„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2019 წლის ნაცვლად 2020 წელს დასრულდება“, ამის შესახებ კომერსანტს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ ქუთაისის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მათი ინფორმაციით დასრულებულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის ფასადის მოპირკეთებისა და სახურავის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მწვანე გადახურივის მოწყობა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საინჟინრო კომუნიკაციებისა და შიდა ტიხრების მოწყობის სამუშაოები.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საათში 300 მგზავრს ემსახურებოდა. ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაის“ ინფორმაციით, მშენებლობის დასრულების შემდეგ დაიწყება არსებული და ახალი ტერმინალის შენობების შეერთების ფაზა,რის შემდეგაც ორივე ტერმინალი გაერთიანდება და გახდება ერთი საერთო ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვის არის მნიშვნელოვანი.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UNStudio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.
2019 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 39.79 პროცენტით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 629 618 მგზავრი – 179 201 მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.
ბაჩო ადამია