„თხილის მწარმოებელთა ასოციაცია“ თხილის წლიური მოსავლის 50 000 ტონამდე გაზრდას გეგმავს, რაც ქვეყნას დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის შემოსავალს მოუტანს, – ამის შესახებ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი თოდუამ განაცხადა.
„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია დაახლოებით 25 000 ფერმერს აერთიანებს, ეს 30 000 ჰექტარზე მეტია. ამ ანალიზზე დაყრდნობით სპეციალური ფორმულა არსებობს როგორ შეიძლება სავარაუდო მოსავალი დავითვალოთ. აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ მოსვლის ზრდა 50 000 ტონამდეა მოსალოდნელი. ფერმერები უკვე მესამე წელია უვლიან საკუთარ მოსავალს, ანალიზები ხელმისაწვდომია, შესაწამლი აპარატებიც აქვთ. დღეს გვეშინია, რომ ამინდი არ გაუარესდეს და ქარმა თხილი არ გააფუჭოს. ამიტომ ივნის-ივლისში ბევრი საფრთხეა, მათ შორისაა ფაროსანას კუთხითაც მაგრამ, ფერმერები მზადყოფნას გამოთქვამენ რომ თხილს შეწამლავენ“, - განმარტავს გიორგი თოდუა.
გიორგი თოდუა აცხადებს, რომ წინა წლებთან შედარებით რაოდენობის გარდა თხილის ხარისხიც საგრძნობლად გაიზარდა. შესაბამისად, შესაძლებელია 2020 წელს თხილის ფასიც გაიზარდოს.
„ვინც უვლის თხილის ბაღებს მათი ხარისხი ისეთია, როგორიც არასდროს ყოფილა. საქართველოში თხილი არ გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით, ახლა კი ვინც მოუვლის და წამლობის წესებს დაიცავს, მათ კარგი შედეგები ექნებათ. ჩვენ რაოდენობასთან ერთად ხარისხის ზრდასაც ველოდებით. შეიძლება იმის თქმა , რომ საკმაოდ კარგი ფასი იქნება თხილის მწარმოებლებისთვის. წინა წელსაც არ იყო ცუდი, საშუალოდ 7, 8, 9 ლარი იყო. რთულია რამის პროგნოზირება, მაგრამ წელსაც ველოდებით, რომ კარგი ფასი იქნება. გამომდინარე იქედან, რომ თურქეთში შემცირდა რაოდენობა, მოთხოვნა და კონკურენტუნარიანობა ქართულ თხილზე გაიზრდება“, - აცხადებს გიორგი თოდუა.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორი ყურადღებას ფარსონასთან ბრძოლით მიღებულ ეფექტურ შედეგზე ამახვილებს ყურადღებას.
„ჩვენ გვაქვს ექვსჯერადი წამლობა, ფაქტობრივად, ექვსიდან ოთხი გათვალისწინებულია ფაროსანას წინააღმდეგ, სიტუაცია კონტროლირებადია. გარდა ამისა სურსათის ეროვნული სააგენტო გარე პერიმეტრებსაც წამლავს, ასევე დაყენებულია ფერომონები, გვაქვს ყველანაირი ინფორმაცია. ეს ფერმერებმა იციან, თუმცა, თუ ერთ წამლობას მაინც დააკლებ, მდგომარეობა საფრთხის შემცველი ხდება“, - განაცხადა გიორგი თოდუამ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს თურქეთში თხილის მოსავალი 15%-ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს. კლების მიზეზი ძლიერი წვიმები გახდა, შედეგად მოსავლის ნაწილი განადგურდა. შემცირებულ მოსავალს ელოდებიან იტალიასა და საფრანგეთში.
ბაჩო ადამია