საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საწარმოთა საქმიანობის შედეგების მიხედვით, რომელიც 2022 წლის III კვარტალის მაჩვენებლებს ასახავს, აღნიშნულია, რომ დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 35.3 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 683.1 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 3 579.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.7 პროცენტით მეტი).
2022 წლის III კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 714.2 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 258.7 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 317.7 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 174.2 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: ⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 794.4 ლარი ⦁ საშუალო ბიზნესი – 1 955.2 ლარი ⦁ მცირე ბიზნესი – 1 420.4 ლარი.
2022 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 38.5 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 28.6 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 9.5 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 6.3 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.2 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 2.5 პროცენტიანი წილით, ხოლო 9.5 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.
2022 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (22.7 პროცენტი) და ვაჭრობა (19.4 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (17.1 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.4 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 31.5 პროცენტიანი წილი უჭირავს.
2022 წლის III კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 27.9, 12.7 და 10.1 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის აგრეთვე მშენებლობის (8.6 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაციის (5.5 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.2 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.