„ქვეყანაში პროფესიონალი კადრების დიდი დეფიციტია, დღითიდღე რთულდება მშენებლობის დარგში კარგი სპეციალისტების პოვნა“, - ამ მიზეზით ხნის დეველოპერული კომპანია GDG- ის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე მშენებლობის დარგში დაქირავებული დასაქმებულების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 13.9%-იან ზრდას.
„საქართველოში პროფესიონალი კადრების პოვნა დიდი სირთულეა, ეს არის დურგალი, ეს არის შემდუღებელი, ეს არის აგურისა და ბლოკის კარგი მწყობელები, თუ ეს არის თუნდაც მლესავი. ბაზარზე არ არიან კარგი სპეციალისტები, ვინც არის მათი რაოდენობა ძალიან მცირეა. აქედან გამომდინარე ,ფასები იზრდება. ყველას თითქოს დიპლომი აქვს ჯიბეში და ამ დროს არავინ არაფერი იცის, მუშებთან დაკავშირებით საერთოდ კატასტროფა ხდება. 3 თვე ველოდები ადამიანს, რომელიც ქართული აგურის მწყობელია, 1 კვ.მ. ღირს 40 ლარი, თქვენ წარმოგიდგენიათ რა თანხაზეა საუბარი? რა თქმა უნდა ამის გათვალისწინებით ხელფასი გაიზრდებოდა. ახლა აანონსებენ, რომ ყველა მუშამ უნდა წარმოადგინოს სერთიფიკატი, ეს საერთოდ კატასტროფა იქნება და კიდევ უფრო გააძვირებს მომსახურებას იმიტომ, რომ ქვეყანაში პროფესიული ტექნიკური სასწავლებელი არ არსებობს“,- განმარტავს ბეჟან წაქაძე.
მშენებლობის დარგში დაქირავებული დასაქმებულების ხელფასი რომ გაიზარდა ადასტურებს დეველოპერული კომპანია ბინადარის „დამფუძნებელი“ გოგა ტალახაძე. ბეჟან წაქაძისგან განსხვავებით ტალახაძე გაზრდილი ხელფასის მიზეზად ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს.
„ჩემს კომპანიაში ხელფასი ნამდვილად გაიზარდა, ამის მიზეზი არის ვალუტის კურსი და ინფლაცია. მაგალითად, ვისაც ჰქონდა ხელფასი 1000 ლარი დღეს აქვს 1100 ლარი. ამას დაემატა სავალდებულო დაზღვევის გადასახადი რამაც ხელფასი დაახლოებით 2 პროცენტით გაზარდა“, - აცხადებს გოგა ტალახაძე.
შეგახსენებთ, რომ მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 3.6 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 13.9 პროცენტიანი მატებით, რამაც 3.63 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიან ინდექსზე.
წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 0.9 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.8 პროცენტიანი ზრდით, რაც 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
ბაჩო ადამია