ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?

access_time2019-08-17 20:00:57

რუსეთის მიერ ქვეშეთი-კობის ჩქაროსნული მაგისტრალის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, სამხედრო საფრთხეზე მეტად, ეკონომიკური მიზნები და შედეგები საჭიროებს გათვლას. ასეთია უსაფრთხოების საკითხებში ქართველი ექსპერტების ნაწილის მოსაზრება.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ ქვეშეთი-კობის მაგისტრალი პირველ რიგში რუსეთისა და სომხეთის სტრატეგიულ და კომერციულ ინტერესებს პასუხობს და აზიის განვითარების ბანკში პროექტს სწორედ ეს სახელმწიფოები ლობირებდნენ.

„ეს პროექტი აუმჯობესებს რუსეთისა და სომხეთის სავაჭრო თუ სამხედრო დანიშნულების სატრანსპორტო კომუნიკაციას. საკმაოდ დიდი სესხი კი საქართველომ უნდა აიღოს და ჩვენმა მოსახლეობამ შემდგომი 20 წლის განმავლობაში ის იხადოს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, თუ რამდენად მომგებიანია პროექტი საქართველოსთვის. გარდა ამისა,

უცნობია, უსაფრთხოების რა მექანიზმებია გათვალისწინებული იმ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელსაც საქართველოზე თავდაუსხმელობის ხელშეკრულებაზე ხელი დღესაც არ აქვს მოწერილი, რომლის მიზანია, საქართველო სრულად დაიპყროს, ქვეყანა გახადოს ჩვეულებრივი დერეფანი მის მოკავშირეებთან და დააკარგინოს გეოპოლიტიკური ფუნქცია.

ამიტომ ნებისმიერი კომუნიკაცია, რომელიც შენდება ასეთი ქვეყნის მიმართულებით, აჩენს კითხვებს, თუ ვისთვის აკეთებს ამას დღევანდელი ხელისუფლება და რამდენად გამოდის ის სახელმწიფო ინტერესებიდან“, - უთხრა ვანო მაჭავარიანმა „მთის ამბებს“.

იგი ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ამჟამად სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურული საკითხები აქვს მოსაგვარებელი, ვიდრე ქვეშეთი-კობის მაგისტრალია. 

„ჩნდება კითხვა - რამდენად საჩქარო და გადაუდებელია ეს პროექტი იმ პირობებში, როცა შავი ზღვის პორტებიდან საქართველოს დანარჩენ რეგიონებთან როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო კომუნიკაციებით დაკავშირების პრობლემა გვაქვს. ასევე, არასახარბიელო მდგომარეობაა აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებებით.

რაც მთავარია - 21-ე საუკუნეში ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რეგიონული პროექტი, როგორიც არის ანაკლიის პორტი, ჩაშლის პირასაა და დღევანდელი ხელისუფლება გვესაუბრება ქვეშეთი-კობის ძალიან ძვირადღირებულ პროექტზე.

რა თქმა უნდა, დღეს ეს პროექტი საქართველოსთვის უფრო მეტი სამხედრო და გეოპოლიტიკური რისკების შემცველია, ვიდრე კომერციულად, ეკონომიკურად თუ ფინანსურად მომგებიანი. მსგავსი გეოპოლიტიკური პროექტები ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აუცილებლად ჩვენს მოკავშირეებთან - ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად უნდა დავამუშაოთ და შევათანხმოთ“, - მიაჩნია მაჭავარიანს.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე უკვე არსებულ სამხედრო საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას. ის აღნიშნავს, რომ დედაქალაქიდან 40 კილომეტრში დგას რუსული სამხედრო ძალა, რომელსაც თბილისამდე მოსასვლელად ქვეყნის მთავარი ავტობანის სახით მოკლე, მოწესრიგებული და ფართო გზა უკვე აქვს:

„ცხინვალის რეგიონში უკვე არის უდიდესი რუსული სამხედრო ობიექტები და იქ დაახლოებით 17 ათასამდე ჯარისკაცია განლაგებული.

რუსული სამხედრო ძალა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სატრანსპორტო მაგისტრალთან - მთავარ ავტობანთან ახლოს, თბილისიდან 40 კილომეტრში დგას და ამაზე მოკლე, მოწესრიგებული და ფართო გზა თბილისში შემოსასვლელად, არა მგონია, რუსეთს ჰქონდეს ან გაუჩნდეს.

დედაქალაქი ისედაც არის სამხედრო რისკის ქვეშ. აღმოსავლეთ საქართველო ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული, დასავლეთ საქართველო კი აფხაზეთში მდგარი რუსული სამხედრო ბაზის დაფარვის ზონაშია. ეს უკვე არის დიდი პრობლემა და სამხედრო გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. ამდენად, შიში, რომ ქვეშეთი-კობის გზით რუსეთის არმიას მოკლე გზა ეხსნება თბილისის ასაღებად, გადაჭარბებულად მიმაჩნია“.

გობრონიძე აღნიშნავს, რომ ქვეშეთი-კობის პროექტში სამხედროზე მეტად ეკონომიკურ საფრთხეებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. მისი თქმით, ახალი მაგისტრალი არის არამხოლოდ რუსეთ-საქართველოს, არამედ რუსეთისა და სომხეთის, რუსეთისა და ირანის დამაკავშირებელი გზა და შესაბამისად, უნდა დაისვას კითხვა - რამდენად აწყობს საქართველოს ქვეყანაში რუსულ-სომხურ-ირანული ღერძის გაძლიერება:

„ჩვენ უკვე კარგად დავინახეთ, რომ რუსეთი არ არის სანდო, საიმედო, კეთილსინდისიერი ეკონომიკური პარტნიორი. საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა დიდი შეცდომა, როცა ქვეყანა, რომელიც გვებრძვის და გვეომება, გადააქცია თითქმის მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად. ჩვენ ვნახეთ რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვა, ტურისტების რაოდენობის შემცირების მცდელობა, რამაც მთლიანობაში საქართველო დააყენა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რისკების წინაშე. ამიტომ საკითხი უნდა დავსვათ ასე: რაში სჭირდება საქართველოს დამატებითი ეკონომიკური ინტეგრაციის ბერკეტის გაჩენა რუსეთსა და საქართველოს შორის და რუსეთის ტრანსრეგიონული პროექტის მონაწილედ საქართველოს ქცევა? ეკონომიკურად რა სარგებელს და შედეგს გვაძლევს ეს ყველაფერი და რუსეთზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულს ხომ არ გაგვხდის? საგულისხმოა, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებას ვაძლიერებთ იმ ფონზე, როცა კითხვის ნიშნის ქვეშაა, საერთოდ როგორ განხორციელდება ანაკლიის პორტის პროექტი“. 

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა თეონა აქუბარდიამ კი არ გამორიცხა, რომ ახალი გზა რუსეთმა სახმედრო დანიშნულებით გამოიყენოს. 

„ნებისმიერი გზა და ინფრასტრუქტურული პროექტი, შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ტრანსპორტირებისთვის, ისე სამხედრო დანიშნულებით. ამდენად, ქვეშეთი-კობის ახალი გზაც შეიძლება, შეიცავდეს სამხედრო მიზნებით სარგებლობის საფრთხეს, მითუფრო, როდესაც გყავს ოკუპანტი მეზობელი, რომელსაც ხელი არ აუღია განზრახვაზე, საქართველო დააბრუნოს თავისი გავლენის ორბიტაზე. კითხვის ნიშნები ყოველთვის იქნება, მაგრამ ამის სრული სიზუსტით განსაზღვრა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია და ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ ახალი გზით, შესაძლოა, რუსულმა ტანკებმა ისარგებლონ“, - განუცხადა „მთის ამბებს“ თეონა აქუბარდიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ გადაწყვეტილებები უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით მიიღებოდეს:

„მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ ხდება ამ ყველაფრის განხილვა ეროვნული უსაფრთხოების პრიზმიდან. ქვეყანას არ აქვს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომელიც უნდა მოიცავდეს არამხოლოდ სამხედრო კომპონენტს, არამედ ყველა მიმართულებას. სწორედ ასეთი დოკუმენტი უნდა შეიმუშაოს მთავრობამ და ამ დოკუმენტიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები ამა თუ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, განსაზღვროს ეკონომიკური თუ უსაფრთხოების კუთხით მოსალოდნელი შედეგები და საფრთხეები“.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ მსგავსი მნიშვნელობის მაგისტრალებზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სახელმწიფომ გადაწყვეტილებები ყველა საფრთხის და შესაძლო შედეგის ანალიზის შემდეგ უნდა მიიღოს:

„ეს საკითხები უსაფრთხოების ახალშექმნილ საბჭოზე უნდა განიხილონ, მომზადდეს შესაბამისი საფრთხეების ანალიზი, მათ შორის გაითვალოს ეკონომიკური საფრთხე და სარგებელი, რაც ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია. შემდეგ კი ამ ანალიზის შესაბამისად მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. თუ ეს არ გაკეთებულა, ეს არის ძალიან ცუდი და უნდა გაკეთდეს აუცილებლად“.

რუსეთის მიერ ახალი გზის სამხედრო ტექნიკის შემოსაყვანად გამოყენებას კი ლევან ბოძაშვილი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს: „რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთმა ეს გზა შეიძლება, ტანკების გადასაადგილებლად გამოიყენოს, მაგრამ ამ აზრისგან შორს ვარ - თუ დასჭირდება, ავიაციასაც გამოიყენებს, როგორც ეს უკვე გააკეთა. რუსეთთან ურთიერთობაში მთავარ პრობლემად მიმაჩნია ის, რომ რუსეთთან ომში საკუთარ თავთან ვაგებთ ომს - პრობლემები გვაქვს შიგნით და ნაცვლად იმისა, რომ გვქონდეს ერთიანი საბრძოლო პოზიცია, საზოგადოების დიდ ნაწილში ისევ დამთმობლური განწყობაა.“

ახალი მაგისტრალის შესახებ კვლევა ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანე ალტერნატივა“.ორგანიზაციის შემუშავებულ დოკუმენტში სხვა ხასიათის საფრთხეებთან ერთად აღნიშნულია ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრება, რომ გზა შეიცავს პოლიტიკურ რისკს, რადგან რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით მძიმე სამხედრო ტრანსპორტის გადაადგილება გაადვილდება.

პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლო სამხედრო საფრთხეზე განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც. სააკაშვილის აზრით, ქვეშეთი-კობის ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის.

„ეს არის ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ, რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის. რომ არ დაგვეხია, ეს დაჯგუფება ზუსტად ისე მოაქცევდა ალყაში და ჩახოცავდა ჩვენს ჯარს, როგორც რუსებმა გააკეთეს მოგვიანებით უკრაინულ ილოვაისკში 2014 წელს. ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100 % პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სამხედრო საფრთხის კონტექსტში ახალი პროექტის განხილვა და რუსეთის საზღვრის ხსენება არასწორ ინტერპრეტირებად შეაფასა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და განაცხადა, რომ პროექტი რეგიონის და რეგიონის სტუმრების საჭიროებებს ემსახურება.

რით ასაბუთებს მთავრობა ქვეშეთი-კობის მაგისტრალის მშენებლობის აუცილებლობას

წლის ბოლომდე ქვეშეთი-კობის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დაწყება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიმდინარე კვირაში დააანონსა.

„ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში“, - განაცხადა პრემიერმა.

პროექტი ახალი, ორზოლიანი, 23 კილომეტრი სიგრძის გზის და 15 მეტრის სიგანის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. მშენებლობის დასრულების შემდეგ, 35 კმ-იანი გზა 12 კმ-ით შემცირდება. გზების დეპარტამენტის განცხადებით, ქვეშეთიდან კობში მოხვედრას, ერთი საათის ნაცვლად, 20 წუთი დასჭირდება. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახალი გზის უპირატესობებს უსვამს ხაზს: „არსებული გზა არ არის უსაფრთხო, გადატვირთული და ზვავსაშიშია. გამტარუნარიანობა არ შეესაბამება ტრანსპორტის ამჟამინდელი მოძრაობის მოცულობას. ზამთარში გზა ყოველწლიურად, საშუალოდ წელიწადში 44 დღით, იკეტება. სამგზავროდ საშიშია. ახალი გზა და ქვეშეთისა და კობის დამაკავშირებელი გვირაბი უზრუნველყოფს მზარდი საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხო გამავლობას მთელი წლის განმავლობაში.“

დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის თქმით, ახალი გზა შესაბამისობაში იქნება 80 კმ/სთ სიჩქარის გამავლობის სტანდარტებთან და ხადის ხეობის მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა სერვისით შეუფერხებელად სარგებლობის საშუალებას მისცემს: „ევროკავშირის სტანდარტით დაპროექტებული გვირაბი შეამცირებს ზვავის არსებობის რისკს ზვავსაშიშ ადგილებში. გზაზე გაიჭრება 5 გვირაბი, რომელთა მთლიანი სიგრძე დაახლოებით 11 კმ-ი იქნება. მათ შორის ყველაზე გრძელი გვირაბი 9 კმ-ის სიგრძისაა და ამიერკავკასიაში არსებულ გვირაბების შორის ყველაზე მასშტაბური იქნება. ხადის ხეობის სოფლები წელიწადში ოთხი თვის განმავლობაში ჭარბი თოვლიანობით გამოირჩევა და ხეობის მოსახლეობას ამ პერიოდში ან სოფლის დატოვება ან პირიქით, სოფლებში ჩარჩენა უწევთ. შემოვლითი გზა საშუალებას მისცემს ხადის ხეობის მოსახლეობას, შეუფერხებლად ისარგებლონ ყველა ეკონომიკური და სოციალური სერვისით მთელი წლის განმავლობაში. ქვეშეთი-კობის გზის მიმდებარე დასახლებები და ტურისტული ადგილები უსაფრთხო და საიმედო გზით ისარგებლებენ“.

პროექტის ღირებულება 558,6 მილიონი დოლარია. აზიის განვითარების ბანკმა სესხის სახით 415 მილიონი დოლარი უკვე გამოყო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი პროექტს 60 მილიონი დოლარით დააფინანსებს, დანარჩენს, 83 მილიონ დოლარს კი საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

 


„მთის ამბები“





forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა

forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა
access_time2019-09-16 19:00:49
საუდის არაბეთმა ოფიციალური დაადასტურა ნავთობმოპოვების თითქმის 6 მლნ. ბარელით შემცირება, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ქარხნებზე უპილოტო საფრები აპარატებით შეტევა განხორციელდა. შავ ოქროზე ფასების ნახტომისებრი ზრდის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-მ განაცხადა, რომ მზადაა აამოქმედოს თავისი რეზერვები. ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო შეტევა შაბათს დილით მოხვდა - პირველმა ეს ინფორმაცია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ...

ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას

 ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას
access_time2019-09-16 20:00:25
უზბეკეთმა და საქართველომ მიაგნეს შეხების წერტილს - ესაა ტრანზიტი. თბილისისთვის ეს არის ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთბრუნვის გაზრდის საშუალება, ხოლო უზბეკეთი იღებს ქართული პორტების გავლით ევროპულ ბაზრებზე გასვლის საშუალებას. ინტერესი ორმხრივია, თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ დღეისათვის არ არსებობს კავკასიურ სატრანსპორტო დერეფანზე გასატარებელი ტვირთების საკმარისი რაოდენობა. 11-13 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი...

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული
access_time2019-09-16 18:00:58
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, საერთოდ არ არის ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან...

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის
access_time2019-09-16 14:30:27
„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.   ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია,...

Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს

  Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს
access_time2019-09-16 15:40:55
რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში შესაძლოა „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს? როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ ეთერში აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინა ანაკლიის ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი —  ბრიტანული საინვეტსიციო კომპანია  Meridian capital...


მსგავსი სიახლეები

up