმა ქვეყნებმაც, მაგრამ მათ კერძო ბიზნესის განვითარება დაიწყეს, ეთიოპიაში კი პრიორიტეტი სახელმწიფო ინვესტიციებს მიენიჭა. ამის შედეგი იყო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდის მაღალი ტემპი, ძლიერი ინფლაცია და სახელმწიფო ვალის საგანგაშო ნიშნული. ამ ყველაფრის პარალელურად კი, კერძო ბიზნესის ზრდა მაღალი გადასახადებით ფერხდებოდა.

 

ქვეყანა ვალების კრიზისში რომ არ აღმოჩენილიყო და ადგილობრივი ვალუტის კურსი შეენარჩუნებულიყო, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2019 წლის დეკემბერში ეთიოპიას 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სწრაფი კრედიტი მისცა. სანაცვლოდ კი ეთიოპიის ხელისუფლებამ ეკონომიკაში თავისი წილი შეამცირა და ბიზნეს-კლიმატი გააუმჯობესა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტთა აზრით, უახლოეს მომავალში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის სწრაფი ტემპი შენარჩუნდება, თუმცა თუ რეფორმები არ გატარდება, ამან შეიძლება კრიზისი გამოიწვიოს. მიუხედავად მიღწეული ტემპისა, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, აფრიკული ქვეყების უმრავლესობასთან შედარებით, ეთიოპიაში მაინც დაბალია.

 

ჩინეთი – ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდა 180%-ი

ეკონომიკის ზრდის მიხედვით, ერთ-ერთ ლიდერად ისევ ჩინეთი რჩება. მას მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკის პრეტენზია უკვე აქვს, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მიხედვით რუსეთსაც  კი ჩამორჩება (მაგრამ ეს სხვაობა სწრაფად მცირდება).

 

2000-იან წლებში ჩინეთი ძირითადად წარმოებაზე იყო ორიენტირებული. ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალას ურბანიზაცია და უცხოური ინვესტიციები წარმოადგენდა. ქვეყნის მოსახლეობა ღარიბი სოფლებიდან გადასახლდა ქალაქში, სადაც ფაბრიკები იხსნებოდა. ისინი უცხოურ კომპანიებისთვის მუშაობდნენ. ჩინეთის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგი იყო მოსახლეობის კეთილდღეობის და შესაბამისად, შიდა მოთხოვნის ზრდა. 2010-იან წლებში ქვეყნის ხელისუფლება სწორედ ამ უკანასკნელზე ორიენტირებას შეეცადა. ამისათვის სახელმწიფომ დაავალდებულა უცხოური კომპანიები, ჩინურ ორგანიზაციებთან ერთობლივი საწარმოები შეექმნათ. ამ ინიციატივის მიზანი იყო ის, რომ ქვეყანას ტექნოლოგიებზე წვდომა მიეღო და მხოლოდ მზა დეტალებისგან საექსპორტო საქონლის შექმნით არ დაკმაყოფილებულიყო. ჩინეთის ხელისუფლებამ გარკვეული ინვესტიციები მეცნიერებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაშიც ჩადო. შემუშავდა პროგრამა „დამზადებულია ჩინეთში – 2025“, რომლის წყალობითაც ქვეყანა ტექნოლოგიების მსოფლიო ლიდერობას უმიზნებს.

 

2008-2009 წლების კრიზისის შემდეგ, ჩინეთის ეკონომიკის განვითარება შეჩერდა, მაგრამ არც ისე ძლიერად. ქვეყანაში შეიქმნა ბევრი მიმართულება, რაც ექსპორტზე აისახა. მართალია, ტექსტილის წილი შემცირდა, სამაგიეროდ მანქანათმშენებლობისა და ელექტრონული პროდუქციის მაჩვენებელი სწრაფ ზრდას განაგრძობდა. ამასთან, ათწლეულის ბოლოს ჩინეთს დიდი პრობლემა შეექმნა. ეს აშშ-თან სავაჭრო ომითა და შესაძლოა, საკუთარი ვალების კრიზისით იყო განაპირობებული. თუმცა მომავალი ათწლეულის პროგნოზი ჩინეთისთვის რადიკალურად განსხვავებულია: ღრმა კრიზისიდან ეკონომიკის სწრაფი ზრდის გაგრძელებამდე.

 


მიანმარი, ლაოსი და კამბოჯა – ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდა 167%-ი, 164%-ი და162%-ი

ინდოჩინეთის სამი ქვეყანა „აზიური ვეფხვების“ კვალს მიჰყვება. ტაილანდსა და ვიეტნამში შრომის ანაზღაურებამ იმ დონეს მიაღწია, რომ უცხოური კომპანიებისთვის იაფფასიანი საწარმოების განთავსება (უპირველეს ყოვლისა, ტანსაცმლის წარმოება) უკვე აღარ არის შესაძლებელი. მაგალითად, ვიეტნამის ეკონომიკა ამჯერად ელექტრომოწყობილობების წარმოებაზეა ორიენტირებული. ამ მიმართულებით მას ეხმარებიან ჩინური კომპანიები, რომელთათვისაც დეტალების ჩინეთში წარმოება ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ ქსოვილისა და ტანსაცმლის დამზადებამ უფრო ღარიბ მეზობელ ქვეყნებში – ლაოსში, მიანმარსა და კამბოჯაში გადაინაცვლა.

 

ამ სამი ქვეყნიდან თითოეულს თავისი როლი აქვს. მაგალითად, მიანმარი ჩინეთსა და ტაილანდს გაზს აწვდის, ლაოსი კი – ელექტროენერგიას (მდინარე მეკონგზე აგებული ჰიდროელექტროსადგურით). თუმცა მათი ეკონომიკის ზრდა სრულად არის დამოკიდებული ტექსტილის ახალ უცხოურ ფაბრიკებზე, ასევე – ზრდის ტემპის სტაბილურობაზე ჩინეთსა და ტაილანდში, რომლებიც მათი მთავარი სავაჭრო პარტნიორები და ამავდროულად, ინვესტორები არიან.

 

ბანგლადეში და ინდოეთი – ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდა 166%-ი და162%-ი

ორ მეზობელ ქვეყანას ეკონომიკური ზრდის თითქმის ერთნაირი ტემპი აქვს, თუმცა მათი სამომავლო პროგნოზები განსხვავებულია. 21-ე საუკუნის დასაწყისში ინდოეთი ამ მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი იყო და მასზე მსოფლიო ფინანსური კრიზისი თითქმის არ მოქმედებდა. თუმცა ახალი ათლწეულისთვის ქვეყანა წინაკრიზისულ მდგომარეობას უახლოვდება. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ზრდის ტემპის მთავარი მამოძრავებელი კომპონენტები – შიდა მოთხოვნა და კერძო ინვესტიციები უკვე ჩავარდნილია. ამავდროულად, ინდოეთში მშპ-ს მაჩვენებელი 2019 წელს, ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე დაბალი – 4,5%-ი აღმოჩნდა. შედარებისთვის, ანალოგიური ინდიკატორი ინდოეთში ერთი წლით ადრე 7%-ს შეადგენდა. ინვესტიციების ზრდას ხელს უშლის სახელმწიფო და კერძო სექტორის ვალები, რამაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საგანგაშო ნიშნულს მიაღწია.

 

ინდოეთის მეზობელ ქვეყნებში (ბანგლადეში, შრი-ლანკა, ნეპალი), რომლებიც 2010-იან წლებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდის მიხედვით ასევე ლიდერები იყვნენ, ჯერჯერობით კრიზისის ნიშნები არ არის. შესაძლოა, საქმე ის არის, რომ მათი ეკონომიკა გაცილებით მარტივად არის აგებული, ვიდრე – ინდოეთის. თუკი ეს უკანასკნელი ძირითად აქცენტს მაღალ ტექნოლოგიებზე (კომპიუტერული პროგრამები და მედიკამენტები) აკეთებდა, მისი მეზობლები სოფლის მეურნეობიდან ტექსტილის წარმოებაზე გადასვლას დაჯერდნენ.

 

რამდენიმე საუკუნის წინ, ბანგლადეში მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ დიდი ბრიტანეთის მმართველობის პერიოდში მისი ტოტალური დეინდუსტრიალიზაცია მოხდა. მხოლოდ ბოლო წლებში შეძლო მან მსოფლიო დონის „სამკერვალო სახელოსნოს“ წოდების დაბრუნება. ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ ეკონომიკის ზრდა აქ 7%-ზე მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდება, მიუხედავად იმისა, თუ რა პროცესები წარიმართება ინდოეთში.

 

მონღოლეთი – ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდა 165%-ი

2010-იან წლებში იზრდებოდა მონღოლეთის ეკონომიკაც, რომელიც სუფთა სასაქონლო ეკონომიკის არც თუ ისე ბევრ მაგალითთაგან ერთ-ერთია. მისი ექსპორტის ძირითადი საგანია სპილენძი, რომლის მომხმარებელია სწრაფად განვითარებადი ელექტრონული წარმოება დასავლეთსა და ჩინეთში. ლითონის ფასი უკვე თითქმის 15 წელია, რაც მაღალია (თუ არ ჩავთვლით 2008-2009 წლების კრიზისის დროს ვარდნას). ამასთან, მონღოლეთის ყოველი მეოთხე მცხოვრები მესაქონლეობით არის დაკავებული. ერთი შეხედვით, აქაც ზრდა შეინიშნება: 2010-იან წლებში ცხვრის რაოდენობა მრავალჯერ გაიზარდა. თუმცა სწორედ ამას შეუძლია ქვეყანაში კრიზისის გამოწვევა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მესაქონლეობის ზრდის სწრაფმა ტემპმა ნიადაგი გამოაშრო, რასაც შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფა მოჰყვეს.

 

ირლანდია – ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდა 162%-ი

ირლანდია არის ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდის მიხედვით, პირველ ათეულში მოხვდა. ამავდროულად, 2019 წლის ზრდის კოეფიციენტი 4%-ზე ოდნავ მაღალი იქნება. ანალოგიური მაჩვენებელი იყო წინა წლებშიც, გამონაკლისი მხოლოდ 2015 წელს დაფიქსირდა. ამ დროს მშპ ირლანდიაში 26,3%-ით გაიზარდა, რაც განვითარებული ეკონომიკისთვისაც კი აბსოლუტური რეკორდი იყო.

 

განათლებისა და ინფრასტრუქტურის მაღალი დონის პარალელურად, დაბალმა გადასახადებმა მიიპყრო ისეთი მსოფლიო კომპანიის ყურადღება, როგორიც არის Intel-ი. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თავისი წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი ირლანდიაში გადაეტანა. ეკონომისტების შეფასებით, ამ პიკის გათვალისწინებით, მშპ-ს ზრდა 6,5%-ს არ აღემატება. თუმცა ამ შედეგმაც კი ირლანდიას შესაძლებლობა მისცა, ზრდის ჩინურ ტემპს მიახლოებოდა.

 

საქართველო – ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდა 153%-ი

ბოლო ათწლეულში გატარებულმა რეფორმებმა საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდამდე მიიყვანა, რაც 2017 წლამდე გაგრძელდა. 2018-2019 წლებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდა 4%-ზე მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა. 2019 წელს კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი შემცირდა. სხვა სუბიექტურ თუ ობიექტურ ფაქტორებთან ერთად ეს გამოიწვია 2018 წელს ნავთობსადენის მშენებლობის დასრულებამაც, რომლის ინვესტორიც ბრიტანული BP იყო. უცხოური ინვესტორების ხუთეულის ლიდერი დიდი ბრიტანეთია. საქართველოში მთავარ მიმართულებებად ტურიზმი და სოფლის მეურნეობა რჩება.

 

ბალტიისპირეთის ქვეყნები

ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდა ლიტვაში 53%-ი, ლატვიაში150%-ი, ესტონეთში კი140%-ია. ამ მიმართულებით ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირში მხოლოდ ირლანდიას ჩამორჩებიან. აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანა რუანდაში კი მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი 151%-ია.

 

წყარო: imedinews.ge



თეგები:
ეკონომიკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up