ქვეყნის განვითარების სამი მიმართულება

ქვეყნის განვითარების სამი მიმართულება

access_time2019-03-16 12:00:57

ბოლო დროს უკვე ხშირად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ საქართველოში მეინსტრიმის პოლიტიკამ საკუთარი თავი ამოწურა; ერთგვარ ჩიხში ვართ შესულები, რადგან განვითარების მკაფიო ხედვა არ გაგვაჩნია. აქ ჩამოვწერ რამდენიმე საბაზისო იდეას, რომელიც მგონია, რომ ქვეყნის განვითარების მოდელის ქვაკუთხედად უნდა იქცეს. ერთ სლოგანად რომ შევაჯამო, განვითარების სამი ვექტორი არის: დემოკრატიზაცია, მოდერნიზაცია და რეგულაცია. ცალ-ცალკე ამ სამიდან რომელიმე კომპონენტი ვერაფერს მოგვცემს, თუკი დანარჩენი ორის უგულებელყოფა მოხდა:

 

დემოკრატიზაცია - ეს გულისხმობს პირველ რიგში მმართველობით ორგანოებში სხვადასხვა კონფლიქტური ინტერესის წარმოდგენას. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მთავრობის და, განსაკუთრებით, ძალოვანების თვითნებობის მოსპობა. დემოკრატიზაცია პირველ რიგში, სამართლიანობის გარანტიაა. აქამდე არსებული თითქმის ყველა უსამართლობა იმით იყო განპირობებული, რომ მმართველი კლანი თავის თავს ვერ დასჯიდა. ამის გამოსწორება მხოლოდ ინტერესთა სიმრავლით არის შესაძლებელი. როგორც ყველანი ვხედავთ, დღევანდელი პარლამენტი ბევრად უფრო აქტიურად მსჯელობს კრიტიკულ თემებზე, ვიდრე ათი წლის წინანდელი პარლამენტი მსჯელობდა და ეს უპირველესად იმის დამსახურებაა, რომ ახლა უფრო აქტიურად ისმის ოპოზიციის ხმა. ცხადია, ეს არცერთ შემთხვევაში არ არის საკმარისი დემოკრატიისთვის, რადგან ხელისუფლებას არ აქვს ნება, კანონიერად გაუნაწილოს ძალაუფლება სხვა პოლიტიკურ ძალებს, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებშია. ამასთან, ქვეყანაში არ არსებობს ძლიერი ოპოზიცია, რომელიც დემოკრატიულ რეფორმებზეც იქნება ორიენტირებული („ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მისი ლიდერისთვის, სამწუხაროდ, დემოკრატია მთავარ ღირებულებას არ წარმოადგენს). ხელისუფლება საკუთარი დარღვევების გამართლებას მუდმივად ძველი მთავრობის გადაცდომების და ავტორიტარული მმართველობის სტილის გახსენებით ცდილობს. იმისათვის, რომ ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ, საჭიროა, განვითარდეს ძლიერი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც რეალურად დემოკრატიულ რეფორმებზე იქნებიან ორიენტირებულნი და ახალი ნახევრად ავტორიტარული მმართველობის დამყარებას არ შეეეცდებიან. „ქართული ოცნებაც“, როდესაც ის დემოკრატიული გზით ხელისუფლებას დაკარგავს (და ეს აუცილებლად მოხდება, რადგან დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიმე პარტია განუსაზღვრელი ვადით ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს), საუკეთესო შემთხვევაში, ასეთი სისტემის ნაწილი უნდა გახდეს;

 

მოდერნიზაცია - პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა, როგორც მოგეხსენებათ, მასშტაბური დეინდუსტრიალიზაცია, ანუ მრეწველობის დაშლისა და განადგურების ეტაპი გაიარეს. შედეგად, საქართველოში მრეწველობის თითქმის არც ერთი დარგი გლობალურ ბაზარზე კონკურენტული არ არის. ვითარებას ყველაზე მეტად ის ართულებს, რომ ჩვენთან გეოგრაფიულად ახლოს მდებარეობენ ჩვენზე ინდუსტრიულად უფრო განვითარებული დიდი ქვეყნები: თურქეთი, რუსეთი, ირანი. ამ ქვეყნებთან თანაბარ პირობებში კონკურენცია, ცხადია, განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ბოლო ხანებში, საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება დადო ჩინეთთან - ქვეყანასთან, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტ ინდუსტრიულ პროდუქციას აწარმოებს. ცხადია საქართველო მით უმეტეს ვერც ჩინეთთან შეძლებს თანაბარ პირობებში კონკურენციას (ჩინური ინდუსტრიის გარკვეულ დარგებთან კონკურენცია ისეთი ქვეყნისთვისაც კი სირთულეს წარმოადგენს, როგორიც აშშ-ა) და ვერც ევროკავშირთან, რომლის ინდუსტრიულ ლიდერსაც გერმანია წარმოადგენს. საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის, რომელიც ასე მჭიდროდ არის დაკავშირებული გლობალურ ბაზართან, ერთადერთი გამოსავალი ეკონომიკის ყველა დარგის, მათ შორის ინდუსტრიის, მოდერნიზაცია და ისეთი ნიშური პროდუქციისა და სერვისების შეთავაზებაა გლობალური ბაზრისთვის, რომლებიც დიდი ინდუსტრიული ქვეყნების საჭიროებებს შეესაბამება. ამის განხორციელებას ჩვენნაირი პატარა ქვეყნები სხვადასხვა გზებით ახერხებენ: მაგალითად, ესტონეთი აქცენტს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე აკეთებს, ხორვატია - ტურიზმსა და გემთმშენებლობაზე, სლოვენია - მსუბუქი მრეწველობის განვითარებაზე, სლოვაკეთი - მანქანათმშენებლობაზე (უცხოური მეგაკორპორაციების ადგილობრივი ფილიალების წყალობით), ირლანდია - მაღალ ტექნოლოგიებზე (ეს ქვეყანა მსხვილი ამერიკული კორპორაციების მთავარი ბაზაა ევროკავშირში) და ა.შ. ის ქვეყნები, რომლებსაც საკუთარი ინდუსტრია არ გააჩნიათ და მხოლოდ მოხმარებაზე არიან ორიენტირებული, ყველაზე მძიმედ იტანენ გლობალური ბაზრის კრიზისებს. საქართველომ უნდა იპოვნოს ასეთივე ნიშური ინდუსტრიები (გარდა ტურიზმისა, რომელიც უკვე ისედაც ცხადია, რომ ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია). ამისათვის საჭიროა ყველა დამხმარე დარგის, განსაკუთრებით კი საშუალო განათლების, მოდერნიზაცია. ნებისმიერი მცირე შეცდომა, რომელსაც ახლა დავუშვებთ განათლების სფეროში, დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის განვითარებას. ამასთან, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ეკონომიკის მოდერნიზაციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მერიტოკრატიული და არა ნეპოტისტური ან პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებული საშუალო რგოლის ბიუროკრატიის ჩამოყალიბებაა. ჯერჯერობით, ყველა ამ მიზნის განხორციელებისგან ძალიან შორს ვართ;

 


რეგულაცია - იმისათვის, რომ პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციამ და ეკონომიკის მოდერნიზაციამ წარმატებით იმუშაოს და სიღარიბე აღმოიფხვრას, საჭიროა, რომ საბაზრო ურთიერთობები გარკვეულ რეგულაციურ ჩარჩოში მოექცეს. ჩვენთვის მისაბაძი მაგალითები ამ აზრით უნდა გახდნენ ევროკავშირის ქვეყნები, სადაც განვითარება აუცილებლად გულისხმობს ღარიბებზე და უმუშევრებზე ზრუნვას, დასაქმებულების დაცვას, გარემოს დაცვასა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობას. ზოგიერთ ინდუსტრიალიზებულ ქვეყანაში, მაგალითად, იაპონიაში, დასაქმებულები თვეში 80 საათით მეტს მუშაობენ, ვიდრე ევალებათ. ზედმეტი საათები ზოგჯერ ფატალური შედეგითაც კი მთავრდება; უფრო ხშირად კი ეს ადამიანების პირად ცხოვრებასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. ამის გამო, ახლახან იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დამსაქმებლები და დასაქმებულები დაავალდებულოს, რომ მუშაობისა და დასვენების ბალანსი დაიცვან. ზოგიერთი ინდუსტრიალიზებული ქვეყანა, მაგალითად, სინგაპური, ისეთი გზით განვითარდა, რომ ამ საზოგადოებაში სიმდიდრე და შემოსავლები უკიდურესად უთანასწოროდ განაწილდა. სინგაპური, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა მსოფლიოში, ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე უთანასწოროც არის. ამ ქვეყანაში 2012-დან 2015 წლამდე მოსახლეობის 43.45% იღებდა სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას. ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ სინგაპურში პროგრესული საგადასახადო სისტემაა - 20 000 დოლარზე ნაკლები წლიური შემოსავალი ვისაც აქვს, ისინი გადასახადებს არ იხდიან. არასწორი განვითარების კიდევ ერთი მაგალითია ჩინეთი - ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ქვეყანა მსოფლიოში. 2013 წელს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჰაერში საშიში ნივთიერების კონცენტრაცია 40-ჯერ მაღალი იყო დასაშვებ ზღვარზე. 2014 წელს ჩინეთის დიდი ქალაქების 60%-ში სასმელი წყალი დაბინძურებული იყო. ერთი პერიოდი ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ 2014 წლის 4 მარტს ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი კეციანმა შემდეგი საჯარო განცხადება გააკეთა: „ჩვენ გამოვუცხადებთ ომს გარემოს დაბინძურებას, როგორც გამოვუცხადეთ ომი სიღარიბეს.“ სპეციალისტების დასკვნით, ოთხი წლის შემდეგ ამ კუთხით ვითარება ჩინეთში საგრძნობლად არის გამოსწორებული. დღესდღეობით, ჩინეთის მთავრობას აქვს ამბიციური პროგრამა ელექტრომანქანების გამოშვებისა და მოხმარების ხელშეწყობისთვის. ჩინეთის ლიდერების ამბიციაა, რომ 2025 წლისთვის ყოველწლიულად გაყიდული მანქანების 20% ელექტრომანქანა იყოს. ერთი სიტყვით, უკვე ასეთი ქვეყნების ავტორიტარული მთავრობებიც კი იაზრებენ იმას, რომ იმისათვის, რომ ეკონომიკის მოდერნიზაციამ ხელშესახები შედეგები მოიტანოს მოსახლეობისთვის, საჭიროა საბაზო ეკონომიკაზე შესაბამისი რეგულაციური ჩარჩოს დაწესება. ამის გარეშე, ეკონომიკურ განვითარება გარემოსა და ადამიანს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

 

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, განვითარების ეს სამი ვექტორი იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ რომელიმეს უგულებელყოფა ადამიანების კეთილდღეობას აუცილებლად შეამცირებს. ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება იცხოვრონ სამართლიან, მატერიალურად უზრუნველყოფილ, თანასწორ და ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში. განვითარება კომპლექსური ამოცანაა და ის არ დაიყვანება არც მხოლოდ პოლიტიკური სისტემის, არც მხოლოდ ეკონომიკის და არც მხოლოდ სოციალური სისტემის გაუმჯობესებაზე. ასეთ ფუნდამენტურ თემებზე საზოგადოებრივ კონსენსუსს თუ ვერ მივაღწევთ, ჩვენი ქვეყნის „განვითარებაც“ ქაოტური, ცალმხრივი და საზოგადოებისთვის ზიანის მომტანი იქნება. ჯერჯერობით, თუ პოლიტიკურ ველში რადიკალური ცვლილებები არ მოხდება, ასეთი მცდარი განვითარების გზას ვადგავართ.


გიორგი ცხადაია

„რადიო თავისუფლება“





სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს
access_time2019-09-22 14:00:36
სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ...

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ
access_time2019-09-22 12:00:49
Forbes-ის რეიტინგში „50 ქალი ტექნოლოგიურ სფეროში“  ისეთ კატეგორიების გვერდით, როგორიცაა „კომპანიების შემქნელები“, „მაგნატები“, და „ინოვატორები“, არის კატეგორია „მებრძოლები“ - სწორედ იქ არის მონიშნული 51 წლის დანიელი პოლიტიკოსი მარგრეტე ვესტაგერი.   ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევროკომისარი - ამის მიზეზია მის მიერ ინიცირებული სკანდალური გამოძიებები ტექნოლოგიური გიგანტების წინაამღდეგ. ისეთების, როგორიც არის Google, Apple და Facebook – და მათთვის უზარმაზარი...

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“
access_time2019-09-22 10:00:56
„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,რომ რეგულაციები არ გვჭირდება,“ - განაცხადა რადიო კომერსანტზე გადაცემაში „პროფესიონალები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა.  მანვე NDI-ს კვლევის ეკონომიკური ნაწილიც მიმოიხილა. მისი თქმით, კვლევის შედეგები ლოგიკურია და ასახავს მოსახლეობის დღევანდელ რეალობას. „ საქსტატის მიხედვით, საშუალო ხელფასად 1200 ლარია მიჩნეული, თუმცა ეს ციფრი არ...

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...


მსგავსი სიახლეები

up