ქვეყნის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერი აუდიტის სამსახურის დასკვნით მფლანგველი და არაკვალიფიციური აღმოჩნდა

ქვეყნის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერი აუდიტის სამსახურის დასკვნით მფლანგველი და არაკვალიფიციური აღმოჩნდა

access_time2019-10-07 15:20:26


 „სახელმწიფო ელექტროსისტემა “ 77 მლნ-იან ზარალზეა  —  გაზრდილ სახელფასო ფონდები, მივლინებების ხარჯები, როუმინგებში დახარჯულ რამდენიმეასეულ ათას ლარი, უნებართვო მშენებლობები და პრემიები — ფინანსური დარღვევები, რომელიც აუდიტის სამსახურმა სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიაში აღმოაჩინა,  ქვეყნის ყველაზე მაღალანაზრაურებადი ჩინოვნიკის, „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობის პერიოდს უკავშირდება.


 

  მენეჯერი, რომელიც ყოველთვიურად ანაზღაურების სახით 21 ათასს ლარს იღებდა,  მფლანგველი და არაკვალიფიციური აღმოჩნდა. აუდიტის სამსახურის დასკვნით, ზუმბურიძის მოღვაწეობის პერიოდში ( 2014-2017 წლებში) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა. 

 


 უფრო კონკრეტულად გამოვლენილი დარღვევები ასეთია: 


  • რეაბილიტაციის მმართველის ანაზღაურებამ  2017  წელს 252,481 ლარი შეადგინა

 

  • რეაბილიტაციის მმართველსა და ფინანსთა სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ შეესაბამება გადახდისუუნარობის კანონს, ვინაიდან მასში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული რეაბილიტაციის მმართველის პასუხისმგებლობის საკითხები.

 


  • ასევე მმართველის შრომის ანაზღაურების ზრდის პრაქტიკა ხასიათდება ნაკლოვანებით, რადგან გათვალისწინებულია ყოველწლიურად, უპირობოდ 10%-იანი ზრდა, რაც არ ეფუძნება გონივრულ კრიტერიუმებს. თუ 2008 წელს რეაბილიტაციის მმართველის შრომის ანაზღაურება, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, თვეში 10,312 ლარს შეადგენდა, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 252,481 ლარი შეადგინა.

 

  • 2015 და 2016 წლებში ელექტროსისტემის დაგეგმილი შემოსავლების პროცენტული ზრდა წინა წლის გეგმასთან შედარებით შეადგენდა 6.92%-სა და 9.22%-ს, ხოლო სახელფასო ფონდის ზრდა – 13.42% და 10.60%-ს.



რეაბილიტაციის გეგმასთან დაკავშირებული ხარვეზები

 

რეაბილიტაციის გეგმაში ასახული 10,819,341 ლარის ვალდებულება აღიარებულია კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად. კერძოდ, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება არ განხორციელებულა სასამართლო წესით. აღნიშნული ვალდებულებებიდან 2014-2017 წლებში გადახდილია 15,684 ლარი. ამასთანავე, რეაბილიტაციის გეგმაში წარმოდგენილია ლიკვიდირებული კომპანიებიც. ამდენად, გეგმაში მოცემული კრედიტორული დავალიანებები არ ასახავს კომპანიის რეალურ ვალდებულებებს, რაც ზრდის თანხების სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადახდის რისკს.

 

რეაბილიტაციის გეგმაში შეტანილი ცვლილებებით, ხარჯები ყოველწლიურად იზრდება უზრუნველყოფილი კრედიტორისათვის (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) სათანადო დასაბუთების წარდგენის გარეშე. 2014-2017 წლებში რეაბილიტაციის გეგმა შეიცვალა სამჯერ, რის შედეგადაც ხარჯების მუხლი გაზრდილია ჯამში 45,843,643 ლარით,1 საიდანაც 21,238,877 ლარის ზრდა (46%) დაუსაბუთებელია. შესაბამისად, შესაძლებელია გეგმაში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც რეალურად აუცილებელი არ არის რეაბილიტაციის მიზნების მისაღწევად.

 

2014-2017 წლებში კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გაუარესებულია, რაზეც სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლებიც მეტყველებს, მაგალითად: მთლიანი ვალდებულებების პროცენტული წილი მთლიან აქტივებში გაიზარდა 40%-დან 67%-მდე. აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი სუბსიდირების გარეშე, ეჭვქვეშ დგება რეაბილიტაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზნის მიღწევა ელექტროსისტემის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ელექტროსისტემის ძირითადი კრედიტორია სახელმწიფო, რომლის მიმართ ვალდებულება 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ნახევარ მილიარდ ლარზე მეტს შეადგენდა (521,117,937 ლარი).

 

2,456,635 ლარით გაზრდილი სახელფასო ფონდი

 

რეაბილიტაციის გეგმის მოთხოვნის მიუხედავად, კომპანიაში არ არის დადგენილი შრომის ანაზღაურების ოდენობები კონკრეტული თანამდებობების მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში, იდენტურ პოზიციებზე დასაქმებული პერსონალის შრომის ანაზღაურებებს შორის სხვაობა 100%-ს აჭარბებს. არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სახელფასო პოლიტიკის გამჭვირვალობას და ქმნის შრომის არასამართლიანი ანაზღაურების შესაძლებლობას. ასევე, რეაბილიტაციის გეგმასთან შეუსაბამოდ არის განსაზღვრული 2015-2016 წლების სახელფასო და საპრემიო ფონდები. კერძოდ, სახელფასო ფონდი გაზრდილია 2,456,635 ლარით, ხოლო საპრემიო ფონდი 409,439 ლარით მეტი ოდენობით;


 

2014-2017 წლებში 12 მლნ ლარზე მეტი პრემია გაცემულია კომპანიაში დამტკიცებული პრემირების წესის მოთხოვნების შეუსაბამოდ, რომელიც გულისხმობს პრემიის გაცემის შესაძლებლობას ფინანსური შედეგების (მოგების) გათვალისწინებით. რამდენადაც კომპანიის წმინდა ფინანსური შედეგები ოთხივე წლის შემთხვევაში უარყოფითია, კომპანიას აღნიშნული პრემიების გაცემის უფლება არ ჰქონდა. რაც შეეხება უშუალოდ მენეჯმენტის პრემირების წესს, რომლის განსაზღვრაც აქციონერის უფლებამოსილებაა, დამტკიცებულია კომპანიის რეაბილიტაციის მმართველის მიერ და არ არის შეთანხმებული აქციონერთან.

 

სეს-მა მივლინებებში 279, 837 ლარი ხოლო როუმინგში 227,199 ლარი დაიხარჯა

 

კომპანიის 2014-2017 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით (76,708,726 ლარის ზარალი), ფინანსთა მინისტრის მიერ დაწესებული ნორმების ზემოთ 279,837 ლარის ხარჯების გაწევა არ იყო მიზანშეწონილი. ასევე არ არის მიზანშეწონილი, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის, მმართველთა საბჭოს წევრებისა და მათი თანმხლები პირებისათვის საზღვარგარეთ მივლინების დროს საცხოვრებელი ფართის ხარჯების ულიმიტოდ გაწევა, რისი შესაძლებლობაც განსაზღვრულია ელექტროსისტემის ბრძანებით.

 

კომპანია ანაზღაურებს თანამშრომელთა მივლინების ადგილზე ტრანსპორტის დაქირავების და როუმინგის ხარჯებს. 2014-2017 წლებში როუმინგული მომსახურებისათვის ელექტროსისტემის მიერ გაწეული ხარჯი შეადგენს 227,199 ლარს. მათ შორის, მხოლოდ რეაბილიტაციის მმართველის როუმინგული მომსახურებისთვის ელექტროსისტემამ გადაიხადა 156,738 ლარი. ყურადღებას იქცევს 2014 წლის აგვისტოში რეაბილიტაციის მმართველის როუმინგულ მომსახურებაში, ხუთ დღეში გადახდილი 29,254 ლარი, რაც შეუსაბამოდ მაღალ, არაგონივრულ ხარჯს წარმოადგენს.

 

ღონისძიებებზე, საჩუქრებსა და სუვენირებზე დახარჯული 800 000 ლარი

 

რეაბილიტაციის გეგმის ცვლილებებით 2014-2017 წლებში დაუსაბუთებლად არის გაზრდილი წარმომადგენლობითი ხარჯები 550,727 ლარით. 2014-2017 წლებისთვის დაგეგმილი იყო 203,977 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევა. გეგმაში შეტანილი ცვლილებებით წარმომადგენლობითი ხარჯები გაიზარდა 550,727 ლარით და შეადგინა 754,704 ლარი, ხოლო ამავე წლებში ფაქტობრივად დაიხარჯა 1,421,679 ლარი, რაც 666,975 ლარით აღემატება შესაბამის პერიოდებში დაზუსტებულ გეგმურ მონაცემებს.

 

წარმომადგენლობითი ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი, 800,000 ლარზე მეტი, დახარჯულია ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის დაწყება-დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებებზე და სხვადასხვა სახის საჩუქრებსა და სუვენირებზე, რაც რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი კომპანიისთვის არაეკონომიური დანახარჯებია;

 

25-ჯერ დაკისრებული ჯარიმა უნებართვო მშენებლობებისთვის

 

2014-2017 წლებში ელექტროსისტემის მიერ ცალკეულ შემთხვევებში სამშენებლო სამუშაობი დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გარეშე, რისთვისაც აუდიტის პერიოდში დაჯარიმებულია 25-ჯერ, ჯამში 69,400 ლარით, საიდანაც 40,100 ლარი წარმოადგენს განმეორებითი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებულ ჯარიმას. აღნიშნული ცხადყოფს, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას კანონმდებლობით გათვალისწინებული დაჯარიმების საფუძვლების აღმოფხვრა ელექტროსისტემისთვის არ არის იმდენად პრიორიტეტული, რამდენადაც უნდა იყოს ასეთ სამუშაოებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკების გამო.


ელექტროსისტემის მიერ 2014-2015 წლებში „ჯვარი-ხორგისა“ და „ქსანი-სტეფანწმინდის“ გადამცემი ხაზების პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, გადამცემი ხაზების მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2016 („ჯვარი-ხორგა“) და 2017 წლებში („ქსანისტეფანწმინდა“), თუმცა პროექტის განხორციელების დროს წარმოქმნილმა პრობლემებმა გამოიწვია გადამცემი ხაზების მშენებლობის შეფერხება. კონტრაქტორების მოცდენის გამო ელექტროსისტემამ გადაიხადა 10,220,729 ლარის ჯარიმა.

 

აღნიშნული ჯარიმის გადახდის მთავარი მიზეზი იყო, რომ კომპანიამ ხელშეკრულებების გაფორმების დროს არ შეაფასა არსებული რისკები (განსახლების სირთულესთან დაკავშირებული რისკები).


 

სულხან ზუმბურიძე, რომელიც დღეს უკვე ელექტროსისტემის ხელმძღვანელის პოსტს აღარ იკავებს, აუდიტის დასკვნაში მოცემულ ინფორმაციას არ ეთანხმება.

 

„ეს არის აუდიტის სამსახურის ხედვა, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით. მე არ ვეთახმებოდი მაშინ და ამაზე პასუხი გავეცით. ეს რომ ერთის მხრივ ზარალიანია და მეორეს მხრივ პრემია გაიცა, არ იყო მართებული. თუ ჩათვლის რომელიმე სამსახური, რომ საჭიროა ამ საკითხებზე რეაგირება, გააკეთებს რეაგირებას და მერე იმ ფორმატში მოხდება პასუხების გაცემა“-განუცხადა რუსთავი 2-ს  ზუმბურიძემ.

 

აუდიტის დასკვანსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს სახელმწიფო ელექტროსისტემაშიც.

 

„ამჟამად კომპანიას მართავს ახალი მმართველი გუნდი, რომელიც დეტალურად ეცნობა აუდიტის შედეგებს. რაც შეეხება ზარალს, ამ წლების განმავლობაში ზარალი განპირობებული იყო კურსთაშორის სხვაობით მიღებული ხარჯებით,ხოლო პრემია იყო გათვალისიწნებული რეაბილიტაციის გეგმით. შესაბამისად დაკავშირებული იყო რეაბილიტაციის ამოცანებთან“-აცხადებს მიხეილ ლიკლიკაძე, ელექტროსისტემის ადამიანური რესურსებისა და კომუნიკაციების უფროსი.



ელექტროსისტემა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოა. კომპანიას ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები ეკუთვნის, მისი ჯამური აქტივების ღირებულება კი 1 მილიარდ ლარს შეადგენს.



მარიამ მორგოშია




„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს
access_time2019-11-14 21:45:32
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციაზე გამოსვლისას ბიზნსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ „დღეიდან ყველამ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ არსებული მდგომარეობიდან“. მინდა მოვუწოდო ჩემ ძმებს, ჩემ მეგობრებს, ბიზნესმენებს. ძმებო ასეთი ტყუილების ქვეყანა არ გამოვა, ვერც ბიზნესი გაიხარებს, ვერაფერი ვერ გაიხარებს . მე ვიცი რა მდგომარეობაში გვიწევდა შრომა და მუშაობა 30 წლის განმავლობაში. ყველა...

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...


მსგავსი სიახლეები

up