„ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო გაყიდვები 20% არის შემცირებული“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პროდუქტზე მოთხოვნა იმის გამო შემცირდა, რომ გაყიდვის ობიექტებმა მუშობა გააჩერეს, როგორც ხუნძაკიშვილი აცხადებს ჰორეკას სეგმენტი პრაქტიკულად განულდა. „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ამბობს, რომ იმის შემდეგ, რაც რეკომენდაციები იქნა მიღებული, თანამშრომლების დაახლოებით 40% დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანეს, დატოვეს მხოლოდ ქარხანა, სადაც მისი განმარტებით, მუშაობა წესის სრული დაცვით მიმდინარეობს.
„წარმოება არ შეწყვეტილა პირიქით, ჩვენ ვცდილობთ, რომ პროდუქტი ბაზარს მივაწოდოთ. თუმცა, ჰორეკას სექტორში, ტურიზმის ჩავარდნამ ბაზრის შემცირება გამოიწვია. ერთადერთი მაღაზიები დარჩა, სადაც ნატახტარის პროდუქცია იყიდება. შესაბამისად, გაყიდვებმა პროპორციულად დაიწია. ლიმონათი და ლუდი არ არის პირველადი მოხმარების საგანი, ფოკუსი სხვა პროდუქტებზეა გადატანილი.თუმცა, კატასტროფული ვარდნა არ ყოფილა. ჩვენს ინდუსტრიაში სხვა კომპანიების გაყიდვები შეიძლება უფრო მეტად არის შემცირებული იმ თვალსაზრისით, რომ ზოგიერთ კომპანიაში გაყიდვების უფრო მეტი პროცენტული წილი ჰორეკას ჰქონდა. ჩვენ თავიდანვე დივერსიფიცირებულები ვიყავით და გაყიდვების კუთხით ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე აქცენტი არ გვქონდა. პრაქტიკულად ეს სწორი სტრატეგია იყო“,- განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
ბაჩო ადამია